ნოვოგრაცი კრიპტო ტრეიდერებს აფრთხილებს: 200x მოგება „ნორმალური არაა“

Home » ბლოგი » ნოვოგრაცი კრიპტო ტრეიდერებს აფრთხილებს: 200x მოგება „ნორმალური არაა“
28/07/2022
ნოვოგრაცი კრიპტო ტრეიდერებს აფრთხილებს: 200x მოგება „ნორმალური არაა“

კრიპტო აქტივების მართვის კომპანია „გალაქსი დიჯიტალის“ (Galaxy Digital) დამაარსებელი და მთავარი აღმასრულებელი მაიკ ნოვოგრაცი, კრიპტო ტრეიდერებს აფრთხილებს, რომ ინვესტირებულ თანხებზე ორასჯერ მეტი მოგების მიღება ნორმალური არაა. მილიარდერი ამ სფეროში მომუშავე საცალო მოვაჭრეებს, კრიპტო ბაზარზე მიმდინარე მკვეთრი რყევების შესახებ აფრთხილებს, რაც მათი ინვესტიციებისთვის დიდი რისკის შემცველია.

„მე მეგობრები მყავდა, რომლებმაც ბევრი კრიპტო იყიდეს. ამან მათი ცხოვრება შეცვალა. ისინი ბევრ ფულს ადრე ვერასდროს შოულობდნენ, მერე კი უცებ კრიპტოვალუტაში 5 მილიონ დოლარს მოუყარეს თავი. მე მათ თვალებში ჩავხედე და ვუთხარი: ამის ნახევარი, ან ორი მესამედი უნდა გაყიდოთ. არანორმალურია, როდესაც რაღაცით ერთბაშად 200x მოგების მიღება გსურს“, – ყვება ნოვოგრაცი და დასძენს, რომ ყველა ადამიანი ვერ იქნება ინვესტორი. მისი თქმით, სიხარბე ძალიან ხშირად, რაციონალურ აზროვნებას ხელს უშლის.

იმავდროულად, ნოვოგრაცი კრიპტო ინდუსტრიის კრიტიკისგანაც არ იკავებს თავს. „ხშირად, მთელი კრიპტო ინდუსტრია, იდიოტების ბრბოს შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც გაწბილებას იწვევს“, – წუხს ინვესტორი.

მისი გაწბილების მთავარი წყარო გახდა ტერას ეკოსისტემის კრახი. ამას კი მთლიანად ციფრული აქტივების სივრცის დაახლოებით 50 მილიარდი დოლარით კლება მოჰყვა. სხვათა შორის, ნოვოგრაცი ტერას პროექტის მხურვალე მხარდამჭერი იყო და ამის გამო, მხარზე შესაბამისი თემის ტატუც კი გაიკეთა. მისი თქმით, თავისი ტატუ მუდმივად გაახსენებს იმას, რომ ვენჩურულ ინვესტირებას გაწონასწორებული მიდგომა სჭირდება.

ნოვოგრაცს ეჭვი არ ეპარება, რომ ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტექნოლოგიები, თანდათან მოიკიდებს ფეხს და თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილი გახდება. ის დარწმუნებულია, რომ Web3 და ბლოკჩეინი, ინდუსტრიებს, საზოგადოებას და ინტერნეტს შეცვლის და მომავალში, ფიზიკურ და ციფრულ რეალობებს შორის არსებულ ზღვარს წაშლის.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved