ბიტკოინის გაყიდვა არ ნიშნავს, რომ თქვენ ოპტიმისტი არ ხართ

Home » ბლოგი » ბიტკოინის გაყიდვა არ ნიშნავს, რომ თქვენ ოპტიმისტი არ ხართ
11/08/2022
ბიტკოინის გაყიდვა არ ნიშნავს, რომ თქვენ ოპტიმისტი არ ხართ

კრიპტო ვალუტების ბაზარზე მიმდინარე მასობრივი გაყიდვების მიუხედავად, კომპანიების ნაწილი, რომლებმაც გასულ თვეებში საკუთარი ბიტკოინის დანაზოგები გაყიდეს, კრიპტო ვალუტებთან დაკავშირებით, პესიმისტურ განწყობას არ ავლენენ.

მათ შორისაა კანადური საინვესტიციო კომპანია „საიფერპანკ ჰოლდინგსი“, რომელმაც წლევანდელი კრიპტო ზამთრის დროს, მის ხელთა არსებული ბიტკოინები და ეთერიუმები სრულად გაყიდა. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც საკუთარი სახსრების ბიტკოინში ინვესტირება დაიწყო. კომპანია აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინების და ეთერიუმების 100 პროცენტი გაყიდული აქვს, ამ და სხვა კრიპტო ვალუტებთან დაკავშირებით, ოპტიმისტური მოლოდინი გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ „საიფერპანკი“ ტორონტოს საფონდო ბაზარზე, ტიკერ HODL-ით (Hold On for Dear Life) ვაჭრობს. ეს აბრევიატურა გამოიყენება კრიპტო სივრცეში და არაპირდაპირ ნიშნავს – „შეინარჩუნე ძვირფასი სიცოცხლისთვის“. ამ ტერმინით მოიხსენიება სტრატეგია, რომელიც ბიტკოინის ან სხვა კრიპტოს საფულეში შენახვას (ბაზარზე არსებულ ნებისმიერ სიტუაციაში) და გაძვირების დალოდებას მოიაზრებს.

„საიფერპანკის“ მთავარი აღმასრულებელი ჯეფრი გაო ამბობს, რომ პერიოდულად გაყიდვების მიუხედავად, ინვესტორები კრიპტო ვალუტების მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

„ჩვენ ამ ბიზნესში იმის გამო ვართ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, კრიპტო ბაზარი მზარდია“, – ამბობს გაო. ის დასძენს, რომ მისი კომპანია ნებისმიერ მომენტში დაიწყებს ბიტკოინის, ან სხვა ვალუტების შესყიდვას, როგორც კი ამას საჭიროდ ჩათვლის.

გაო თვლის, რომ ბაზარზე რისკის მართვა არის ის ფაქტორი, რაც კრიპტო ინდუსტრიას, სხვა ტიპის, უფრო ჩამოყალიბებული ბაზრებისგან განასხვავებს. ამ ფონზე, ბიტკოინის გაყიდვა არ ნიშნავს იმას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ხარული (მყიდველის) განწყობა არ გაქვს.

გაო ამბობს, რომ „საიფერპანკმა“ ბიტკოინების გაყიდვა მაისში, „ტერას“ კრახამდე დაიწყო. როცა „ტერას“ სტეიბლკოინი მკვეთრად გაუფასურდა, „საიფერპანკს“ საკუთარი ბიტკოინების 30-40 პროცენტი გაყიდული ჰქონდა. კომპანიამ ბიტკოინების მორიგი პარტია მაისის ბოლოს გაყიდა, როდესაც ეს ვალუტა 30 ათასი დოლარის ფარგლებში ღირდა. ბოლო გაყიდვა კი ივნისში განახორციელა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved