მედია vs კრიპტო

Home » ბლოგი » მედია vs კრიპტო
26/01/2024
მედია vs კრიპტო

სათაური ძალიან დრამატულად ჟღერს, თუმცა სინამდვილეში, გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს მედია კრიპტოვალუტაზე.

მედიას თანამედროვე სამყაროში მრავალი სახე აქვს: სოციალური მედია, ტრადიციული გამოცემები და მათი სტატიები, პოდკასტები, სატელევიზიო და სტრიმინგ გადაცემები, ბლოგები… მომხმარებელი ჭრელია, ასე რომ, კონტენტიც ჭრელია. არ ვამტკიცებთ, რომ კრიპტოს ახალ ამბებზე ჩაწერილ ნიშურ პოდკასტებს ბაზარზე რაიმე გავლენა აქვს, თუმცა, ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა New York Times, Wall Street Journal და Forbes, რყევების გამოწვევა ნამდვილად შეუძლიათ და გამოუწვევიათ კიდეც. მაგალითად, 2023-ის აგვისტოში, Wall Street Journal-ის სტატიამ, სადაც 2021 წელს ტესლას გაყიდული ბიტკოინები იყო ნახსენები, ბიტკოინის ფასი 8%-ით, მომენტალურად გააუფასურა.

პოპ-კულტურაზე რომ არ ვისაუბროთ და მხოლოდ მედიას დავაკვირდეთ, ე.წ “მეინსტრიმული” საინფორმაციო წყაროები კრიპტოს მხოლოდ მაშინ აშუქებენ, როცა პარალელურად ეკოლოგიურ პრობლემებზე, ტერორიზმსა და თაღლითურ სქემებზე ყვებიან. რა თქმა უნდა, იმის უარყოფა, რომ ჩამოთვლილი საკითხები კრიპტოსთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, არასწორი იქნება. თუმცა, პრობლემების გარდა, კრიპტო სფერო ბევრი ტექნოლოგიური ინოვაციის წყაროცაა, რომლითაც წამყვანი სააგენტოები ნაკლებად ინტერესდებიან. კრიპტო-ენთუზიასტების აზრით, მსგავსი მიდგომა კიდევ უფრო მეტად არყევს ბაზარს და ფასებზე მოქმედებს.

შედეგად, კრიპტოსადმი უნდობლობა და სკეპტიკური დამოკიდებულება ხშირია. “დამნაშავის ძიების” ნარატივი, ყველაზე კარგად, FTX-ის პროცესების გაშუქებისას გამოჩნდა. დიდი ამერიკული გამოცემები და პოპულარული პოდკასტები სერიალივით აშუქებდნენ ამბავს, რომელმაც უამრავი ადამიანის ინვესტიცია გაანადგურა. ამაზე საუბრობს Beincrypto-ს CEO, ალინა აფანესევაც, მისი აზრით, განსაკუთრებით, ასეთი მიდგომით New York Times-ი გამოირჩეოდა. აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, New York Times-ის ავტორი, ჯეფ ზომერი ETF-ისადმი კრიტიკულ სტატიებს მაშინ წერდა, როცა 3 დღის ჩაშვებულმა პროდუქტმა 1.9 მილიარდი დოლარის ბრუნვა გამოიწვია. ცოტა ხნის წინ, პოპულარული გახდა Bloomberg-ის ჟურნალისტის, ზიკ ფოქსის წიგნიც, Number Go Up, რომელიც კრიპტოს სამყაროს “შიგნიდან” გვანახებს და მთელ სისტემას ერთ დიდ თაღლითობად წარმოაჩენს.

თუმცა, ნელ-ნელა კრიპტო ტრადიციული მედიის ნარატივს წინააღმდეგობას უწევს. ერთი გზა საკუთარი მედიის ჩამოყალიბება და დაფინანსებაა, რაც ასევე საჭოჭმანო გადაწყვეტილებაა – ის მარტივად გახდება ვეშაპების გავლენის მსხვერპლი. მეორე, უბრალოდ ტრადიციულ მედიაში შეღწევა – ალბათ, გახსოვთ, Binance-ის სარჩელი Forbes-ის წინააღმდეგ. კომპანიამ სარჩელი 2021 წელს გამოიტანა და მალევე, Forbes-ში 200 მილიონიანი ინვესტიცია ჩადო. Binance-მა ბორდში ადგილებიც კი გაინაღდა. მოვლენების მსგავსი განვითარება თითქოს მიუთითებს, რომ კრიპტოს მეინსტრიმ მედიაში რეპუტაციის გამოსწორება მისი დაფინანსებით შეუძლია.

რა თქმა უნდა, არსებობენ სააგენტოები, რომლებიც მხოლოდ კრიპტო ამბებს აშუქებენ, თუმცა, ბუნებრივია, რომ მათ ფართო საზოგადოებამდე საინტერესო კრიპტო-ამბების მიტანა ნაკლებად შეუძლიათ. კრიპტო ენთუზიასტებისთვის, ინფორმაციის მისაღებად ფორუმები და სოციალური მედიის ანალიტიკოსები მაინც შეუცვლელი წყაროა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved