რა ხდება NFT-ის თავს?

Home » ბლოგი » რა ხდება NFT-ის თავს?
10/11/2023
რა ხდება NFT-ის თავს?

წელს სიმპსონების ჰელოუინის სერიას “Wild Barts Can’t Be Token” ერქვა და თითქმის მთლიანად NFT-ის შარჟს მიეძღვნა.  სერიაში ჰომერი შემთხვევით ბარტს მინტავს და მერე მარჯს ეუბნება: “გახსოვს, ყოველთვის გვინდოდა ბარტი ნაკლებად ჩანაცვლებადი ყოფილიყო”. სერიის განმავლობაში NFT სამყაროში გადასულ სიმპსონებს ცნობილი Bored Ape-ები ემსახურებიან, მათი სიღარიბის ხაზგასასმელად. ზოგადად, სერია სავსეა NFT რეფერენსებით. ზოგიერთი NFT ინვესტორი სიმპსონების შემქმნელებზე გაბრაზდა, მაგრამ თავად ნოა ბოლანოვსკი X-ის პლატფორმაზე კმაყოფილებას ვერ მალავდა NFT-ის წარმოჩენით. შეიძლება ეს იმიტომ, რომ NFT დიდად აღარავის ახსოვს და მის გადამკვდარ გულშემატკივრებს პოპ-კულტურისგან მიღებული იმპულსის იმედიღა დარჩათ. რა დასამალია, რომ  NFT ბაზარი, წარსულ დიდებასთან შედარებით, საშინლად გამოიყურება. ჯიმი ფელონის შოუში უყალბესი რეკლამების, პერის ჰილტონისა და სხვა პოპულარული ადამიანების მოულოდნელი, დაჟინებული NFT ისტერიკისა და პოდკასტებში NFT მნიშვნელობის დაუღალავი განმარტებების მიუხედავად… ბაზარი კოლაფსის ზღვარზეა.

 კი, ცნობილი Bored Ape და მისი ვარიაციები ახლაც დაახლოებით 30 ETH ღირს, თუმცა ვაჭრობის მოცულობა 2022 წლიდან, დღემდე 89%-ით შემცირდა. ოქტომბერში გამოქვეყნებული, DappGambl-ის რეპორტის მიხედვით: შესწავლილი 73,257 NFT კოლექციიდან, 69,795-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 0 ეთერიუმია. რეპორტის გამოქვეყნებისას კოლექციების მხოლოდ 21%-ი იყო სრულად მფლობელობაში და  კოლექციების 18%-ის ე.წ floor price 0 ETH-იყო. რეპორტში NFT-ის ფასები ასეა დაჯგუფებული: მათი 41% 5$-100$-ს შორის მერყეობს, ხოლო კოლექციების 1%-ზე ნაკლებია შეფასებული 6,000$-ზე მეტად. ყველაზე პოპულარული Bored Ape NFT-ის ფასმა 2022 წლის მაისში მიაღწია უმაღლეს ნიშნულს – 268,000 აშშ დოლარს, დღეს ის დაახლოებით 56,000 დოლარი ღირს. თუ ყველა ამ მონაცემს გავითვალისიწინებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ NFT-ების უმრავლესობას ამჟამად უბრალოდ ღირებულება არ გააჩნია. ისინი პერის ჰილტონსაც კი დაავიწყდა – ქალს, რომელიც 2022 წელს ყოველდღე თითო ტვიტს მაიმუნის გამოსახულებას უძღვნიდა.

 NFT ბაზრის აშკარა შეფერხებაზე წერს Coindesk-ის ავტორი დეივიდ დევორიც. სტატიაში, რომელიც NFT არტისტების პერსპექტივიდან უყურებს შექმნილ სიტუაციას, ის ამბობს, რომ Bear Market-ის პირობებში ტრადიციული მარკეტინგი NFT არტისტებს არ ეხმარება ახალი მომხმარებლების პოვნაში და კრიპტო თემმა მაგალითი ტრადიციული ხელოვნებისგან უნდა აიღოს. ანუ, იმიტომ კი არ იყიდოს NFT, რომ უკვე ღირებულია, არამედ “მოძრაობას დაუჭიროს მხარი”. NFT-ში ინვესტიციები უნდა ჩაიდოს ხელოვანების მხარდასაჭერად და არა ფულის საშოვნელად. აღსანიშნავია, რომ გამომძიებელი ჟურნალისტი, ზიკ ფოქსი რომელიც ფინანსურ საქმეებს იძიებს, თავის ახალ წიგნში დიდ დროს უთმობს იმის აღწერას, თუ როგორ იყიდა Mutant Ape, მანჰეტენის წვეულებაზე შესაღწევად. მიღებული გამოცდილების შედეგად, კი ასკვნის, რომ ღირებული აქტივი “ჰაიპთან” ერთად, ფასს არ უნდა კარგავდეს და საერთოდ არ ესმის თუნდაც ყველაზე პოპულარულ NFT ტოკენებს რატომ ყიდულობს ხალხი დღემდე. 

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ  NFT საბოლოოდ გაუფასურდა და აღარ დაბრუნდება. NFT-ს გამოსახულებები შეიძლება ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ ტექნოლოგია ისევ ინოვაციური და ღირებულია. შესაბამისად, პოტენციაც აქვს და პოტენციური ფასიც. იმასაც ვერ უარვყოფთ, რომ რამდენიმე NFT აქტივი Bull run-ის პერიოდთან შედარებით ნაკლებ, თუმცა მაღალ ფასს მაინც ინარჩუნებს. ახლა, უბრალოდ ისეთი ინოვაციაა საჭირო, რომელიც ხელოვანებს მისცემს სააშუალებას ინსტიტუციებისგან  დამოუკიდებლად გაძლიერდნენ.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved