კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები

Home » ბიტკოინი » კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები
19/02/2022
კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები

კარდანომ (Cardano) ტრანზაქციების მოცულობით ბიტკოინი (BTC) და ეთერიუმი (Ethereum) ერთად ჩამოიტოვა

ვებგვერდ „მესარის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა მოწმობს, რომ რამდენიმე დღის წინათ, კარდანოს (Cardano) ქსელში, 24 საათის განმავლობაში შესრულებული ტრანზაქციების მოცულობა უფრო მეტი იყო, ვიდრე ბიტკოინისა (BTC) და ეთერიუმის (Ethereum) ერთად აღებული.

კერძოდ, აღნიშნულ მონაკვეთში კარდანოს (Ada) ტრანზაქციების მოცულობამ 17.56 მილიარდ დოლარს მიაღწია. იმავე დროით მონაკვეთში, ბიტკოინით (BTC) შესრულებული გადარიცხვების მოცულობა 10.65 მილიარდი დოლარი იყო, ეთერიუმის (Ethereum) შემთხვევაში კი – 5.77 მილიარდი.

კარდანოთი (Ada)  გადარიცხვების მოცულობის ასეთი ზრდის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ამ ქსელით გადარიცხვები მეტად იაფი და სწრაფია. განსაკუთრებით, ბიტკოინთან (BTC) და ეთერიუმთან (Ethereum) შედარებით. შესაბამისად, ამ დანიშნულებით, მას სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს. გარდა ამისა, ბიტკოინის (BTC) და ეთერიუმის (Ethereum) შემთხვევაში, გადარიცხული თანხის ზრდის შემთხვევაში, ტრანზაქცია ძვირდება. კარდანოს შემთხვევაში კი პირიქითაა – თუ მეტს გადარიცხავ, ნაკლებს გადაიხდი.

„მესარის“ მონაცემებით, ბიტკოინის (BTC) და ეთერიუმის (Ethereum) ქსელებში შესრულებული გადარიცხვებისას, მომხმარებლებს დაახლოებით 20 მილიონი დოლარი გადაახდევინეს. კარდანოს ტრანზაქციებზე კი გადასახადებმა სულ 51 985 დოლარი შეადგინა.

ტექსასელმა ბიჭებმა გაზით 4 მილიონის ბიტკოინი (BTC) მოიპოვეს

23 წლის მეგობრებმა ტექსასიდან, ბრენტ უაიტჰედმა და მეტ ლოჰსტროჰმა, ბიტკოინის (BTC) მაინინგისთვის ორიგინალური მეთოდი გამოიყენეს და ამით ბევრიც იხეირეს.

მათ აღმოსავლეთ ტექსასში მდებარე ნავთობ საბადოზე, ნავთობის თანმდევი გაზით, ელექტრო ენერგია გამოიმუშავეს, რითაც მათ ხელთ არსებული ASIC-მაინერები „გამოკვებეს“. უფრო მეტიც, საზრიანმა ახალგაზრდებმა, გარემოს დაბინძურებაც შეამცირეს – როგორც წესი, ნავთობის ჭაბურღილებზე, თანმდევი გაზი უქმად იწვის და ჰაერს აბინძურებს. ელექტრო ენერგიის მისაღებად, ამ გაზის გამოყენებამ კი, გარემოს CO2-ით დაბინძურება, დაახლოებით 63 პროცენტით შეამცირა.

ბიჭებს ნავთობის გაზით ბიტკოინის მოპოვების იდეა 2019 წელს დაებადათ, როდესაც ტექსასის უნივერსიტეტ A&M-ის მეორე კურსზე სწავლობდნენ. მათ შექმნეს კომპანია „გიგა ენერჯი სოლუშენზ“, დანადგარების შესაძენად საჭირო თანხის დიდი ნაწილი კი საკუთარი შრომით გამოიმუშავეს.

რაც შეეხება თანმდევ გაზს, ის ნავთობ მომპოვებლებისთვის თავსატკივარს წარმოადგენს. ნავთობის ჭაბურღილიდან ამ გაზის მომხმარებლამდე მისაყვანად, სპეციალური გაზსადენია საჭირო, რაც გაზს არარენტაბელურს ხდის. ამიტომ კომპანიებს ურჩევნიათ, ასეთი გაზი უბრალოდ დაწვან.

გაზის უვნებლად მოსაშორებლად, ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტა, ელექტრო ენერგიის გამომუშავებაა. გენერატორში გაზი სრულად იწვება, ჩირაღდნებში დაწვისას კი გაზის 25 პროცენტი ატმოსფეროში მაინც გამოიყოფა.

„ბავშვობაში, როდესაც გაზის ჩირაღდნებს ვხედავდი, ვხვდებოდი, რომ ეს მფლანგველობა იყო. ჩვენი პროექტი არამხოლოდ გამონაბოლქვის მოცულობას ამცირებს, არამედ გაზის მონეტიზირების საშუალებასაც გვაძლევს“, – ყვება უაიტჰედი. ახალგაზრდა მეწარმეების გათვლებით, გაზით ბიტკოინის გამომუშავებამ მათ 4 მილიონი დოლარის მოგების საშუალება მისცა. საქმის გაფართოების შემდეგ კი მოგება 20 მილიონ დოლარს მიაღწევს. ლოჰსტოჰი ვარაუდობს, რომ მალე გაზით ბიტკოინის გამომუშავებას, თავად ნავთობკომპანიებიც დაიწყებენ.

კრიპტო სამოთხე წყნარი ოკეანის კუნძულზე

უძრავი ქონების ბრიტანელმა ინვესტორმა ენტონი ველჩმა, წყნარ ოკეანეში, ვანუატუს არქიპელაგში, კუნძული ლატარო შეისყიდა, რომლისთვისაც სახელის შეცვლას და სატოშის დარქმევას გეგმავს. კუნძულის ფართობი სულ 300 ჰექტარია, მისი 90 პროცენტი კი ტროპიკული ტყით არის დაფარული.

მაგრამ ველჩი გეგმავს, რომ სატოში სმარტ ქალაქად გადააქციოს, რომელშიც მრავალსართულიანი აპარტამენტები აშენდება და რაც მთავარია, ეს კუნძულოვანი ქალაქი, ნამდვილი კრიპტო სამოთხე გახდება. თუმცა ინვესტორი ირწმუნება, რომ ეს ქალაქი, მოგების მისაღებად არ აშენდება.

ველჩი და მისი პარტნიორები ირწმუნებიან, რომ კუნძულზე მსოფლიო კრიპტო ცენტრს ააშენებენ. ინვესტორი კუნძულ ლატაროს 2017 წელს 12 მილიონ დოლარად ყიდდა, მის დასახასიათებლად კი ტერმინ „ეკოლოგიურ სამოთხეს“ იყენებდა. შემდეგ ველჩის ოჯახმა ვანუატუს მთავრობას, კუნძულის ნაკრძალად გამოცხადება შესთავაზა, რათა იქ მობინადრე ქოქოსის კიბორჩხალა გადაშენებისგან ეხსნათ.

რატომ მიაღწევს ბიტკოინის (BTC) ფასი 200 000 დოლარს

ანალიტიკურ კომპანია „ფანდსტრატის“ თანადამაარსებელმა ტომ ლიმ, CNBC-სთან საუბრისას, ბიტკოინის მიზნობრივ ფასად 200 ათასი დოლარი დაასახელა და განმარტა, თუ რის საფუძველზე ფიქრობს ასე.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ აშშ-ის შინამეურნეობების ჯამური ქონება 141 ტრილიონ დოლარს აღწევს. იმავდროულად, ცენტრალური ბანკის პოლიტიკა იქით მიდის, რომ უახლოეს ათწლეულში, ინვესტორებისთვის ბონდებში განხორციელებული დაბანდება წამგებიანი გახდება.

ეს ნიშნავს, რომ დაგროვილი კოლოსალური სპეკულაციური კაპიტალის სოლიდური წილი, ციფრული ვალუტების ბაზრისკენ გადაიქაჩება. შესაბამისად, გაიზრდბა მოთხოვნა ბიტკოინსა და სხვა ვალუტებზე, რაც მათს უცილობელ გაძვირებას გამოიწვევს.

ლი ასევე ამბობს, რომ ახალი მომხმარებლები, ციფრული ფულის იოლი მართვის და გადაადგილების შესაძლებლობით მოიხიბლებიან. ბიტკოინისთვის ჯერჯერობით პრობლემად რჩება მისი მაღალი ფასი. ამიტომ ის თვლის, რომ მოსახერხებელი იქნება ანგარიშის სატოშებით (ბიტკოინის ერთეული – 1 ბიტკოინში 100 მილიონი სატოშია) წარმოება.

ლი და მისი კომპანია ვარაუდობენ, რომ ბიტკოინის (BTC) ფასი 200 ათას დოლარს 2022 წლის ბოლოს მიაღწევს.

ოლიმპიადის დროს ციფრული იუანით გადარიცხვებმა „ვიზა-ს“ აჯობა

„უოლ სტრიტ ჯორნელის“ ინფორმაციით, პეკინის ზამთრის ოლიმპიადის პირველი კვირის განმავლობაში, ციფრული იუანით შესრულებული გადარიცხვების რიცხვი, „ვიზას“ გადარიცხვებზე მეტი აღმოჩნდა.

ოლიმპიური სტადიონის და საკარანტინო „ბუშტის“ შიდა პერიმეტრში, ბევრი გადაცვლის აპარატი განლაგდა, რომლებზეც ფიატური ფულის ციფრულ იუანზე (e-CNY) გაცვლაა შესაძლებელი. ოლიმპიადის მონაწილეებს, მაყურებლებს და სტუმრებს, ანგარიშწორება შეუძლიათ როგორც ნაღდი ფულით, ასევე „ვიზას“ ბარათებით და ციფრული იუანით. ამასთან, ციფრული ფულის გამოყენების შემთხვევაში, ადამიანებს შორის კონტაქტი მინიმალურია, რაც პანდემიის დროს, მნიშვნელოვნად ზრდის ციფრული იაუნის გამოყენებას.

ციფრული ვალუტების გაცვლის პლატფორმა „ბაიბიტი“ რედ ბულის პარტნიორი გახდა

ციფრული ვალუტების გაცვლის პლატფორმა „ბაიბიტმა“ მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა ფორმულა 1-ის გუნდ „რედ ბულ რეისინგთან“. არაოფიცალური ინფორმაციით, გარიგება  სამწლიანია და მის განმავლობაში, ფ1-ის გუნდი 150 მილიონ დოლარს მიიღებს.

უფრო ადრე, „რედ ბულმა“ ახალი კონტრაქტი გააფორმა პროგრამული პროდუქტების გიგანტ „ორეკლთან“, რომლისგანაც ხუთი წლის განმავლობაში, 300 მილიონ დოლარს მიიღებს. ამასთან, „ორეკლი“ „რედ ბულის“ ტიტულოვანი სპონსორი იქნება.

ეს ორი კონტრაქტი, ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანიის გუნდის ბიუჯეტის დიდ ნაწილს ფარავს. ცნობისათვის, გუნდებს ახალი სეზონიდან მაქსმუმ 140 მილიონი დოლარის დახარჯვის უფლება აქვთ. მომდევნო სეზონში კი ბიუჯეტის ჭერი 135 მილიონ დოლარამდე შემცირდება.

უფრო ადრე, ფრანგულმა გუნდმა „ალპინმა“ კონტრაქტი „ბაინენსთან“ გააფორმა. კომპანია „კრიპტო.კომ“ კი ფორმულა 1-ის მსხვილი სპონსორია.

პატიოსანმა პროგრამისტმა ეთერიუმის (Ethereum) უკონტროლო გამრავლება აღკვეთა

კომპიუტერული პროგრამების ინჟინერმა, ვინმე ჯეი ფრიმენმა, ეთერიუმის (Ethereum) სისტემაში აღმოაჩინა გაუმართაობა, რომლითაც მის აღმომჩენს შეეძლო, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი გამხდარიყო.

პროექტი „ოპტიმიზმი“ ეთერიუმის ტრანზაქციების სწრაფად და იაფად შესრულების საშუალებას იძლევა. მაგრამ მის პროგრამაში აღმოჩნდა შეცდომა, რომელიც ეთერიუმის მრავალჯერადად შექმნის საშუალებას იძლეოდა.

ფრიმენმა თავისი აღმოჩენით ბოროტად სარგებლობაზე უარი თქვა და პროექტ „ოპტიმიზმს“ უწესივრობის აღმოფხვრაში შეუწყო ხელი, რისთვისაც ჯილდოდ 2 მილიონი დოლარი მიიღო.

ბიტკოინის (BTC) მაინერებმა შარშან 15 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს

ანალიტიკურმა კომპანია „ბლოკ რისერჩმა“ გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომელიც გვამცნობს, რომ შარშან ბიტკოინის (BTC) მაინერებმა 15 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღეს. ეს კი ნიშნავს, რომ მათი შემოსავალი ერთი წლის განმავლობაში 206 პროცენტით გაიზარდა.

სტატისტიკის შესაბამისად, შემოსავლის ზრდა, ბიტკოინის (BTC) ფასის მატების შედეგია. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის (BTC) ფასი ნოემბერში რეკორდულ მაჩვენებლამდე (69 ათასი დოლარი) გაიზარდა.

შემოსავლის კიდევ უფრო მეტი ზრდა ჰქონდათ ეთერიუმის მაინერებს, რომლებმაც შარშან 16.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღეს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 678 პროცენტით მეტია.

„JP მორგანი“ მეტასამყაროში დამკვიდრდა

ამერიკული საბანკო გიგანტი „JP მორგანი“ პირველი დიდი ბანკია, რომელმაც თავისი წარმომადგენლობა მეტასამყაროში გახსნა. მის ოფისში, ვიზიტორებს ბანკის მთავარი აღმასრულებლის, ჯეიმი დაიმონის ციფრული პორტრეტი დახვდებათ. და დიდი შანსია იმისა, რომ მათ მოხეტიალე ვეფხვიც გადაეყაროს.

„JP მორგანის“ ვირტუალური ოფისის დასვენების ოთახი, მეტასამყარო „დეცენტრალენდის“ სავაჭრო ცენტრ „მეტაჯუკუში“ განლაგდა. ბანკი ვარაუდობს, რომ მეტასამყარო მალე ყველა სექტორში შეაღწევს და ცხოვრების ნაწილი გახდება. მასში წლიურად 1 ტრილიონი დოლარის მიღების შესაძლებლობა იქნება.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved