ინგლისის ბანკი (BoE): FTX-ის კრახი კრიპტო ბაზრის რეგულაციის აუცილებლობაზე მეტყველებს

Home » ბლოგი » ინგლისის ბანკი (BoE): FTX-ის კრახი კრიპტო ბაზრის რეგულაციის აუცილებლობაზე მეტყველებს
21/11/2022
ინგლისის ბანკი (BoE): FTX-ის კრახი კრიპტო ბაზრის რეგულაციის აუცილებლობაზე მეტყველებს

ინგლისის ბანკის (BoE) მმართველის მოადგილე ჯონ კანლიფის თქმით, კრიპტო სავაჭრო პლატფორმა FTX-ის კრახი იმის აშკარა ნიშანია, რომ კრიპტო ბაზარი რეგულაციებს საჭიროებს. ახლახანს გაირკვა, რომ გაკოტრებულ FTX-ს, თავისი 50 ყველაზე მსხვილი ინვესტორის დაახლოებით 3.1 მილიარდი დოლარი მართებს.

„მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო სამყარო, როგორც გასული წლის კრიპტო ზამთარმა და FTX-ის კრახმა აჩვენა, არაა იმდენად დიდი, რომ საერთაშორისო ფინანსური სისტემის სტაბილურობას საფრთხე შეუქმნას, მისი კავშირი ძირითად ფინანსურ მოძრაობასთან თანდათან იზრდება. ეს კი ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან, მისი საკანონმდებლო მოწესრიგება აუცილებელი იქნება“.

კანლიფი

მისივე თქმით, რეგულაციების აუცილებლობა განსაკუთრებით FTX-ის კრახმა გამოავლინა:

„ჩვენ არ უნდა ველოდოთ იმ დროს, როდესაც ეს ბაზარი გაიზრდება და საზოგადოების ფართო მასებს მოიცავს. აუცილებელია საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც ინვესტორებს მსგავსი მოვლენებისგან დაიცავს“.

ამ ეტაპზე, ბრიტანულ კრიპტო ფირმებს მოეთხოვებათ დაამტკიცონ, რომ ფულის გათეთრების აღსაკვეთად, კრიპტო ოპერაციებს სრულად აკონტროლებენ. თუმცა ბევრმა ლიცენზია ისე მიიღო, რომ ბრიტანული მარეგულირებელი ორგანოებისგან ლიცენზიაზე თანხმობა არ მიუღიათ.

ბრიტანეთში აპირებენ ახალი კანონის მიღებას, რომლიც ფინანსურ მომსახურებებს და ბაზრებს დაარეგულირებს. მასშივე გათვალისწინებული იქნება სტეიბლკოინების რეგულირებაც, რომლებიც ცალკეული ვალუტებით (ძირითადად დოლარით) არის უზრუნველყოფილი.

კანლიფი ამბობს, რომ BoE საზოგადოებრივ კონსულტაციებს გამართავს, რისი მიზანიც, სტეიბლკოინებთან დაკავშირებით, ყოვლისმომცველი რეგულაციების შემუშავებაა. კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთანაც იგეგმება, რისი მიზანიც, ინვესტორების უფრო მეტი დაცვით უზრუნველყოფაა.

იმავდროულად, ინგლისის ბანკი და ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო ერთდროულად განიხილავენ ციფრული სტერლინგის შემოღების მიზანშეწონილობას. კანლიფი ამბობს, რომ ამ მიმართულებით, მთავარი საკითხი რისკების მართვაა. მისი თქმით, FTX-ის კრახი დასტურია იმისა, რომ სწორედ რისკებია ის საკითხი, რომელიც პირველ რიგში საჭიროებს მოგვარებას.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved