Binance-ის წინააღმდეგ უცებ გამოჩენილმა ბრალდებებმა და შემდეგ ამ ბრალდებების უცებვე გაქარწყლებამ კრიპტოსამყაროში ვარაუდებისა და წინასწარმეტყველებების მთელი კასკადი გამოიწვია: ზოგი ამბობს, რომ CZ-ს წასვლა საბოლოო ჯამში ბაზარს წაადგება, ზოგი კი პირიქით, მთელ ამ ამბავში კრიპტოზე კონტროლის დამყარების მცდელობებს ხედავს.
მაშ ასე:
Binance, 2017 წლის Bull Market-ის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტო-ბირჟაა და მისი ხელმძღვანელი აქამდე შენპენგ ჟაო, იყო (ცნობილი, როგორც CZ). Binance-ის წარმატებას ნაწილობრივ ხელი შეუწყო იმანაც, რომ Binance ოპერირების პირველ წლებში KYC (Know your customer) არ ჰქონდა დანერგილი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია შეაგროვოს KYC ინფორმაცია (ID ნომერი, პაროლი..) თავის მომხმარებელზე, რაღაც პერიოდი ეს მოთხოვნა კრიპტოსამყაროზე არ ვრცელდებოდა. თუმცა, 2019 წელს FATF-მა (Financial Action Task Force) თავის წევრ ქვეყნებზე გასცა რეკომენდაცია, რომ კრიპტოში მომუშავე კომპანიებზეც გაევრცელებინათ KYC და AML (ფულის გათეთრების წინააღმდეგ) რეგულაციები. სავარაუდოა, რომ 2020 წლის Bull Run-ის დროს, FATF-ისგან ზეწოლა გაიზარდა და იმავე წელს კრიპტო-ბირჟები იძულებულები იყვნენ KYC და AML დაენერგათ. Binance მოთხოვნებს 2021 წელს შეუერთდა. პრაქტიკაში, ამ გადაწყვეტილებას მოყვა ის, რომ კრიპტობირჟებს აღარ შეეძლოთ ისეთ ქვეყნებში ოპერირება, როგორიც შეერთებული შტატებია.
აღსანიშნავია, რომ ფულთან დაკავშირებულ ყველა კომპანიას ოპერირებისთვის აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ლიცენზია სჭირდება, ხოლო ყველა ის კომპანია, რომელიც დერივიტივებს სთავაზობს მომხმარებელს, CFTC-ში უნდა დარეგისტრირდეს. გარდა ამისა, ყველა კრიპტო-ბირჟა, რომელიც შტატებში ოპერირებს სანქციებს უნდა დაემორჩილოს, ანუ ბიზნესი არ უნდა აწარმოოს ჩრდ. კორეასთან, სირიასთან, რუსეთთან, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებთან, კუბასთან…
Binance-ის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებაც სწორედ ამან განაპირობა: კომპანიამ რეგულაციით განსაზღვრული AML ზომები ვერ დაიცვა და არც ხაზინისა და არც CFTC-ს ნებართვა არ ჰქონდა მიღებული. როგორც შტატების მარეგულირებლები ამბობენ, Binance-მა არ აცნობა მათ დაახლოებით 100 000-მდე საეჭვო ტრანზაქციის შესახებ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს, მათ შორის ჰამასთან, ალ ქაიდასთან, ერაყის ისლამურ სახელმწიფოსთან და სირიასთან.
შედეგად, Binance არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი სკანდალში გაეხვა – კომპანიამ აღიარა დანაშაული და ჯარიმებში 4,3 მილიარდი დოლარი გადაიხადა. მეტიც, პირადად CZ-ს წინააღმდეგ წაყენებულმა ბრალდებამ 50 მილიონიანი ჯარიმა და მისი კომპანიისგან ჩამოშორება გამოიწვია. გარდა ამისა, რაც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, მთელ ამ ამბავში, Binance დათანხმდა მონიტორინგის ქვეშ მუშაობას – რაც თითქმის გამორიცხავს კომპანიის ისე ოპერირებას, როგორც აქამდე. Binance-ის აღმასრულებელ დირექტორად რიჩარდ ტენგი დაინიშნა, ხოლო CZ შტატებს სთხოვს უფლებას მისცენ ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა განაჩენის გამოტანამდე.
ყველა პროგნოზით, Binance-ის წინააღმდეგ ამ მასშტაბის ბრალდებებსა და უზარმაზარი ჯარიმის გადახდას, კრიპტოვალუტების გაუფასურება და კრიტობაზრის რყევა უნდა გამოეწვია. თუმცა, ეს ასე არ მოხდა. ჯერ-ჯერობით, საზოგადოებისთვის მხოლოდ ისაა ცხადი, რომ Binance-მა მოახერხა არასახარბიელო სიტუაციის სწრაფი და ეფექტური მართვა.