ბიტკოინის (BTC) აღმასვლა შეფერხდა. მისი ფასი მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ბარიერს, 30 000 დოლარს ჩამოსცდა. ამ კვირის განმავლობაში, კლებამ 9 პროცენტს მიაღწია. იგივე მიმართულებით მოძრაობს მთლიანად კრიპტო ბაზარიც. ახლა საკითხავია, ეს აღმავალი ტრენდის დასასრულია, რა შემთხვევაშიც, ზრდა მორიგ კორექციად უნდა ჩაითვალოს, რომელსაც მინიმუმის განახლება მოჰყვება, თუ კორექცია, რომლის დასრულების შემდეგაც, ბიტკოინი (BTC) და სხვა კრიპტოები, ზრდას გააგრძელებენ.
კორექცია – კრიპტო აქტივების ფასის მნიშვნელოვან შემცირება, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღე ან კვირა.
ფუნდამენტური ფონის თვალსაზრისით, გარკვეული პირობები არსებობს იმისთვის, რომ კლება გაგრძელდეს, მაგრამ არა ისეთი, რომელიც ფასის მკვეთრ ვარდნას გამოიწვევს. უახლოესი კლების მთავარ გამომწვევ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ბრიტანეთში მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა. ეს კი ინვესტორებს აფიქრებინებს, რომ მსოფლიო დონეზე ინფლაციასთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და ამიტომ, ცენტრალურმა ბანკებმა, შეიძლება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გააგრძელონ.
ამჟამად ბაზრების მოლოდინი იმისა, რომ შეერთებული შტატების ფედრეზერვი დოლარზე განაკვეთს მაისში 0.25 პროცენტით გაზრდის, 85.2 პროცენტამდე გაიზარდა. უფრო ძველი მონაცემებით, მოლოდინი 80.9 პროცენტი იყო. ანლიტიკოსების 28.03 პროცენტი ფიქრობს, რომ ფედრეზერვი იმავე დოზით განაკვეთს ივნისშიც ასწევს. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება კი კრიპტო ვალუტების ფასებზე უარყოფითად აისახება, რადგან ისინი ჯერაც რისკიან აქტივებად მოიაზრება.
არის კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება კრიპტო ბაზარზე ძლიერ იმოქმედოს – SEC-ის შეფმა გერი გენსლერმა ახლახანს კონგრესში გამოსვლისას, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ციფრული აქტივები უნდა განიხილებოდეს, როგორც ფასიანი ქაღალდები და ისინი შესაბამისი ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს. ეს კი, ინვესტორების მიერ განიხილება, როგორც კრიპტო აქტივებზე ზეწოლა.