მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტო სავაჭრო პლატფორმა „ბიტმექსის“ (BitMEX) ყოფილი მთავარი აღმასრულებელი არტურ ჰეისი ამბობს, რომ ბიტკოინის ფასი მალე 1 მილიონ დოლარს მიაღწევს. მან გამოაქვეყნა ეგრეთ წოდებული საგზაო რუკა, რომელშიც აღწერილია, თუ რა მიიყვანს ბიტკოინს (BTC) მილიონ დოლარამდე.
კრიპტო ვალუტების პერსპექტივებზე ისაუბრა მსოფლიოს მეორე უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმაც, ვინც შეერთებული შტატების მთავრობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მეტისმეტად გაზრდილია სამთავრობო ხარჯები და ამ ფონზე, ფედრეზერვის საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებულ სიგნალებზე, მეტად მგრძნობიარე რეაქცია აქვს კრიპტო ვალუტებს და მათ ბაზარს.
ახლახანს, ინფლაციის გარკვეული დონით შემცირების მიუხედავად, ფედრეზერვმა დოლარზე განაკვეთი მაინც გაზარდა და როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ამას მომდევნო სხდომაზეც გააკეთებს, რის შემდეგაც, პოლიტიკის გამკაცრებას შეწყვეტს და დაკვირვების ფაზაში გადავა.
მასკი ამბობს, რომ დოლარზე მაღალი განაკვეთი არის საბანკო კრიზისის მთავარი მიზეზი და ეს პრობლემა უკვე ევროპაშიც გადავიდა და ამ ყველაფრის ფონზე, დოლარი ინვესტორთა თვალში მიმზიდველობას კარგავს. ამის ფონზე კი მათთვის სულ უფრო საინტერესო აქტივი ხდება კრიპტო ვალუტები, რომლებიც შექმნილ სიტუაციაში, რისკებისგან თავშესაფარი აქტივების როლს ასრულებენ.
საფინანსო კომპანია „გრიტ კეპიტალის“ (Grit Capital) მთავარი აღმასრულებელი ჟენევიევ როჩ-დეკტერი თვლის, რომ დოლარმა შეიძლება დაკარგოს „მსოფლიო სარეზერვო ვალუტის“ სტატუსი, რაც ისევ კრიპტო ვალუტებზე მოთხოვნის და მათზე ფასების ზრდას შეუწყობს ხელს.
ანალიტიკოსების უმეტესობა თვლის, რომ საბანკო კრიზისის გათვალისწინებით, ფედრეზერვს მალე მოუწევს პოლიტიკის შეცვლა და დოლარზე განაკვეთის დაკლებას დაიწყებს. ეს კი ბიტკოინის (BTC) და სხვა კრიპტო ვალუტების ფასების ზრდას გამოიწვევს.