„ბლექროკის“ წყალობით, ბიტკოინმა ბოლო ორი თვის მაქსიმუმს მიაღწია

Home » ბიტკოინი » „ბლექროკის“ წყალობით, ბიტკოინმა ბოლო ორი თვის მაქსიმუმს მიაღწია
22/06/2023
„ბლექროკის“ წყალობით, ბიტკოინმა ბოლო ორი თვის მაქსიმუმს მიაღწია

ზედიზედ მესამე დღეა, რაც ბიტკოინი ზრდას აგრძელებს და უკვე ბოლო ორი თვის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიუახლოვდა. მასთან ერთად, მთელი კრიპტო ბაზარიც გამოცოცხლდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მსოფლიოში უდიდესი აქტივების მმართველი კომპანია „ბლექროკი“ (BlackRock), ბიტკოინის ETF-ს (ურთიერთგაცვლის ფონდს) აყალიბებს.

„ბლექროკი“ ქმნის გაცვლით პლატფორმას, რომელიც ინვესტორებს აქტივების ამ კლასში, წილების მიღების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, ახლახანს „უოლ სტრიტ ჯორნელში“ დაიწერა, რომ მუშაობა დაიწყო კრიპტო სავაჭრო პლატფორმა „EDX მარკეტსმა“, რომელსაც უკან ისეთი გიგანტები უდგას, როგორებიცაა „საიტადელ სეკურიტიზი“, „ფაიდელიტი“ და „შვაბი“.

იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების კომისია (SEC), ორ კრიპტო პლატფორმას, „ბაინენსს“ და „კოინბეიზს“ ავიწროებს, ეს ინფორმაცია კრიპტო ბაზრისთვის დადებითი ბიძგის მიმცემია, რაც თითქმის ყველა კრიპტო ვალუტის ფასზე აისახება.

ბიტკოინის, მსოფლიოს უდიდესი კრიპტო ვალუტის ფასი, 30 000 დოლარს ასცდა, რაც ნიშნავს, რომ წლის დასაწყისიდან, ის დაახლოებით 81 პროცენტით არის გაზრდილი.

„ყველაფერი დაიწყო იმით, რომ „ბლექროკმა“ ბიტკოინის ETF-ზე განაცხადი შეიტანა და სხვებიც იგივეს აკეთებენ. ვის აინტერესებს რეგულაციების გარკვეულობა, როდესაც „ბლექროკი“ საქმეს იწყებს?“ – წერს საბროკერო კომპანია „ოანდას“ ბაზრის მთავარი ანალიტიკოსი ედვარდ მოია. თუმცა იქვე დასძენს, რომ თუ ეს ბიტკოინისთვისაა კარგი ამბავი, დანარჩენი კრიპტოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუ SEC-ისგან „დადებითი ინფორმაციები წამოვა“.

იზრდება ეთერიუმიც, რომლის ფასმაც 1 900 დოლარს მიაღწია, თუმცა ჯერაც შორსაა აპრილის მაქსიმუმისგან (2 100 დოლარი).

© 2020 MyCoins.ge all rights reserved