რუსეთის პარლამენტი ნავთობით გამყარებული კრიპტოვალუტის განვითარებას განიხილავს

Home » სიახლეები » რუსეთის პარლამენტი ნავთობით გამყარებული კრიპტოვალუტის განვითარებას განიხილავს
26/02/2019
რუსეთის პარლამენტი ნავთობით გამყარებული კრიპტოვალუტის განვითარებას განიხილავს

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო (რუსეთის ფედერალური კრების ქვედა პალატა) 2019 წლის მარტში ახალი კრიპტოსავალუტო რეგულაციის განხილვას აპირებს. რუსეთის ფინანსური სააგენტოს Rambler – ის მიერ 21 თებერვალს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი იგორ იუსუფოვი სახელმწიფოს ახალი კრიპტოვალუტის ნავთობით გამყარებისაკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ენერგეტიკაში განხორციელებულ ინვესტიციებზე ორიენტირებული კორპორაციის „Energia Investment” – ის ხელმძღვანელს (რომელსაც ასევე იგორ იუსუფოვი წარმოადგენს) ნავთობით გამყარებული კრიპტოვალუტის შექმნის მხარდასაჭერი ხელშესახები პერსპექტივები გააჩნია. შესაბამისად, გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნული პროექტის შესრულების საგზაო რუკა თითქმის საბოლოო საფეხურზე იმყოფება. Rambler – თან მიცემულ ინტერვიუში იუსუფოვმა განაცხადა, რომ ნავთობით გამყარებული კრიპტოსავალუტო სისტემის შემოღება ენერგეტიკულ ბაზარს საშუალებას მისცემს თავიდან აირიდოს ჩეულებრივ ვალუტებთან დაკავშირებული ტრანზაქციისა და გაცვლითი კურსის მერყეობით გამოწვეული კონვერტაციის ხარჯები. შემოთავაზებული კრიპტო სისტემის უპირატესობის წარმოსაჩენად, იგი ასევე მიუთითებს გავრცელებული ვალუტებით ვაჭრობის ისეთ შემაფერხებელ ფაქტორებზე, როგორიცაა საკომისიო დანახარჯები და სავაჭრო შეზღუდვები.

გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე ყურადღება ეთმობა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების გაერთიანებაში (OPEC) არსებული ქვეყნების და მათ შორის რუსეთის კრიპტო სისტემაზე გადასვლიდან მიღებულ პოტენციურ სარგებელზე. გამოთქმული აზრის თანახმად, სწორედ ეს ქვეყნები მიიღებენ ყველაზე მეტ სარგებელს ნავთობით გამყარებული კრიპტოვალუტის შემოღებით, რადგან მისი დახმარებით ისინი შეძლებენ გაუმკლავდნენ მათ წინ არსებულ ფინანსურ და სავაჭრო შეზღუდვებს. იუსუფოვმა ასევე განმარტა, რომ კრიპტოვალუტის კვალდაკვალ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვა უზრუნველყოფს ნავთობ პროდუქტების უშეცდომო აღრიცხვას წარმოებისა და გადაზიდვის ყოველ ეტაპზე დამატებითი დანახარჯის გარეშე. ამასთან ერთად, რუსეთის ფასიანი ქაღალდების ფედერალური კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა იგორ კოსტიკოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული სისტემის დანერგვა სასარგებლო იქნება არა მარტო გაზისა და ნავთობ პროდუქტების ბაზრებისათვის, არამედ ყველა იმ რესურსის ბაზრისათვის, რომლითაც ვაჭრობს ქვეყანა საერთაშორისო ბაზარზე. არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტიც, რომ სახელმწიფოს მიერ გაცემული ნავთობით გამყარებული კრიპტოვალუტის იდეა ძალიან ჰგავს კრიპტოვალუტა Petro – ს, რომელის შექმნაც ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლა მადურომ 2017 წელს დაანონსა და იგი ბაზარზე გასული წლის თებერვალში გამოჩნდა. თუმცა, ნავთობით გამყარებულმა კრიპტოვალუტამ ჯერჯერობით წარმატება ვერ მოიპოვა.


წყარო: https://myc.ge/2tCezPq

© 2020 MyCoins.ge all rights reserved