CFTC-ის აზრით, ყველა კრიპტო ვალუტის კონტროლი საჭირო არ არის

Home » ბიტკოინი » CFTC-ის აზრით, ყველა კრიპტო ვალუტის კონტროლი საჭირო არ არის
25/05/2023
CFTC-ის აზრით, ყველა კრიპტო ვალუტის კონტროლი საჭირო არ არის

შეერთებული შტატების სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის (CFTC) ხუთიდან ერთ-ერთმა წევრმა, კრისტი გოლდსმიტ რომერომ განაცხადა, რომ ბაზარზე არსებული ყველა კრიპტო ვალუტის გაკონტროლება შეუძლებელია. თუმცა ეს საჭიროდ არც მიაჩნია და დასძენს, რომ მისი კომისია, კრიპტოებთან დაკავშირებულ რამდენიმე დიდ საქმეზე მუშაობს.

გოლდსმიტ რომერო ამბობს, რომ მისი კომისიის პორტფელში, საქმეთა დაახლოებით 20 პროცენტი, კრიპტო აქტივებს ეხება. მათ შორისაა ისეთი დიდი სავაჭრო პლატფორმები, როგორებიცაა Binance და FTX.

„ამ სივრცეში ბევრი თაღლითობაა და არ არსებობს გზა, რომელიც ამ სფეროს სრულად გაკონტროლების საშუალებას მოგვცემს. მაგრამ ჩვენ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ“, – ნიუ იორკში გამოსვლისას განაცხადა გოლდსმიტ რომერომ.

CFTC-ის თავმჯდომარე როსტინ ბეხნამი კანონმდებლებისგან, უფლებამოსილებათა გაზრდას ითხოვს, რათა კომისიამ კრიპტო ბაზრების უკეთ გაკონტროლება შეძლოს, რაც თაღლითობათა გამოვლენის და მათთან ბრძოლის საშუალებას მისცემს.

გოლდსმიტ რომერო უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ თითქოს, CFTC-სა და ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების კომისიას (SEC) შორის, „ტერიტორიებისთვის ომი“ მიმდინარეობს, რისი მიზანიც, კრიპტო ბაზრის ერთპიროვნულად რეგულირების უფლების მოპოვებაა. ამასთან აღიარებს, რომ ამ სფეროში, ბევრი პროდუქტი ახალია და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ სააგენტოები „ამაში გარკვევას“ ცდილობენ, რაც გარედან სხვაგვარად ჩანს.

მარტში CFTC-მ Binance და მის დამაარსებელსა და მთავარ აღმასრულებელ ჩანპენ ჟაოს ბრალი დასდო იმაში, რომ ისინი შესაბამისობის ფიქციურ პროგრამას იყენებენ. ამაზე ჟაომ განაცხადა, რომ კომისიის ეს საჩივარი, „ფაქტების არასრულყოფილი გადმოცემაა“.

რაც შეეხება პლატფორმა FTX-ის საქმეს, ამ შემთხვევაში, CFTC ამტკიცებდა, რომ პლატფორმის და მისი დამაარსებლის, სემ ბენკმან-ფრიდის უკანონო საქმიანობამ, კლიენტების კუთვნილი, 8 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების დეპოზიტების დაკარგვა გამოიწვია. თუმცა ბენკმან-ფრიდი ამ და სხვა ბრალდებებს უარყოფს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved