სავაჭრო პლატფორმებზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტექნიკური ინდიკატორის, ბოლინჯერის ზოლების შემქმნელი ჯონ ბოლინჯერი, ბიტკოინის (BTC) ფასის მდგომარეობას აფასებს, როგორც „შეკუმშულს“. ეს კი ნიშნავს, რომ ყველაზე პოპულარული კრიპტო ვალუტის ფასი „ნახტომისთვის“ ემზადება. ოღონდ, რომელი მიმართულებით, ამის თქმა ჯერ ძნელია.
ბოლინჯერის ზოლები, დინამიკაში მხარდაჭერის და წინააღმდეგობის დონეებს აჩვენებს. ეს ზოლები რყევებსაც განსაზღვრავს და როცა მათ შორის მანძილი მცირდება (იკუმშება), ეს ნიშნავს, რომ მოსალოდნელია ძლიერი მოძრაობის დაწყება. ოღონდ, როდის დასრულდება „კუმშვის“ პერიოდი, ან რა მიმართულებით წავა მოძრაობა, ამის წინასწარ განსაზღვრა ძნელია.
ამჟამინდელი „შეკუმშვა“ განსაკუთრებით საინტერესოა, როცა მას კიდევ ერთ ინდიკატორთან წყვილში განვიხილავთ. ეს არის ვაჭრობის მოცულობა. ამ მხრივაც, ყველაფერი ისე მიდის, რომ ბოლოს გარღვევა მოხდება. ამჯერად ვაჭრობის მოცულობა დაღმავალ ტრენდს მიჰყვება. მცირე ვაჭრობა იმის შედეგია, რომ მფლობელები ბიტკოინის შენარჩუნებას ცდილობენ და ბაზარზე ნაკლები ბიტკოინი გამოდის. ეს ორი მაჩვენებელი, ბიტკოინის ფასს ძლიერი მოძრაობისთვის ამზადებს. ანალიტიკოსები შექმნილ სიტუაციას, შეკუმშულ ზამბარას ადარებენ.
რა მიმართულებით მოხდება გარღვევა, ამაზე წარმოდგენა შეიძლება სხვა მონაცემებმა შექმნას. მაგალითად, ბაზრის განწყობამ, ფუნდამენტურმა ინფორმაციამ და მასზე ბაზრის მოთამაშეთა რეაქციამ. ნებისმიერ შემთხვევაში, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მიმდინარე „შეკუმშვის“ პროცესს მნიშვნელოვანი გაგრძელება ექნება.
არაა გამორიცხული, რომ ბიტკოინის ფასი „შეკუმშულ“ მდგომარეობაში დიდხანს დარჩეს. ამ შემთხვევაში, შეკუმშვის პროცესის დასრულების შემდეგ, მოძრაობა კიდევ უფრო ძლიერი იქნება.
ერთი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად მოხდება, არის ჰალვინგი, რომელიც დაახლოებით 10 თვეშია მოსალოდნელი და რომლის შემდეგაც, ბიტკოინის მოპოვების ინტენსივობა განახევრდება. შესაბამისად, ბაზარზე მიწოდებაც დაიკლებს…