კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები

Home » ბიტკოინი » კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები
04/03/2022
კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები

კრიპტო საზოგადოება უკრაინას ციფრულ ვალუტებს უგროვებს

უკრაინის მთავრობამ ტვიტერით კრიპტო საზოგადოებას მიმართა და თავისი მოქალაქეების და ჯარისკაცების მხარდასაჭერად, თანხების შეგროვებაში დახმარება სთხოვა. უკრაინა დახმარებას უკვე ბიტკოინით, ეთერიუმით და ტეთერიტაც ღებულობს. რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ თავდაცვით ომში, უკრაინას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ეხმარება. ქვეყნის პრემიერ მინისტრის მოადგილე მიხაილო ფედოროვმა ტვიტერზევე გამოაქვეყნა სამი საფულის მისამართი, რომლებზეც მსურველებს დასახელებული ციფრული ვალუტების ჩარიცხვა შეუძლიათ. ეთერიუმის (Ethereum) თანადამფუძნებელი ვიტალიკ ბუტერინი, ვინც რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ უკრაინას უჭერს მხარს, ეჭვობდა, რომ შესაძლოა დასახელებული მისამართები რუს ჰაკერებს გაეტეხათ. მაგრამ ამერიკელმა დიპლომატმა ტომიკა ტილემანმა უკრაინელ ელჩ ოლექსანდერ შერბასთან მისამრთები გადაამოწმა და მათი ლეგიტიმურობა დაადასტურა. იმავდროულად, ბუტერინმა ახალი ინიციატივა წარმოადგინა, რომლის მიზანიც, დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის შექმნაა, რომელიც უკრაინელი მოქალაქეების დახმარებაზე იმუშავებს.

„ბაინენსი“ უკრაინას 10 მილიონ დოლარს ჩაურიცხავს

ციფრული ვალუტებით ვაჭრობის პლატფორმა „ბაინენსმა“ გამოაცხადა, რომ უკრაინის დახმარების ფონდში 10 მილიონ დოლარს გადარიცხავს, რისთვისაც შუამავალ რგოლად თავის ჰუმანიტარულ შტოს, „ბაინენს ჩარიტი ფაუნდეიშენს“ გამოიყენებს. გამოყოფილი თანხა გაუნაწილდება ისეთ არამომგებიან და მთავრობათშორის ორგანიზაციებს, როგორებიცაა UNICEF, გაეროს ლტოლვილთა სააგენტო, UNHCR და სხვა. გამოყოფილი თანხა, იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების დახმარებას მოხმარდება. „ბაინენსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქველმოქმედო დანიშნულებით, უკვე შეგროვდა 8 მილიონი დოლარის ღირებულების ციფრული ვალუტა BNB (კაპიტალიზაციით მეოთხე უდიდესი ციფრული ვალუტა). გარდა ამისა, „ბაინენსმა“ შექმნა სპეციალური ვებგვერდი, რომლის დანიშნულებაც, უკრაინელი ლტოლვილებისთვის, ფინანსების შეგროვებაა. გვერდის სახელწოდებაა „უკრაინის საგანგებო დახმარების ფონდი“. ამ საიტის მეშვეობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანებს საშუალება ექნებათ, ფონდში ციფრული ვალუტები ჩარიცხონ, რომლებიც გამოყენებული იქნება ლტოლვილებისთვის საკვების, საწვავის და სხვა საგანგებო დანიშნულების პროდუტების შეძენა.

უკრაინა კრიპტო პლატფორმებს რუსი მომხმარებლების დაბლოკვისკენ მოუწოდეს

უკრაინის პრემიერ მინისტრის მოადგილე მიხაილო ფედოროვმა ციფრული ვალუტების უდიდეს პლატფორმებს, რუსი მომხმარებლების საფულეების მისამართების დაბლოკვა სთხოვა. ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტით, მან პლატფორმებს მოუწოდა, რომ დაბლოკონ არამხოლოდ რუსი და ბელარუსი პოლიტიკოსების, არამედ ამ ორი ქვეყნის მოქალაქეების მისამართებიც.

„ბაინენსმა“ საპასუხოდ გამოაცხადა, რომ მილიონობით ანგარიშს ვერ გაყინავს, რადგან ეს კრიპტოს ღირებულებებს ეწინააღმდეგება, თუმცა სათანადო ზომების მიღებას მაინც აპირებს. ოღონდ, ეს ზომები არ დაუკონკრეტებია. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ რუსეთი ფინანსური სანქციების გვერდის ავლას, ციფრული ვალუტების მეშვეობით ეცდება. ამის დაზუსტებას, ბლოკჩეინის მონაცემების ანალიტიკური პლატფორმა “ჩაინალისის“ აპირებს. უკრაინელი იურისტი არტემ აფიანი დარწმუნებულია, რომ კრიპტო ვალუტების ინდუსტრია, რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობას წინ აღუდგება და არ დაუშვებს. უკრაინელთა მოწოდებას, რამდენიმე სავაჭრო პლატფორმა გამოეხმაურა და მათ რუსი და ბელარუსი მომხმარებლებისთვის, თავიანთი ხელმისაწვდომობა დახურეს. ასეთ პლატფორმებს შორისაა „კუნა“, „უაითბიტი“ და „ცექს.იო“.

„ბაინენსი“ რუსებს ზღუდავს

სანქციების ქვეშ მოყოლილი რუსული ბანკების მომხმრებლები, „ბაინენსის“ სავაჭრო პლატფორმაზე ციფრული ვალუტების შესყიდვას, ან საკუთარ ანგარიშზე დეპოზიტის შეტანას ვერ ახერხებენ. რუსი მომხმარებლები საკუთარი ფინანსების ციფრულ ვალუტებში გადატანას ცდილობენ, რათა მათი გაუფასურებით არ იზარალონ. ტექნიკურად, ციფრული ვალუტების ტრანზაქციებისთვის გამოყენებაც შეიძლება, რაც რუსეთს და მის სანქცირებულ ფუნქციონერებს, ვაჭრობის საშუალებას მისცემს. მაგრამ ყველა მათგანს „ბაინენსისგან“ მისდის შეტყობინება იმის თაობაზე, რომ რუსული ბანკების მხარდაჭერა გაუქმებულია. ამასთან, პლატფორმა მათ პირდება, რომ შეძლებისდაგვარად ეცდება შექმნილი სიტუაციის გამოსწორებას.

პლატფორმის რუსული შტო ირწმუნება, რომ არავინ დაუბლოკავს და რომ შესაძლოა, შეტყობინების მიღების მიზეზი, პროგრამულ, ან სხვა სახის შეცდომას უკავშირდება.

ექსპერტები რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად კრიპტოს გამოყენებას გამორიცხავენ

ბლოკჩეინის ასოციაციის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი ჯეიკ ჩერვინსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ეკონომიკური სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, ციფრული ვალუტების გამოყენებას ვერ შეძლებს. ექსპერტები ამბობენ, რომ კრიპტო ბაზრის მოცულობა არაა იმდენად დიდი, რომ რუსეთმა უზარმაზარი ტრანზაქციები, შეუმჩნევლად განახორციელოს. გარა ამისა, არც რუსეთს აქვს ციფრული აქტივების შესაფერისი ინფრასტრუქტურა. შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი შიშობენ, რომ რუსეთი ციფრულ ვალუტებს, თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ჩერვინსკი ასახელებს სამ მიზეზს იმისას, თუ რატომ ვერ შეძლებს რუსეთი კრიპტოების გამოყენებას. პირველი ისაა, რომ სანქცია მხოლოდ დოლარზე წვდომის შეზღუდვას არ ითვალისწინებს. აშშ-ის სანქციების შესაბამისად, რუსეთთან ტრანზაქციები, ყველა ამერიკულ ბიზნესს და მოქალაქეს ეკრძალება. და მნიშვნელობა არ აქვს, ანგარიშსწორება დოლარით ხდება, ოქროთი, ზღვის ნიჟარებით, თუ ბიტკოინით (BTC). მეორე მიზეზი ისაა, რომ რუსეთის საჭიროებები, ბევრად აღემატება კრიპტო ვალუტების ბაზრის ამჟამინდელ შესაძლებლობებს. ჩერვინსკის თქმით, რუსეთმა რომც შეძლოს საკმარისი მოცულობით ლიკვიდურობის მიღება, ის მაინც ვერ მოახერხებს ასეთი მოცულობის ოპერაციების დაფარვას.

მესამე მიზეზი ისაა, რომ რუსეთმა წლების განმავლობაშიც კი ვერ შეძლო შესაფერისი კრიპტო ინფრასტრუქტურის შექმნა და ციფრული ვალუტით სანქციების შერბილება, რუსეთის გეგმებში არც არასდროს ყოფილა.

რუბლი-კრიპტოს ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა

დასავლური სანქციების შედეგად დაცემულ რუბლს, სულ უფრო ხშირად იყენებენ ციფრული ვალუტების, მათ შორის, ტეთერის შესაძენად. რუბლსა და ტეთერს შორის გაცვლების დღიურმა მოცულობამ 29.4 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ერთი კვირის წინანდელ მაჩვენებელზე თითქმის სამჯერ მეტია. ტეთერი (Tether) ეგრეთ წოდებული სტეიბლკოინების ტიპს მიეკუთვნება, რომლებიც პრაქტიკულად უცვლელი კურსით გამოირჩევა. მათი დანიშნულება ისაა, რომ მომხმარებელს ძლიერი რყევების პერიოდში, საკუთარი ფინანსების და დანაზოგების დაცვის საშუალება ჰქონდეს.

დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, რუსული რუბლის კურსი მკვეთრად დაეცა.

ტეთერის (Tether) გარდა, რუბლის გაცვლები ბიტკოინთან (BTC) წყვილშიც გაიზარდა და წინა ხუთშაბათს, 16 მილიონ დოლარს  მიაღწია, რაც წელს უმაღლესი მაჩვენებელია. ამ კვირის დასაწყისში, გაცვლების მოცულობა 8.5 მილიონამდე იყო შემცირებული.

ეთერიუმის (Ethereum) მეხუთე უდიდესი მაინინგის პლატფორმა რუსეთს ბლოკავს

ეთერიუმის (Ethereum) მეხუთე უდიდესმა მაინინგ პლატფორმა „ფლექსპულმა“ გადაწყვიტა, რომ რუს მომხმარებლებს აღარ მოემსახუროს და ამგვარად გამოხატოს უკრაინისადმი მხარდაჭერა. „ფლექსპული“ აცხადებს, რომ არ სურს ომის წამომწყები მხარისგან სარგებლის მიღება და გადაწყვიტა, რომ შექმნილ სიტუაციაში, საუკეთესო გამოსვალი ის იქნება, თუ რუს მოქალაქეებს და კომპანიებს, მოგების მიღების საშუალებას არ მისცემს. იმავდროულად, ნაშთებს დაზარალებული მხარის (უკრაინის) მომხმარებლებს ჩაურიცხავს. იმავდროულად, „ფლექსპულმა“ ბოდიშის მესიჯები დაუგზავნა რუს მაინერებს, რომლებიც დაკავშირებულები არ არიან ომთან და რომელთა უმეტესობაც ომის წინააღმდეგია. „მაგრამ თქვენ მხარს უჭერთ თქვენს ქვეყანას, რომელიც ამის გარეშე, ომს ვერ დაიწყებდა. ჩვენი მიზანია იმ ქვეყნის მოქალაქეთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, რომელმაც ომი წამოიწყო“, – ნათქვამია „ფლექსპულის“ განცხადებაში.

ბაიდენი სანქციებს ბიტკოინის (BTC) და ეთერიუმის (Ethereum) მეშვეობითაც აძლიერებს

უკრაინაში ომის მიმდინარეობის კვალად, დასავლეთი რუსეთზე ზეწოლას ახალ-ახალი სანქციებით აძლიერებს. CNBC-ს ინფორმაციით, შეერთებული შტატები ამუშავებს სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც ციფრული ვალუტების – ბიტკოინის და ეთერიუმის (Ethereum) „ფრონტზე“ იმუშავებს. სანქცია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მუშავდება და მისი მიზანი ისაა, რომ რუსეთმა სანქციების შესარბილებლად, ციფრული ვალუტების გამოყენება ვერ შეძლოს. ცნობილია, რომ ციფრული ვალუტები, მათ შორის ბიტკოინი (BTC) და ეთერიუმი (Ethereum), დეცენტრალიზებულია, რაც ნიშნავს, რომ მათ სახელმწიფო ბანკების მეშვეობით ვერ აკონტროლებს. მათ არც ქვეყნებს შორის საზღვრები აფერხებს. ამასთან, ციფრული ვალუტებით შესრულებული ტრანზაქციების ბლოკირებაც შეუძლებელია. ამ ყველაფრის გამო, აშშ-ის ხელისუფლება ეჭვობს, რომ კრემლს ციფრული ვალუტების გამოყენება და მათი მეშვეობით, სანქციების გვერდის ავლა შეუძლია. ამ ეჭვს ის გარემოებაც აძლიერებს, რომ ომის დაწყების შემდეგ, ბიტკოინების შესყიდვები რუბლის გამოყენებით, თითქმის გაორმაგდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ეჭვები ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ კრისტინ ლაგარდსაც აქვს. კრიპტო ბაზრის ანალიტიკოსები კი ირწმუნებიან, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ასავლელად საჭირო ინფრასტრუქტურა არ გააჩნია. მსხვილი ტრანზაქციები კი შეუმჩნევლად არ დარჩება და შესაბამისად, არც მათში მონაწილე მისამართები იქნება შეუმჩნეველი. ამას კი მფლობელთა იდენტიფიკაცია მოჰყვება.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved