კრიპტო ბაზრის ვარდნას რამდენიმე მიზეზი აქვს

Home » ბიტკოინი » კრიპტო ბაზრის ვარდნას რამდენიმე მიზეზი აქვს
06/05/2022
კრიპტო ბაზრის ვარდნას რამდენიმე მიზეზი აქვს

ორი დღეა, ბიტკოინი (BTC) და მთელი კრიპტო ბაზარი მკვეთრად ეცემა. ბიტკოინის (BTC) ფასი, დაახლოებით 40 ათასი დოლარიდან, 36 ათასზე დაბლა დაეშვა. არადა, ოთხშაბათს, მას შემდეგ, რაც ფედრეზერვმა გამოაცხადა, რომ განაკვეთის ნახევარ პროცენტზე მეტი ბიჯით აწევას არ აპირებს, ბიტკოინი 40 ათას დოლარამდე გაძვირდა.

კრიპტო ბაზრის კვლევით პლატფორმა „ტოკენ მეტრიქსის“ მთავარი ანალიტიკოსი ბილ ნოუბლი ამბობს, რომ ბაზრის მიმდინარე ვარდნა, რამდენიმე ძლიერი ფაქტორით არის გამოწვეული. მათ შორისაა გლობალური მასშტაბით ინფლაციის ზრდა, კოვიდ-19-თან დაკავშირებული გაურკვევლობა, ომი უკრაინაში, აშშ-ის ფედრეზერვის მიერ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და სხვა.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ბლოკჩეინის ანალიტიკურ კომპანია „გლასნოუდ ინსაითის“ მონაცემებით, იმ ინვესტორებმა, რომლებიც მოკლევადიან გარიგებებზე მუშაობენ, საკუთარი კრიპტო აქტივები დიდი რაოდენობით გაყიდეს, რამაც ბაზარზე მცირე პანიკა და ამის კვალად, კრიპტო ვალუტებზე მოთხოვნის ვარდნა გამოიწვია.

კრიპტო ბაზრის ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ბიტკოინი (BTC) შედარებით ვიწრო დიაპაზონში (36-დან 40 ათას დოლარამდე) მოძრაობს. მათი აზრით, არაა გამორიცხული, რომ ყველაზე პოპულარული კრიპტო ვალუტის ფასმა, საშუალოვადიან პერსპექტივაში, მხარდაჭერა 31-დან 37 ათას დოლარამდე დიაპაზონში ჰპოვოს.

შექმნილ სიტუაციაში, ანალიტიკოსები ინდივიდუალურ ტრეიდერებს ურჩევენ, კრიპტო ვალუტებში ინვესტირება, საერთო პორტფელის 5-პროცენტიან ზღვარს ქვემოთ შეინარჩუნონ. იმავდროულად, დიდი ინვესტორები საკუთარი კრიპტო პორტფელების მოცულობის ზრდას ცდილობენ – იაფად ყიდულობენ, რათა ვალუტების გამყარების შემდეგ, მეტი მოგება მიიღონ. ამასთან, ისინი აცნობიერებენ, რომ ფასების შემდგომი ვარდნა სრულიად შესაძლებელია.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved