ბიტკოინმა (Bitcoin) ახალი კვირა, ბოლო 9 თვის მაქსიმუმის მიღწევით დაიწყო. მანამდე კი, მისმა ფასმა ბოლო ოთხ წელიწადში ერთ-ერთი საუკეთესო კვირა დახურა. ამის ძირითადი მიზეზი, საბანკო სისტემაში არსებული პრობლემებია, რომელთა გამოც, ინვესტორების ნაწილი, ციფრული აქტივების შეძენაზე გადავიდა.
ყველაზე დიდი და პოპულარული კრიპტო ვალუტის ფასი, კვირას ჯერ 28 474 დოლარამდე გაიზარდა, შემდეგ კი 27 549 დოლარამდე დაწია. ორშაბათს ისევ $ 28 000-ზე მაღლა ავიდა.
წინა კვირაში ფასის ზრდამ 26%-ს მიაღწია, ათი დღის განმავლობაში კი მატება 35% იყო. ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც საბანკო სისტემაში კრიზისული სიტუაცია შეიქმნა. ამის მიზეზი „სილიკონ ვალეი ბანკის“ (SVB) და კიდევ ორი ამერიკული ბანკის კრახი გახდა. ბოლოს კი კრიზისი ორ შვეიცარიულ ბანკს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ გააძლიერა – UBS-მა კონკურენტი „კრედიტ სუისი“ დიდი ფასდაკლებით შეისყიდა.
„მომენტუმს ლიკვიდურობა აყალიბებს. როგორც ბიტკოინი, რომელსაც ლიკვიდურობის ალტერნატიულ საშუალებად განიხილავენ“, – ამბობს სინგაპურულ ფინანსური სერვისების კომპანია „მატრიქსპორტის“ (Matrixport) ციფრული აქტივების კვლევისა და სტრატეგიის შტოს შეფი მარკუს თილსონი.
ის ასევე ფიქრობს, რომ შესაძლოა, ბიტკოინის ფასი წელს 45 000 დოლარამდე გაიზარდოს. ამას ხელს შეუწყობს ის გარემოება, რომ ცენტრალური ბანკების ლიკვიდურობა, გამოყენებას კრიპტო ვალუტებში ხედავს, როგორც ეს 2021 წელს იყო – მაშინ ბიტკოინის (BTC) ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
შეერთებული შტატების ფედერალურმა სარეზერვო სისტმამ კვირას გამოაცხადა, რომ ის და სხვა დიდი ცენტრალური ბანკები, საბანკო კრიზისის აღსაკვეთად, ლიკვიდურობას გაზრდიან, რაც ფინანსური ბაზრებისთვის, დოლარის და სხვა ვალუტების მიწოდების ხარჯზე მოხდება. შედეგად, ბაზრებზე ფულის მასა მოიმატებს, რაც ინფლაციურ პროცესებს გააძლიერებს. ინფლაციისგან დაცვის მიზნით კი ინვესტორები კრიპტო აქტივებით სულ უფრო მეტად დაინტერესდებიან.