მსოფლიოში უკვე 38 ათასზე მეტი კრიპტო ATM მუშაობს

Home » ბლოგი » მსოფლიოში უკვე 38 ათასზე მეტი კრიპტო ATM მუშაობს
04/11/2022
მსოფლიოში უკვე 38 ათასზე მეტი კრიპტო ATM მუშაობს

2013 წლის 29 ოქტომბერს, ქალაქ ვანკუვერის (კანადა) ცენტრში გაიხსნა ბიტკოინის ATM, რომელიც კომპანია „რობოკოინს“ ეკუთვნოდა. ეს იყო მსოფლიოში პირველი ბიტკოინ ATM, რომლითაც პირველივე კვირაში 348 ტრანზაქცია შესრულდა. გადარიცხული ბიტკოინების/სატოშების ჯამური მოცულობა დაახლოებით 100 ათას დოლარს აღწევდა.

ამ ცხრა წლის განმავლობაში, კომპანია „რობოკოინმა“ მუშაობა შეაჩერა, მისი კუთვნილი ATM დანადგარი კი დიდი ალბათობით, გამოიცვალა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ კრიპტო ATM-ები თანდათან დამკვიდრდა ცხოვრებაში და როგორც კომპანია „კოინ ATM რადარი“ იტყობინება, ამჟამად მთელს მსოფლიოში, კრიპტო ვალუტების 38 804 ATM აპარატი მუშაობს.

ყველაზე მეტი კრიპტო ATM აპარატი შეერთებულ შტატებშია განლაგებული. ამ ქვეყანაზე მსოფლიო ATM აპარატების დაახლოებით 88 პროცენტი მოდის. უფრო მეტიც, ბოლო თვეებში დამონტაჟებული კრიპტო ATM აპარატების 90 პროცენტი შეერთებულ შტატებში ამუშავდა. მარტო ოქტომბერში, მსოფლიოში 205 კრიპტო ATM ამუშავდა, რომელთაგან 129 ცალი ამერიკის ტერიტორიაზეა.

კანადაში, სადაც პირველი კრიპტო ATM ამუშავდა, ამჟამად 566 ასეთი აპარატი მუშაობს. „კოინ ATM რადარის“ ინფორმაციით, აშშ-ის ჩრდილოელ მეზობელს, ამ მხრივ მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია. მესამე ადგილზე კი ესპანეთმა გადაინაცვლა, სადაც 215 კრიპტო ATM მუშაობს. ეს მსოფლიოს შესაბამისი ბაზრის მხოლოდ 0.6 პროცენტია.

ნავარაუდებია, რომ 2027 წლისთვის მსოფლიოში კრიპტო ATM-ების რიცხვი ათჯერ გაიზრდება და ამ ბაზრის მოცულობა 472 მილიონ დოლარს მიაღწევს. საინტერესოა, რომ დაღმავალი კრიპტო ბაზრის გავლენით, კრიპტო ATM-ების რიცხვის ზრდის ტემპმა დაიკლო.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved