„ეფლის“ თანადამაარსებელი ბიტკოინის (BTC) 100 000-მდე გაძვირების მოლოდინშია
15 მარტი,
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ციფრული ვალუტების ფასები დაწეულია, ბევრი ანალიტიკოსი და ინვესტორი მაინც ინარჩუნებს ოპტიმიზმს და ფიქრობს, რომ ბიტკოინი (BTC) და მასთან ერთად, სხვა კრიპტო ვალუტებიც, ზრდას გააგრძელებს. ასეთ ოპტიმისტებს შორის არის კომპანია „ეფლის“ თანადამაარსებელი სტივ ვოზნიაკი.
ამერიკელი პროგრამისტი, ელექტრონიკის ინჟინერი და ქველმოქმედი არ მალავს, რომ ადრევე შეისყიდა დიდი რაოდენობით ბიტკოინი (BTC), რათა გადახდების სფეროში ახალი ტექნოლოგიის უპირატესობები დაედასტურებინა. დღეს კი ის დარწმუნებულია, რომ ყველაზე პოპულარული კრიპტო ვალუტის ფასი მალე 100 000 დოლარს მიაღწევს.
„დიდი რაოდენობით ბიტკოინი (BTC) ადრევე შევისყიდე. მინდოდა იმის დემონსტრირება, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ახალი ტექნოლოგია. როგორ შეგვიძლია მისი გამოყენებით ონლაინ შესყიდვების შესრულება. მე ეს შევძელი“, – ამბობს ვოზნიაკი და დასძენს, რომ ექსპერიმენტებს მომავალშიც გააგრძელებს და სიახლეებს ყოველთვის მიესალმება.
ვოზნიაკი დარწმუნებულია, რომ „ბიტკოინი (BTC) ყველაზე წარმოუდგენელი მათემატიკური საოცრებაა“. უფრო მეტიც, ის თვლის, რომ ბიტკოინი, როგორც აქტივი, ოქროზე უმჯობესია.
ის აღიარებს, რომ თავისი პროგნოზის მათემატიკური დადასტურება არ შეუძლია, მაგრამ დასძენს, რომ ციფრული ვალუტებისადმი არსებული ინტერესი და ბევრი სხვა ფაქტორი, საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ გაძვირება გაგრძელდეს.
„მე მჯერა, რომ ბიტკოინის ფასი 100 000 დოლარს მიაღწევს. არ შემიძლია ამ პროგნოზის მათემატიკური ანალიზის გამოყენებით დადასტურება. მაგრამ მოვლენათა შეფასება მაძლევს იმის ვარაუდის საბაბს, რომ ასე მოხდება“, – ამბობს ვოზნიაკი.
ბიტკოინს (BTC) სხვა ცნობილი ოპტიმისტებიც ჰყავს. და ეს იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, ციფრული ვალუტებისადმი ინტერესი დააკნინა. მათ შორისაა კრიპტოვალუტების ჰეჯ ფონდების მმართველი კომპანია „ბიტბულის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჯოი დიპასკუალე. ისიც დარწმუნებულია, რომ ბიტკოინის(BTC) ფასი ას ათას დოლარს მიწვდება.
საბანკო და საფინანსო სერვისების ბრიტანულ გიგანტ „სტანდარტ ჩარტერედ-ის“ მკვლევართა გუნდის მიერ შესრულებული ანალიზის შესაბამისად, ბიტკოინის (BTC) ფასი მალე 100 ათას დოლარს ასცდება.
უფრო მეტად ოპტიმისტური პროგნოზი აქვს კომპანია „მიკროსტრატეჯის“ მთავარ აღმასრულებელ მაიკლ სეილორს. მისი გრძელვადიანი პროგნოზით, ბიტკოინის (BTC) ფასი ნახევარ მილიონს მიაღწევს.