ბიტკოინის ფასი 100 ათასს მიაღწევს?

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის ფასი 100 ათასს მიაღწევს?
04/05/2023
Photo: ბიტკოინის ფასი 100 ათასს მიაღწევს?
ბიტკოინის ფასი 100 ათასს მიაღწევს?

კრიპტო ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ბიტკოინის (BTC) ფასის ზრდა საწყის ფაზაშია. ყველაზე პოპულარული კრიპტო ვალუტის ფასი კვლავაც 30 ათასს დაბლა რჩება, მაგრამ მათი განმარტებით, ეს შეფერხება მხოლოდ დროებითია (კორექცია) და ამას ზრდის მორიგი ეტაპი უნდა მოჰყვეს.

ანალიტიკოსთა პროგნოზები განსხვავებულია. მაგალითად, ბანკ „სტანდარდ ჩარტერედის“ (Standard Chartered) ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბიტკოინის (BTC) ფასი უახლოეს თვეებში 100 ათას დოლარს მიაღწევს, ბლუმბერგში (Bloomberg) კი უფრო მოკრძალებული პროგნოზი ჰქონდათ და ფასის 50 ათასამდე ზრდას ვარაუდობდნენ. მათი ასეთი განსჯის მთავარი საბაბი ის იყო, რომ ახლოვდება მორიგი ჰალვინგი (მოპოვების განახევრება), რაც როგორც წესი, ფასის ზრდას იწვევს, რადგან ბაზარზე მიწოდება იკლებს.

თუმცა, ბლუმბერგისვე ანალიტიკოსების ახალი პროგნოზით, ბიტკოინის (BTC) ფასმა შესაძლოა, 105 ათას დოლარს მიაღწიოს. მათ ამის დასადასტურებლად, მოჰყავთ ის ფაქტი, რომ ბოლო ზრდაზე, ბიტკოინის (BTC) ფასმა 260 პროცენტით მოიმატა. თუ ასეთ ზრდას კვლავ ექნება ადგილი, მაშინ ის ფასს სწორედ 105 ათასამდე მიიყვანს.

მაგრამ ეს ზღვარი არაა და ბევრი ფიქრობს, რომ BTC-ს ფასი გაცილებით მაღლა ავა. მაგალითად, კრიპტო სფეროს ანალიტიკურ კომპანია BCA-ში მიაჩნიათ, რომ გარკვეულ პირობებში, ბიტკოინის ფასი 160 ათას დოლარს მიაღწევს.

 „ბლუმბერგ ინტელიჯენსის“ (Bloomberg Intelligence) ჯეიმი დაგლასის აზრით კი, იმ შემთხვევაში, თუ ობლიგაციების მსოფლიო ბაზრის სულ რაღაც, 1 პროცენტის ღირებულება, ბიტკოინში დაბანდდება, მაშინ ამ უკანასკნელის ფასი 185 ათას დოლარამდე გაიზრდება. მაგრამ ის თავადვე დასძენს, რომ ჯერჯერობით, მსგავსი სცენარი მოსალოდნელი არაა.

ბიტკოინის (BTC) სასარგებლოდ, სხვა ფაქტორებიც არსებობს, რომელთა ნაწილი უკვე ამოქმედდა. მათ შორისაა საბანკო კრიზისი, რომელიც ცენტრალური ბანკების მიერ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უკავშირდება. ის ჯერ არ დასრულებულა და შესაძლოა, ბანკების მიერ პოლიტიკის შერბილება გამოიწვიოს. ეს კი კრიპტო ბაზრის ზრდას გამოიწვევს.

კიდევ ერთი ძლიერი ფაქტორია ის, რომ ბიტკოინი (BTC) შეზღუდული რაოდენობით შეიძლება არსებობდეს. კერძოდ, მოპოვების ციკლის დასრულების შემდეგ, ბაზარზე მისი რაოდენობა მაქსიმუმ 21 მილიონი იქნება. ამ ზღვრამდე ბიტკოინს (BTC) ბევრი არ უკლია და რაც უფრო მიუახლოვდება, სულ უფრო გართულდება მოპოვება და დაიკლებს მიწოდება.

ბიტკოინს (BTC) ინფლაციისგან საკუთარი აქტივების დაცვისთვის ხშირად იყენებენ. რა თქმა უნდა, როდესაც მისი ფასი დაღმავალ ტრენდს მიყვება, აქტივების დაცულობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, კლება ზრდაში გადაიზრდება, ის მაინც სასურველ აქტივად განიხილება და მფლობელებს სოლიდური მოგების მიღების საშუალებასაც აძლევს.

იმის გათვალისწინებით, რომ კრიპტო ბაზარი ბიტკოინს (BTC) მიჰყვება, ალტკოინების ფასსაც ზრდის პოტენციალი აქვს და შესაბამისად, ინვესტორები ეთერიუმის, სოლანას, სტელარის, კარდანოს, ლაიტკოინის და სხვათა ზრდასაც ელიან.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved