მსოფლიო მოსახლეობის 92 პროცენტს კრიპტო ვალუტებზე ინფორმაცია აქვს

Home » ბლოგი » მსოფლიო მოსახლეობის 92 პროცენტს კრიპტო ვალუტებზე ინფორმაცია აქვს
03/07/2023
მსოფლიო მოსახლეობის 92 პროცენტს კრიპტო ვალუტებზე ინფორმაცია აქვს

საზოგადოებრივი აზრის შესწავლაზე სპეციალიზებულ კომპანია YouGov-ის მიერ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 92 პროცენტისთვის, კრიპტო ვალუტების შესახებ, მეტ-ნაკლები ინფორმაცია ცნობილია.

გამოკითხვაში სულ 15 ქვეყნის (შეერთებული შტატების, ამერიკის, ევროპის, აზიის და აფრიკის ქეყნების) 15 158 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 18-დან 65 წლამდეა. მათი დაახლოებით 31 პროცენტი ფიქრობს, რომ კრიპტო აქტივები, ციფრული საკუთრების მომავალია. 37 პროცენტის აზრით, აქტივების ეს კლასი უკვე განიხილება, როგორც ფულადი სისტემის ნაწილი. თუმცა ასე ბრიტანელების მხოლოდ 15 და გერმანელების მხოლოდ 17 პროცენტი თვლის.

გამოკითხულთა 26 პროცენტი თვლის, რომ კრიპტო სავაჭრო პლატფორმები, კლიენტების მოსატყუებლად იქმნება. ყველაზე მეტად, ასეთი შეხედულება ამერიკელებს და ბრიტანელებს აქვთ. სამაგიეროდ, ნიგერიელების 65 და არგენტინელების 56 პროცენტი თვლის, რომ ბიტკოინი და ციფრული ვალუტები, ფასეულობის ინფლაციისგან დასაცავად, ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ნიგერიელთა და არგენტინელთა ასეთ დამოკიდებულებას, ამ ქვეყნებში ფინანსური სისტემების არასტაბილურობა და მაღალი ინფლაცია განაპირობებს.

გამოკითხვა ასევე კრიპტო ვალუტების გარემოზე გავლენის თემასაც შეეხო. ბრაზილიელების 57 პროცენტი თვლის, რომ კრიპტო ვალუტები ატმოსფეროს არ აზიანებს. ასეთივე შეხედულება აქვს ფრანგების 25 პროცენტს.

რაც შეეხება არაგაცვლად ტოკენებს (NFT), ამ სფეროში ყველაზე უკეთ ნიგერიელები, სამხრეთაფრიკელები და ვიეტნამელები ერკვევიან. ბრიტანელების 76 პროცენტს NFT-ს შესახებ, ინფორმაცია აქვს, მაგრამ მათი უმეტესობა, ამ საკოლექციო აქტივს არ ფლობს. ასევეა ვიეტნამელების 24 პროცენტი.

საინტერესოა, რომ საუდის არაბეთში, კრიპტო ვალუტების შესახებ ინფორმაცია, მოსახლეობის 77 პროცენტს აქვს, მაგრამ კრიპტო ვაჭრობაში, მათი ძალიან მცირე ნაწილია ჩართული.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved