კრიპტო სამყაროს კრიზისი Binance-ის და FTX-ის მოლაპარაკების ჩაშლის ფონზე

Home » ბლოგი » კრიპტო სამყაროს კრიზისი Binance-ის და FTX-ის მოლაპარაკების ჩაშლის ფონზე
11/11/2022
კრიპტო სამყაროს კრიზისი Binance-ის და FTX-ის მოლაპარაკების ჩაშლის ფონზე

კრიპტო ვალუტების ბაზარი მძიმედ დააზარალა იმ ინფორმაციის გავრცელებამ, რომლის თანახმადაც, კრიპტო პლატფორმა Binance-ი გაკოტრების წინაშე მყოფი სხვა პლატფორმის, FTX-ის შესყიდვისგან თავი შეიკავა. კრიპტო ბაზარმა ეს მორიგ მტკივნეულ დარტყმად აღიქვა, რამაც ინვესტორების რისკებისგან გაქცევა და შესაბამისად, ციფრული ვალუტების ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. FTX-ის შეფმა სემ ბენკმენფრიდმა გამოაცხადა, რომ მისი კომპანია „ყველა შეთავაზებას განიხილავს“, მაგრამ აღიარებს, რომ პლატფორმის გაკოტრებისგან ხსნის შანსები შემცირდა. პარალელურად, პლატფორმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ თანხების გატანის პროცესი შეჩერებულია. ამასთან, პლატფორმა მომხმარებლებს რჩევას აძლევს, რომ დეპოზიტების შეტანისგან თავი შეიკავონ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ჯამში რა ზარალი ელით FTX-ის მომხმარებლებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ისედაც დაღმავალ ტრენდში მყოფი კრიპტო ბაზარი, ამ ამბავმა ძლიერ დააზარალა.

FTX-ის კრიზისთან ერთად, მკვეთრად დაეცა მის საკუთარ მონეტა FTT-ის ფასი, რომლის ღირებულებამაც 90 პროცენტით დაიკლო. ის ახლა დაახლოებით 2 დოლარის ფარგლებშია და ახლოსაა ისტორიულ მინიმუმთან (1.50 დოლარი). ამის პარალელურად, ბიტკოინის ფასი 16 000 დოლარს ჩამოსცდა, თუმცა მომდევნო საათებში, ფასმა 16 500 დოლარამდე აწევა შეძლო.

რაც შეეხება Binance-ს, მან FTX-ის შესყიდვისგან თავის შეკავება, სიფრთხილის გამო გადაწყვიტა. ამის შემდეგ, ბენკმენფრიდმა პლატფორმა OKX-ს მიმართა, რომელიც ასევე დაინტერესებული იყო FTX-ის შეძენით. მაგრამ ეს ინტერესი მაშინვე გაქრა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ პირველ ეტაპზე, სასწრაფოდ გადასახდელია 7 მილიარდი დოლარის ვალდებულებები.

აღსანიშნავია, რომ FTX-ის პრობლემები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ამ პლატფორმამ, კრიზისში მყოფი სხვა მსგავსი სავაჭრო პლატფორმების გამოსყიდვა დაიწყო. ამან მის ფინანსურ შესაძლებლობებს მძიმე დარტყმა მიაყენა. აშშ-ში უკვე დაიწყო გამოძიება იმასთან დაკავშირებით, რომ FTX თავისი მომხმარებლების მიერ პლატფორმაზე შეტანილ თანხებს, საკუთარი მიზნებისთვის (კომპანიის გაფართოებისთვის) იყენებდა. საქმით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტიც დაინტერესდა.

ბევრმა ინვესტორმა უკვე ჩამოწერა FTX-ზე განთავსებული საკუთარი ფონდები. მაგალითად, ფონდმა Sequoia Capital-მა 150 მილიონი დოლარის აქტივი ჩამოწერა. Sequoia-ს გარდა, FTX-ის ინვესტორები ასევე არიან კანადური „ონტარიოს მასწავლებელთა საპენსიო ფონდი“, Tiger Global, ასევე იაპონური SoftBank.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved