ბიტკოინი პოპულარულ აქტივებს ჯობნის

Home » ბიტკოინი » ბიტკოინი პოპულარულ აქტივებს ჯობნის
06/07/2023
ბიტკოინი პოპულარულ აქტივებს ჯობნის

ბაზრების კვლევები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ბიტკოინმა  უკან ჩამოიტოვა ბევრი პოპულარული ფინანსური ინსტრუმენტი და ბაზრები, როგორებიცაა NASDAQ და S&P 500. და ეს იმის მიუხედავად ხდება, რომ კრიპტო ბაზარზე ჯერაც იგრძნობა დაღმავალი ტრენდის სიმძიმე და სხვადასხვა სკანდალის შედეგი, რომლებმაც ფასების ვარდნა არაერთხელ განაპირობა.

იანვარში ბიტკოინის ფასი 16 541 დოლარი იყო, მაგრამ ახლახანს 31 ათასს ასცდა და ბოლო 13 თვის მაქსიმუმი განაახლა. და ეს იმის მიუხედავად, რომ შეერთებული შტატების რეგულატორები, კრიპტო ბაზარს მუდმივი ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ. ამ ზეწოლის მიუხედავად, ბიტკოინი თავადაც იზრდება და მთელ კრიპტო ბაზარსაც ზრდის სტიმულს აძლევს.

სახეზეა ბიტკოინის ფასის თითქმის გაორმაგება. შედარებისთვის, NASDAQ-ის ინდექსის ზრდა 34.08 პროცენტი იყო, იაპონური ნიკეი 225 და გერმანული DAX ინდექსები კი შესაბამისად, 27.19 და 15.98 პროცენტით გაიზარდა. „მხოლოდ“ 15.91 პროცენტიანი ზრდა აქვს ამერიკულ S&P 500 ინდექსს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია, 37.164 ტრილიონი დოლარია.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ცნობილი ინვესტორი პიტერ შიფი, ბიტკოინის მიმართ კრიტიკას კვლავ არ იშურებს. ის ირწმუნება, რომ კრიპტო ბაზრის ფლაგმანის ეს ზრდა ხანმოკლე იქნება და საბოლოოდ, ბიტკოინს გაქრობა ელის.

მეორე მხრივ, მილიარდერი ტიმ დრეიპერი ამბობს, რომ ბიტკოინი 2025 წლამდე დაახლოებით 60-ჯერ გაიზრდება და ზღვარი არც ეს იქნება. სხვათა შორის, ბიტკოინი იმ იშვიათ კრიპტო აქტივებს შორისაა, რომლებსაც ამერიკელი რეგულატორები ლეგალურ აქტივად მიიჩნევენ. გარდა ამისა, არსებობს სხვა ფუნდამენტური საფუძვლებიც იმის სავარაუდოდ, რომ ბიტკოინის ფასი მალე ახალ სიმაღლეებს დააფიქსირებს. მათ შორისაა მოპოვების ჰალვინგი, რომელიც მომავალ წელს მოხდება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved