კრიპტო სკამების შესახებ

Home » ბლოგი » კრიპტო სკამების შესახებ
17/11/2023
კრიპტო სკამების შესახებ

 კრიპტოსამყაროსთვის ჯიუტად თანმდევი უსიამოვნებაა თაღლითური სკამები. მოგეხსენებათ, რომ პოპულარულ მედიასა და კულტურაში კრიპტოს გაშუქება ძირითადად ფინანსური დანაშაულებების ხარჯზე ხდება, რაც ბაზრის ზოგად რეპუტაციას აზიანებს და გამოცდილ მომხმარებელებსაც აშინებს. Მომხმარებლის დაუცველობა ისეთ გლობალურად დაკავშირებულ სფეროში, როგორიც კრიპტოა, ლოკალიზებული პრობლემა არაა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მომხდარი დანაშაული შეიძლება პირადად შენს აქტივებზე აისახოს. მითუმეტეს, რომ სემ ბენკმენ-ფრიდის თითქოს უკვე შორეული და გრანდოზული დანაშაულის (რომელიც რამდენიმე წელიწადში აუცილებლად გახდება ჰოლივუდის ყურადღების ღირსიც) პარალელურად, კრიპტო-თაღლითები ჩვენს ირგვლივაც მომრავლდნენ. მართალია სხვა თაღლითები ბევრად მცირე მასშტაბებზე გადიან, მაგრამ Სულ ახლახანს, საქართველომ ამერიკის შეერთებულ შტატებს კრისტიან კრსტიჩი გადასცა, რომელსაც სხვა დანაშაულებებთან ერთად ბრალად კრიპტოვალუტებისა და „ბინარული ოპციების“ პირამიდის სქემების ორგანიზება ედებოდა. რამდენიმე წლის წინ დააკავეს კრიპტო პირამიდის შემქმნელი ორი ისრაელის მოქალაქეც.

კრიპტო სკამის ძალიან ბევრი ვერსია არსებობს, თუმცა იმისთვის, რომ შემთხვევით რომელიმე მათგანზე არ ჩამოჯდე, ეს ზოგადი რჩევა აუცილებლად გამოგადგება: თავის დაცვის საუკეთესო საშუალება ინფორმაციაა. თუ კრიპტოთი ხარ დაინტერესებული, აუცილებლად უნდა იკითხო ბევრი სტატია, შეუერთდე კრიპტო მომხმარებლების სხვადასხვა ფორუმებს, განათლდე და მაინც ყველა შეთავაზებას ეჭვის თვალით შეხედო, ასჯერ გაზომო და ერთხელ გადაჭრა.

სკამის მთელი არსი არის ის, რომ დაგარწმუნოს სანდოობაში დააა… მოგატყუოს, ისარგებლოს შენი ნდობით და გაგქურდოს, შესაბამისად, სკამის უპირველესი ნაირსახეობა სოციალური ურთიერთობებია, ნაცნობები და ახლობლები, რომლებიც ცდილობენ ფინანსური გადაწყვეტილება მიგაღებინონ ან ინვესტიციით დაგაინტერესონ. გავრცელებული სკამია გაცნობის აპლიკაციებიც, ამას რომანტიკულ სკამებს ეძახიან. 2022 წელს, FTC-ის მონაცემებით რომანტიკული ურთიერთობებით გამოძალული ქონების 20%-ს კრიპტო შეადგენდა. კრიპტო-თაღლითობის დამრეკლამებლად შეიძლება ინფლუენსერებიც მოგვევლინონ და გაურკვეველ გათამაშებებში ჩაგვითრიონ. კრიპტოში გავრცელებულია პფიშინგიც, რომელიც კრიპტო-საფულეების ინფორმაციის მოპოვებაზეა ორიენტირებული და ის შეიძლება იმეილებში მოსულ ლინკებში იმალებოდეს და ვიზუალურად ძალიან გავდეს რეალურ კომპანიას.

კრიპტო-თაღლითებისთვის დამახასიათებელია პირამიდებიც: თუ ვინმე ინვესტიციასა და ბიზნეს შესაძლებლობას გთავაზობს, გახსოვდეს, რომ დაუჯერებლად კარგი შეთავაზებები ძირითადად ტყუილია (ვინმემ წყვილი ბოტასის ყიდვა კიდევ რომ შემოგთავაზოს და სირბილით გამდიდრებას დაგპირდეს, კარგად დაფიქრდი). თაღლითებს ახალ შესაძლებლობებს აძლევენ ისეთი კრიპტო-პროდუქტებიც, როგორებიცაა ICO-ები და NFT-ები (ყველა კრიპტო ინვესტიცია თაღლითობა ნამდვილად არ არის, თუმცა შეცდომის დაშვება ძალიან ადვილია). კრიპტოსთვის დამახასიათებელია ე.წ Rug Pull-ებიც (“სკვიდ გეიმის” ტოკენი გაიხსენე). Rug Pull-ია, როცა კრიპტო აქტივი კაპიტალს აგროვებს, შემდეგ კი უცებ ლიკვიდურობას აჩერებს, ხოლო მფლობელები უკვალოდ ქრებიან.

რაც უფრო მეტს გაიგებ სკამებისა და სხვების გამოცდილების შესახებ, მით უფრო გაგიადვილდება მათთვის თავის არიდება. მაგრამ მაინც: გახსოვდეს, რომ არავითარ შემთხვევაში, კრიპტო-საფულის გასაღები არავის გაუზიარო, ყველას მოერიდო, ვინც მალე გამდიდრებას გპირდება და სანამ პოტენციურ შეყვარებულს რამეს გადაურიცხავ, ჯერ ოფლაინ შეხვდე. უფასო კრიპტოს დაპირებებს, რა თქმა უნდა, არ უნდა ენდო, მეილებს კარგად უნდა დააკვირდე, არ გადახვიდე იმ ლინკებზე, რომელიც ირწმუნება რომ შენი ექაუნთი გაიყინა და ყველაფერი კარგად იქნება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved