კრიპტო ვალუტების სავაჭრო პლატფორმა „ბიტმექს-ის“ ყოფილი მთავარი აღმასრულებელი არტურ ჰეიესი დარწმუნებულია, რომ 2030 წლისთვის ბიტკოინის (BTC) ფასი მილიონ დოლარს მიაღწევს. მას მყარი არგუმენტები აქვს იმისთვის, რომ ასეთი თამამი პროგნოზი გააკეთოს და ყველაფერს თავადვე განმარტავს.
მისი ძველი პროგნოზით, ბიტკოინის (BTC) ფასი ნახევარ მილიონზე ავიდოდა. მაგრამ თავის უახლეს ბლოგ პოსტში, რომელიც 27 აპრილს გამოაქვეყნა, მან ეს პროგნოზი გააორმაგა. ჰეიესი თვლის, რომ დოლარის და ევროს დრო მიდის და ბიტკოინთან (BTC) ერთად, ოქროც არნახულ ფასებამდე გაძვირდება.
ჰეიესი ამბობს, რომ მსოფლიოში ბავრი რამ რადიკალურად შეიცვლება. ეს ეხება გეოპოლიტიკასაც და ეკონომიკასაც. ის აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, კორონავირუსის პანდემიის გამო, ინფლაციამ ბოლო 40 წლის მაქსიმუმებს მიაღწია. დასავლეთის მიერ რუსეთისთვის გამოწერილი სანქციები კი სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს. დასავლეთი რუსეთს მილიარდობით დოლარის ღირებულების აქტივებს უყინავს, რაც რუსეთისთვის დამანგრეველი იქნება.
ამ დროს, ჩინეთი მოვლენებს აკვირდება და სამომავლოდ შეიმუშავებს გეგმას, რომელმაც მსგავსი სანქციებისგან მისი დაცვა უნდა უზრუნველყოს.
1990 წლიდან მოყოლებული, ჩინეთი თავის ვაჭრობას ერთგვარი ჩაკეტილ წრედში აწარმოებს: თავის იაფ პროდუქციას დასავლეთში ყიდის, ამაში საკუთარ ფიატურ ფულს იღებს, რომელსაც იმპორტიორებს, სახელმწიფო ვალების სანაცვლოდ უხდის. ამის წყალობით, საპროცენტო განაკვეთები დაბალ დონეზე რჩება, რაც ჩინურ პროდუქციას კიდევ უფრო აიაფებს.
მაგრამ მიწოდების არხებში არსებული შეფერხებები, ინფლაცია და ახლა უკვე, აქტივების კონფისკაციის რისკი (პოლიტიკურ მოვლენათა შესაბამისი განვითარების შემთხვევაში), ჩინელებს სტატუს ქვოს შეცვლისკენ უბიძგებს. ჰეიესი თვლის, რომ ჩინეთს მოვლენათა უარესი სცენარით განვითარების შემთხვევაში, თავდაცვის მექანიზმის შემუშავება მოუწევს.
ამერიკული და ევროპული აქტივების სწრაფად გაყიდვა არახელსაყრელი მიმართულებაა, რადგან ეს დასავლეთთან ერთად, ჩინეთსაც ძლიერ დააზარალებს. ჰეიესი თვლის, რომ ჩინეთმა დასავლურ ბონდებში რეინვესტირება უნდა შეწყვიტოს და ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ ბაზარზე კატაკლიზმები არ გამოიწვიოს.
ჰეიესის აზრით, გამოსავალი ოქრო, ბიტკოინი (BTC) და ეგრეთ წოდებული შესანახი ღირებულების საქონელია. ამ აქტივების დაგროვება, ჩინეთს ერთგვარ თავდაცვით ბარიერს შეუქმნის.
ჰეიესი დასძენს, რომ ევროკავშირის დეზინტეგრაცია გარდაუვალია, რასაც შედეგად, ბაზარზე გერმანული მარკის, გულდენის, ლირას, დრაჰმის, ფრანკის და სხვა ვალუტების დაბრუნება მოჰყვება. ეს გამოიწვევს ფულის უკონტროლო ბეჭდვას და ვალუტების გაუფასურებას. ამ ფონზე, ბიტკოინი (BTC) და ოქრო, სულ უფრო მეტი ინვესტორისთვის გახდება საკუთარი ქონების გადარჩენის საშუალება.
ჰეიესის თქმით, როდესაც ბიტკოინის (BTC) ფასი 1 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, ოქროს ფასი 20 000 დოლარს მიაღწევს. და ის ამას 2030 წლისთვის ელის.