თურქეთში და არგენტინაში ინფლაციას ციფრული ფულით ებრძვიან

Home » ბლოგი » თურქეთში და არგენტინაში ინფლაციას ციფრული ფულით ებრძვიან
03/05/2023
Photo: არგენტინაში და თურქეთში ინფლაციას ციფრული ფულით ებრძვიან
თურქეთში და არგენტინაში ინფლაციას ციფრული ფულით ებრძვიან

ციფრული ვალუტები რისკიან აქტივებად ითვლება. მართალია, ბიტკოინს სამომავლოდ ციფრული ოქროს როლს უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა კრიპტოებთან ერთად, მისი ფასი ჯერჯერობით საფონდო ბაზართან კორელაციაშია. თუმცა ბოლო დროს შეინიშნება ამ კორელაციის დარღვევის ფაქტები.

გარდა ამისა, მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც მაღალი ინფლაციაა, მოსახლეობა დაგროვების საშუალებად, სულ უფრო მეტად იყენებს ბიტკოინს და სხვა ციფრულ ვალუტებს. ასეთ ქვეყნებს მიეკუთვნება არგენტინა და თურქეთი, სადაც ფასები მუდმივად იზრდება და ადგილობრივი ვალუტები – უფასურდება. ამის გამო, ხალხი საშველს კრიპტო ფულში პოულობს.

ეს ქვეყნები, მოსახლეობის მიერ, კრიპტო ვალუტების ფლობის მხრივ, მსოფლიო ლიდერები არიან. კერძოდ, თურქეთის მოსახლეობის 27.1 პროცენტი, კრიპტო ვალუტას ფლობს. არგენტინაში ეს მაჩვენებელი 23.5 პროცენტია. მსოფლიოს მასშტაბით, მოსახლეობის „მხოლოდ“ 11.9 პროცენტია კრიპტო ვალუტების მფლობელი – ამ ინფორმაციას, ბაზრების კვლევებზე მომუშავე კომპანია GWI აქვეყნებს.

მარტის მონაცემებით, თურქეთში წლიური გადაანგარიშებით, ინფლაცია 50.51 პროცენტია, არგენტინაში კი – 104 პროცენტი. ორივე ქვეყნის ვალუტები, რეკორდულად დაბალ დონეებზეა. კერძოდ, ერთი ამერიკული დოლარი 464 არგენტინული პესო ღირს. თურქული ლირის შემთხვევაში კი ანალოგური მაჩვენებელი 222 ლირაა.

ორივე ქვეყანაში ყველაზე მეტი პოპულარობით, სტეიბლკოინები (USDC და USDT) სარგებლობს, რომლებიც ამერიკული დოლარის კურსს მიჰყვებიან.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ციფრული ვალუტები იმ ქვეყნებში უფრო სწრაფად იკიდებენ ფეხს, სადაც კაპიტალზე მაღალი შეზღუდვები მოქმედებს, ფინანსური გარემო არასტაბილურია და არც პოლიტიკური სიტუაციაა მდგრადი.

თურქეთის და არგენტინის შემდეგ, მოსახლეობის მიერ კრიპტო ვალუტების ფლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფილიპინებზე (23.4 პროცენტი), ტაილანდში (21.9), ბრაზილიაში (20.6), ინდონეზიაში (20.1), არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში (10.6), სამხრეთ აფრიკაში (19.0) და ვიეტნამშია (18.5). მხოლოდ ამათ შემდეგ მოდის ჰოლანდია (17.6).

© 2020 MyCoins.ge all rights reserved