კრიპტო ვალუტებით სავაჭრო პლატფორმა „ექსმო“, რომელიც ლონდონშია ბაზირებული, რუსეთში, ბელარუსსა და ყაზახეთში მომსახურებას აჩერებს. ამის მიზეზი, უკრაინაში რუსეთის შეჭრა და ამ შეჭრისას, ბელარუსის მიერ რუსეთისთვის საკუთარი ტერიტორიის დათმობაა.
აგრესორი ქვეყნების დატოვების პარალელურად, „ექსმომ“ საკუთარი რუსული და ბელარუსული ბიზნესი, ყაზახეთში ბაზირებულ კომპანიას მიჰყიდა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფების შემუშავებაზეა სპეციალიზებული. გარიგების დეტალები და მყიდველი კომპანიის სახელწოდება ჯერ არ გამჟღავნებულა.
„სამწუხაროდ, ჩვენ ბიზნესის მაღალი რისკის მქონე ნაწილის შენარჩუნება არ შეგვიძლია, რადგან ამით, ჩვენს გლობალურ განვითარებას რისკის ქვეშ დავაყენებთ“, – ამბობს „ექსმოს“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი სერჰიი ჟდანოვი.
გარიგების შესაბამისად, ახალი მფლობელის განკარგულებაში გადავა რუსი და ბელარუსი მომხმარებლების ანგარიშები და ადგილობრივი ფიატური გადახდების სისტემები. თუმცა ჟდანოვი ამბობს, რომ პლატფორმის ტექნიკური კოდი არ იყიდება და ის ისევ „ექსმოს“ მფლობელობაში დარჩება.
რუსეთის და ბელარუსის გარდა, გარიგება კომპანიის ყაზახურ აქტივებსაც შეეხო. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მყიდველი კომპანია ყაზახეთშია ბაზირებული. მის აქტივებში, პროგრამების შემმუშავებელი რუსული კომპანიის გარდა, ყაზახური კომპანიაც შედის, რომელსაც კრიპტო ვალუტების გაცვლაზე მუშაობის ლიცენზია აქვს.
რუსული და ბელარუსული ბაზრების დატოვების გარდა, „ექსმომ“ შეცვალა სამომხმარებლო ხელშეკრულების ტექსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ პლატფორმას ამიერიდან ვეღარ მიუერთდებიან რუსი, ბელარუსი და ყაზახი მომხმარებლები. გარდა ამისა, პლატფორმამ გათიშა ყველა სავაჭრო წყვილი, რომელშიც რუსული რუბლი ფიგურირებდა.
„ექსმო“ 2013 წელს, რუსმა ბიზნესმენმა ედუარდ ბარკმა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სპეციალისტმა, რუსეთში დაბადებულმა ივან პეტუჰოვსკიმ დააარსეს. რუსული, ბელარუსული და ყაზახური აქტივების გაყიდვების კვალად, „ექსმო“ ბარკმაც დატოვა.