როდის ვიყიდოთ კრიპტო?

Home » ბლოგი » როდის ვიყიდოთ კრიპტო?
07/09/2023
როდის ვიყიდოთ კრიპტო?

ბოლო ხანებში, ბიტკოინთან ერთად, თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასი დაეცა. ტრენდი სტაბილური ქოინების გარდა ლამის ყველა ვალუტას შეეხო და კრიპტოთი მოვაჭრეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ასეთ დროს, ყოველთვის აქტუალური ხდება კრიპტოვალუტის შეძენისა და ინვესტირების ახალი შესაძლებლობები. ერთი შეხედვით, წარმატების ფორმულა ყველასათვის ნაცნობია –  იყიდე იაფად და გაყიდე ძვირად. თუმცა, პრაქტიკაში ამ მარტივი ინსტრუქციის განხორციელება დიდი გამოწვევაა.

 თუ ტრადიციული ინვესტიცია მარტივ პრინციპს ეფუძნება და აქციების ფასს კომპანიის გადაწყვეტილებები და წარმატებულობა განაპირობებს, კრიპტოში იგივე პრინციპს ბოლომდე ვერ დაეყრდნობი. ინვესტირებისას ბევრად მეტ გარემოებას უნდა მიაქციო ყურადღება – მუდმივად აკონტროლო ახალი ამბები, ბაზრის მონაცემები და მიიღო სწრაფი გადაწყვეტილებები. Მთავარი გამოწვევა მერყეობაა – კრიპტოვალუტების არასტაბილურობა ზოგჯერ ინვესტორებს აფრთხობს. თუმცა, სწორედ ამ არასტაბილურობამ შეიძლება მოგიტანოს ისეთი შანსი, რასაც ტრადიციული ინვესტირება ვერ შემოგთავაზებს. ასე რომ, გადავწყვიტეთ ჩამოვთვალოთ რამდენიმე გარემოება, რომლებიც კრიპტოვალუტის ყიდვისას უნდა გაითვალისწინო.

დროის ყველა მონაკვეთს თავისი მნიშვნელობა აქვს

ერთი შეხედვით უცნაურია, თუმცა, კრიპტოვალუტის ფასზე თვის, კვირისა და დღის კონკრეტული მონაკვეთიც კი მოქმედებს. Სხვადასხვა დაკვირვებებით, კრიპტო ბაზრის მოძრაობის მახასიათებლებში შესაძლებელია დროის სხვადასხვა მონაკვეთით განსაზღვრული კანონზომიერების დადგენა. მაგალითად, ბევრი მოვაჭრე დააკვირდა, რომ თვის ბოლოს თითქმის ყველა ქოინის ყიდვა უფრო ხელსაყრელია, ვიდრე თვის დასაწყისში. ეს იმით უნდა იყოს განპირობებული, რომ გადასახადებისა და სხვა ფინანსური ვალდებულებების გასასტუმრებლად, ბევრი თავის კრიპტო-ქონებას ტრადიციულ ფულზე ცვლის. მომგებიანი დღეებია კვირა საღამო და ორშაბათიც, რადგან შაბათ-კვირას ბაზარი აქტიურია, ხოლო ორშაბათიდან ვაჭრობის ახალი ციკლი შედარებით დაბალი ფასით იწყება.
ძირითადად, კრიპტო-ვაჭრობა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის სამუშაო საათებს ემთხვევა, ასე რომ, ბირჟის გახსნამდე, ქოინების შედარებით უფრო იაფად ყიდვას შეძლებ.  

აღსანიშნავია, რომ ტრენდი ყველა სასაათო სარტყელისთვის ოდნავ განსხვავებულად მუშაობს. ასე რომ, შეგიძლია თავად დააკვირდე ფასის მოძრაობას და გარკვეული დროის შემდეგ, თავად გადაწყვიტო დროის რომელ მონაკვეთში შეძლებ იყიდო სასურველი ქოინი ყველაზე იაფად.

DCA სტრატეგია

DCA იგივე Dollar-Cost Averaging გრძელვადიანი სტრატეგიაა, რომლის მიზანია შეამციროს ბაზრის მერყეობით გამოწვეული ეფექტები და მისცეს ინვესტორებს საშუალება ბაზრის განწყობებისგან დამოუკიდებლად ჩადონ ფული სასურველ აქტივებში. DCA გულისხმობს მცირე რესურსით, თუმცა განუწყვეტელ ინვესტირებას სასურველ ქოინში. ეს სტრატეგია იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ მათი აქტივების გრძელვადიანი ფასი მნიშნველოვნად გაიზრდება და ამ აღმავალ გზაზე მერყეობას გამოცდის (მაგალითად, სახელმწიფოთა საპენსიო ფონდების მექანიზმი DCA-ს მაგალითია). DCA ბიტკოინის ყიდვის უკვე კარგად ნაცადი მეთოდია. DCA-ს მეთოდით, კრიპტოს ყიდვის დრო სულ არის, ტრენდებისა და განწყობების გათვალისწინება კი საჭირო არაა. ასე რომ, თუ ემოციური ვაჭრობისგან თავის დაცვა გსურს და გჯერა საკუთარი ინვესიტიციის, ყოველკვირა ან ყოველთვე შენთვის მისაღები რაოდენობით სასურველი ქოინის ყიდვამ შესაძლოა გრძელ ვადაში მკვეთრად გაგიზარდოს ქონება.

დიაგრამები, ციკლები და ტრენდები

 Როგორც კრიპტო მოვაჭრეები ამბობენ, ტრენდი შენი მეგობარია. თუმცა, თუ ციფრებსა და დიაგრამებს არ დააკვირდები, კრიპტო-ინფლუენსერების იმედად ტრენდის ამოცნობა გაგიჭირდება. მთავარია არ წამოეგო ზედმეტად ოპტიმისტურ ან უსაფუძვლოდ პესიმისტურ ანალიზებსა და რეკლამებს და უბრალოდ სტატისტიკას ადევნო თვალი. ბაზრის მონაცემების წასაკითხად, უპირველესად, უნდა იცოდე რა არის ბულ მარკეტი, ბეარ მარკეტი და ბაზრის კონსოლიდაცია (იგივე ქრებ მარკეტი). ბულ მარკეტია როცა ბაზარი იზრდება (ამ დროს კრიპტო უნდა გაყიდო), ბეარ მარკეტია როცა ბაზარი მცირდება, ფასები ეცემა (ამ დროს კრიპტო უნდა იყიდო) ხოლო ბაზრის კონსოლიდაციად ითვლება მდგომარეობა, როცა აქტივები მკვეთრი მოძრაობის შემდეგ სტაბილურდება ან პირიქით, გრანდიოზული რყევებისთვის ემზადება.
ბაზრის ამ განწყობების ამოცნობა თვის ან რამდენიმე კვირის მონაცემებსა და გრაფებზე დაკვირვებითაა შესაძლებელი. 

ბაზრის ციკლის ფსიქოლოგია

 კიდევ ერთი საშუალება, რომლითაც შეგიძლია დაადგინო კრიპტოს ყიდვისთვის საუკეთესო დრო, არის ბაზრის სტრუქტურის ანალიზი – რაც ბაზრის წარსული მონაცემების ანალიზსა და მიღებული შედეგებით მისი მომავლის განსაზღვრას გულისხმობს. სტრუქტურის ანალიზი კომპლექსური საკითხია, თუმცა მაინც არსებობს საბაზისო დაკვირვებები, რაც ფასის დაახლოებით გათვლაში დაგეხმარება. მაგალითად, ტრადიციულად, ბაზრის ციკლი 4 მთავარ ფაზად იყოფა: აკუმულაცია, ზრდა, გადანაწილება და კლება. გარდა ამისა, არსებობს ბაზრის ციკლის ფსიქოლოგიის დიაგრამაც (რომელსაც წლებია უოლ-სტრიტ-ის “შპარგალკას” უწოდებენ). ის დაგეხმარება უკვეთ ჩაწვდე კრიპტო-ინვესტორების განწყობებს.

კიდევ ერთი მეთოდი, რაც ბაზრის მოძრაობის გაანალიზებაში დაგეხმარება, არის ამოირჩიო “ვეშაპი” – იგივე დიდძალი კრიპტო აქტივის მფლობელი კომპანია ან ინდივიდი და დააკვირდე მის ქმედებებს. ვეშაპების მიბაძვა გიკარნახებს როდის უნდა იყიდო კრიპტო. 

რა თქმა უნდა, კრიპტო-სამყარო ჯერ-ჯერობით ისევ მოუხელთებელია და მოულოდნელობებითაა სავსე. საუკეთესო დრო, კრიპტოში ინვესტირებისთვის დამოკიდებულია იმ სტრატეგიასა და ქოინზე, რომელსაც აირჩევ.

შეგახსნებეთ, რომ ბლოგი საგანმანათლებლო ხასიათისაა და ის არ წარმოადგენს რაიმე სახის ფინანსურ რჩევას

© 2020 MyCoins.ge all rights reserved