კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები

Home » ბიტკოინი » კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები
11/02/2022
კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები

ბიტკოინი (BTC) ციფრული ვალუტების „დიდი აფეთქებაა“

კომპანია „მეტას“ გადახდების განყოფილება დიემის ყოფილმა შეფმა დევიდ მარკუსმა, ბიტკოინს (BTC) ციფრული ვალუტების დიდი აფეთქება უწოდა. ის ამბობს, რომ ბიტკოინის ქსელი 20 წლის შემდეგაც იარსებებს და მისი აქტუალობა სულ უფრო მეტად გაიზრდება. იმავდროულად, მარკუსი დასძენს, რომ ეთერიუმის შესახებ, ასე ერთმნიშვნელოვნად რაიმეს თქმა შეუძლებელია.

„მე ვაცნობიერებ, რომ ბიტკოინი (BTC) ერთადერთი აქტივია და L1 ქსელი, რომელიც 20 წლის შემდეგაც იარსებებს და სულ უფრო მეტი პოპულარობით ისარგებლებს. მეორე ადგილზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი.ჯერჯერობით ეთერიუმი ლიდერობს, მაგრამ სოლანა და სხვა პროექტები კუდში მიჰყვებიან“, – წერს მარკუსი.

ბიტკოინის (BTC) თვისებათაგან ის გამოჰყოფს დეცენტრალიზაციას, ცენზურისადმი მის მედეგობას, ასევე დამახასიათებელ ქსელურ ეფექტურობას. მარკუსს სჯერა, რომ ბიტკოინი (BTC) ციფრული ვალუტების ბაზრისთვის იგივეა, რაც სამყაროსთვის დიდი აფეთქება.

სავალუტო გაცვლების პლატფორმა „ეტოროს“ დამაარსებელი იონი ასია ხუმრობით ამბობს, რომ მარკუსს „ბიტკოინის ხოჭომ“ უკბინა, რაზეც პასუხიც მიიღო: „ეს დიდი ხნის წინ მოხდა და ინფიცირების დონე თანდათან მაღლა მიიწევს“.

„ტესლა“ 2 მილიარდამდე დოლარის ბიტკოინს (BTC) ფლობს

ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანია „ტესლას“ აქტივში, თითქმის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი ირიცხება. ეს ინფორმაცია წერია მოხსენებაში, რომელიც კომპანიამ შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების კომისიას, გასული წლის ბოლოს წარუდგინა.

მოხსენებაში ასევე წერია, რომ „ტესლამ“ მარტში თავისი ბიტკოინების (BTC) მარაგის ნაწილი გაჰყიდა, რითაც 128 მილიონი დოლარის მოგება მიიღო. უფრო ადრე, კომპანიამ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინი შეიძინა. ჯამში, გასული წლის განმავლობაში, „ტესლამ“ ბიტკოინის (BTC) გაუფასურების გამო, 101 მილიონი დოლარი იზარალა.

კომპანიამ მაისში თავისი პროდუქციის ბიტკოინზე (BTC) გაყიდვა იმის გამო შეწყვიტა, რომ ამ ციფრული ვალუტის მოპოვებაზე, კოლოსალური რაოდენობით ელექტრო ენერგია იხარჯება, რითაც ის გლობალურ დათბობას უწყობს ხელს. ახლახანს კი „ტესლამ“ თავისი პროდუქციის ნაწილის (არა ავტომობილების) დოგკოინზე (DOGE) გაყიდვა დაიწყო.

ამჟამად „ტესლას“ აქტივში 43 200 ბიტკოინი (BTC) ირიცხება, რითაც ამ კომპანიას, ბიტკოინის (BTC) უმსხვილეს იდენტიფიცირებულ მფლობელებს შორის, მეორე ადგილი უკავია. პირველზე კი მაიკლ სეილორის „მაიკროსტრატეჯია“, რომლის აქტივშიც 125 000 ბიტკოინი ირიცხება.

ეთერიუმს (ETH) ბიტკოინის (BTC) გასწრების შანსი აქვს

მთვარის ახალი წლის დღეებში, კრიპტო პლატფორმა „კუ-კოინის“ შეფმა ჯონი ლომ, ციფრული ვალუტების ბაზრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. მან ისაუბრა იმაზე, თუ რა არის მოსალოდნელი წელს ბაზარზე, ინფლაციის დროს, როგორ უნდა შევინარჩუნოთ დანაზოგები და რა მიზეზია იმისა, რომ მეტასამყარო ასეთ აჟიოტაჟს იწვევს.

ის ფინანსურ საკითხებში რჩევების მიცემისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ციფრული ვალუტების ბაზარზე ინვესტირება, გვიანი არასდროსაა.

„ადამიანების მხოლოდ 2 პროცენტი ფლობს ციფრულ ვალუტებს. მაგრამ სულ ასე არ იქნება და როდესაც ისინი ამ ვალუტების გამოყენებას მასობრივად დაიწყებენ, ადრეული მფლობელები დასაჩუქრდებიან. იმ დროს, როდესაც ინფლაცია სულ უფრო იზრდება, ყურადღება პასიურ შემოსავლებზე უნდა გადავიტანოთ. კუკოინი დამატებითი შემოსავლის მიღების სხვადასხვა საშუალებას გთავაზობთ. ეს შეიძლება იყოს სესხი 10 პროცენტზე დაბლა, ან სავაჭრო ბოტი, რომლის მეშვეობითაც, ჩვენმა მომხმარებლებმა, ერთ წელიწადში დაახლოებით 150 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს“, – ამბობს ლო.

ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ციფრული ვალუტების ბაზარზე, ბიტკოინი დომინანტის როლს თანდათან თმობს და მისი დომინირების ინდექსი 42 პროცენტზეა ჩამოსული. ამის პარალელურად, ბევრი ახალი პროექტი, ეთერიუმის ბაზაზე იქმნება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორედ ეთერიუმის დაწინაურებას შეუწყობს ხელს.

ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამას ციფრული ვალუტების გამოყენებით აფინანსებს

გაერო-ს მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეა საკუთარი ბირთვული პროგრამის განვითარებას აგრძელებს, მის დასაფინანსებლად კი იმ ფულად სახსრებს იყენებს, რომლებსაც ციფრული ვალუტების პლატფორმებზსე, ჰაკერული შეტევებით მოიპოვებს.

არსებული მონაცემებით, 2020-2021 წლებში ჩრდილოეთ კორეის ჰაკერებმა 50 მილიონზე მეტი დოლარის ღირებულების ციფრული ვალუტები, მარტო სამი სავაჭრო პლატფორმიდან მოიპარეს. სულ კი მათ ჯამში 400 მილიონ დოლარზე მეტი აქვთ მოპარული.

შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეის სასარგებლოდ, მთელ მსოფლიოში 6 000-ზე მეტი ჰაკერი მუშაობს.

რუსეთის მთავრობა და ცენტრალური ბანკი ბიტკოინს (BTC) ვალუტად განიხილავენ

რუსეთის მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა, ციფრული ვალუტების რეგულაციასთან დაკავშირებით, შეთანხმებას მიაღწიეს. ისინი ამჟამად მუშაობენ კანონპროექტზე, რომელშიც ციფრული ფული განსაზღვრულია, როგორც „ვალუტების ანალოგი“ და არა ციფრული საფინანსო აქტივი. ამ კანონპროექტის შესაბამისად, ციფრული ვალუტების ლეგალურ ინდუსტრიაში ფუნქციონირება შესაძლებელი გახდება, თუ იარსებებს საბანკო სისტემაში მათი სრული იდენტიფიკაციის საშუალება.

ამავე კანონპროქტის შესაბამისად, თუ ციფრული ვალუტით შესრულებული ტრანზაქციის მოცულობა, 600 ათას რუბლზე (დაახლოებით 8 000 დოლარი) მეტია, აუცილებელი იქნება მისი დეკლარირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კრიმინალურ ქმედებად ჩაითვლება. ისინი კი, ვინც არალეგალურად მიიღებენ ციფრულ ვალუტას, როგორც გადახდის საშუალებას, დაჯარიმდებიან.

უკრაინაში ბიტკოინ (BTC) ინდუსტრიას ციფრული ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა უწოდეს

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მოადგილე ალეკსანდრ ბორნიაკოვი ამბობს, რომ ციფრული ვალუტების ინდუსტრია, უკრაინის ციფრული ეკონომიკის განვითარების მძლავრი მამოძრავებელი ძალა უნდა გახდეს. ის ამბობს, რომ შარშანდელი მონაცემებით, ციფრული აქტივების ბაზარი ხუთჯერ გაიზარდა.

„ეკონომიკის სხვა სფერო არ მეგულება, რომელსაც ასეთი ტემპით ზრდა შეუძლია. ბლოკჩეინ ეკონომიკაში, ვენჩურულმა ინვესტორებმა 33 მილიარდი დოლარი დააბანდეს“, – ამბობს ბორნიაკოვი და დასძენს, რომ ციფრული ვალუტების ბაზრის რეგულირების მეშვეობით, უკრაინას შეუძლია გახდეს კომფორტული ადგილი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მრავალ მილიარდ დოლარს განაგებენ. ასე გაიზრდება ინვესტიციების მოცულობა და ბევრ სტარტაპს გზა გაეხსნება.

ამერიკაში 5 მილიარდის მოპარული ბიტკოინები (BTC) ამოიღეს

შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინები ამოიღო, რომლებიც ბოროტმოქმედებმა ჯერ კიდევ 2016 წელს მოიპარეს. იმ ძარცვისას, ჰაკერებმა სავაჭრო პლატფორმა „ბიტფაინექსის“ საფულეებიდან 120 000 ბიტკოინი მოიპარეს.

აღსანიშნავია, რომ ძარცვის მომენტში, მოპარული ბიტკოინების ჯამური ღირებულება „მხოლოდ“ 71 მილიონი დოლარი იყო. მას შემდეგ კი ყველაზე პოპულარული ცფრული ვალუტა თითქმის ასჯერ გაიზარდა.

აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე კენეტ პოლიტმა განაცხადა, რომ მოპარული ციფრული ვალუტის კონფისკაცია იმის დამადასტურებელია, რომ ქვეყნის ხელისუფლება, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის ციფრული ვალუტებით გათეთრებას არ დაუშვებს.

ჰაკერმა პლატფორმის გატეხვის შემდეგ, ციფრული ვალუტები 2 000 უკანონო ტრანზაქციით გაიტანა. გადარიცხვა მოხდა ციფრულ საფულეზე, რომელიც ვინმე ილია ლიხტენშტაინს ეკუთვნოდა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ნიუ იორკელმა ილიამ და მისმა მეუღლე ჰიზერ მორგანმა, 25 000 ბიტკოინის (BTC) გათეთრებას 5 წელი მოანდომეს. ამისთვის ისინი სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. მათ შორის იყო პირადობის ყალბი მოწმობების გამოყენება და ბიტკოინის (BTC) სხვა ციფრულ ვალუტებზე გაცვლა.

„მიცუბიში UFG“ სტეიბლკოინის პლატფორმის შექმნაზე მუშაობს

იაპონიაში უდიდესი ფინანსური ჯგუფი „მიცუბიში UFG-მ“ (MUFG), სტეიბლკოინის შექმნაზე მუშაობს და სურს, რომ ამ სფეროში ლიდერის პოზიცია მოირგოს. ჯგუფმა შეიმუშავა სტეიბლკოინების პლატფორმა „პროგმატ კოინ“. ეს არის ბლოკჩეინზე ბაზირებული სისტემა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ისეთი სტეიბლკოინების გამოშვება და მართვა, რომელთა კურსიც, 1:1 თანაფარდობით იქნება მიბმული იაპონურ იენზე.

პლატფორმა ციფრული აქტივებით გადახდის უნივერსალური საშუალება უნდა გახდეს. მან ქსელებს შორის კავშირის თავსებადობით, სხვა ციფრულ აქტივებთან ურთიერთქმედება უნდა უზრუნველყოს. და რაც მთავარია, თავსებადი უნდა იყოს იაპონიის ცენტრალური ბანკის ციფრულ იენთან.

პროექტი „პროგმატ კოინი“ არის შედეგი იმ კონსორციუმის მუშაობისა, რომელიც MUFG-მ 2019 წელს ჩამოაყალიბა. პროექტის მთავარი მიზანი, უსაფრთხო ციფრული მონეტების შექმნა იყო, ამჟამად კი სხვა სექტორებსაც მოიცავს, როგორიცაა სტეიბლკოინები, NFT მონეტები, კრიპტო აქტივები და სხვა.

„ბენკ ოფ ამერიკა“ – ბიტკოინი (BTC) ჰეჯირების საშუალება არაა

„ბენკ ოფ ამერიკას“ ანალიტიკოსები თვლიან, რომ ბიტკოინი (BTC) ინფლაციისგან დაცვის საუკეთესო საშუალება არ არის. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მისი ფასის ცვალებადობას, არ აქვს კორელაცია ოქროსთან და შესაბამისად, ის რისკიან აქტივად შეიძლება ჩაითვალოს.

არცთუ დიდი ხნის წინ, ბიტკოინს ციფრულ ოქროდაც მოიხსენიებდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ პანდემიის დასაწყისში, ოქროსთან მისი კორელაცია გაიზარდა. ფედრეზერვის და სხვა დიდი ცენტრალური ბანკების მიერ, ეკონომიკების სტიმულირების უზარმაზარი პროგრამების გამო, გაიზარდა ინფლაცია და საკუთარი ფულადი სახსრების დასაცავად, ინვესტორებმა ბიტკოინის (BTC) შესყიდვა დაიწყეს.

მაგრამ მეორე მხრივ, ინფლაციის ზრდას მოჰყვა ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის დაწყება (ან გაიზარდა ამის მოლოდინი). ამან ბიტკოინ გააუფასურა და იმ ინვესტორებმა, ვინც ციფრული ვალუტა გვიან შეისყიდეს, იზარალეს. ასევე დაიკარგა ოქროსთან კორელაციაც.

პარალელურად, გაიზარდა კორელაცია ბიტკოინსა (BTC) და საფონდო ინდექსებს (S&P 500 და Nasdaq 100) შორის. ეს კი მიგვანიშნებს, რომ ციფრული ვალუტა რისკულ აქტივად განიხილება. რაც მნიშვნელოვანია, ბიტკოინის (BTC) ფასის ცვლილება კვლავაც უზარმაზარ დიაპაზონში მიმდინარეობს.

ამის დასტური იყო მისი ფასის ცვლილება ბოლო ერთ წელიწადში, რა დროსაც ბიტკოინმა (BTC) ჯერ ისტორიულ მაქსმუმს (დაახლოებით 69 ათას დოლარს) მიაღწია, შემდეგ კი თითქმის განახევრდა.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved