ტრონი – ეგ ფილმი ბლოკჩეინად უკეთესია

Home » ბლოგი » ტრონი – ეგ ფილმი ბლოკჩეინად უკეთესია
22/09/2023
ტრონი – ეგ ფილმი ბლოკჩეინად უკეთესია

 თუ ტრონის გაგონებაზე ისევ მოლივლივე მოტოციკლზე ამხედრებული ნეონისკოსტუმებიანი ხალხი გახსენდება, დროა 13 წლის წინანდელი ფილმები გამორთო და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა გაიცნო. ტრონი ბლოკჩეინზე დაფუძნებული, დეცენტრალიზებული სისტემაა. ტრონის ეკოსისტემა გამოირჩევა დეცენტრალიზებული აპლიკაციების მიმღებლობითა და მსხვილმასშტაბიანობით. ბლოკჩეინის სისტემა ტრონის ტოკენზე, ტრონიქსზეა (იგივე TRX) მორგებული და ტრონის ბლოკჩეინზე ყველა სხვა ტოკენის ფასი სწორედ ტრონიქსითაა განსაზღვრული. 

ტრონის მუშაობის სისტემა მართლა ჰგავს სამეცნიერო ფანტასკიტის ჟანრის ფილმებს: არსებობს სპეციალურად ტრონის ეკოსისტემისთვის შექმნილი TRON Virtual Machine (TVM) – მისი მიზანია გამართოს უსაფრთხო და სტაბილური ბლოკჩეინი. ამ ბლოკჩეინზე, TVM-სთან შესაბამისი ტოკენებია ჩანერგილი, “ჭკვიანი კონტრაქტებისა” და TRC-20-ის სტანდარტების დახმარებით. ამის გარდა, ტრონის არქიტექტურა მოიცავს საცავს, საყრდენსა (core) და აპლიკაციის შრეებს (იგივე layer-ებს). ეს ყველაფერი არ არის, ცოტაც გაუძელი – საყრდენის შრე შედგება მოდულებისგან, ესენია კონსენსუსი, ანგარიშის მენეჯმენტი და “ჭკვიანი კონტრაქტები”. კონსესუსის მისაღწევად, ტრონი იყენებს მექანიზმს, რომელსაც ეწოდება DPoS. DPoS საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ვალუტის სანაცვლოდ ხმა მისცენ სასურველ დელეგატებს, დელეგატები კი ტრონთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ. ერთი შეხედვით რთულია, მაგრამ დემოკრატიული!

აღსანიშნავია, რომ ტრონის ქსელში სამი სხვადასხვა სახის კვანძი იქმნება: Witness, Full და Solidity. ტრონზე სამი სხვადასხვა ანგარიშია ხელმისაწვდომი: ჩვეულებრივი, ტოკენ და კონტრაქტ ანგარიშები. 

პრაქტიკაში, ტრონი ცნობილია იმით, რომ ინტერნეტში კონტენტის შემქმნელებს საშუალებას აძლევს გაწეული სამუშაოსთვის თან ანაზღაურება მიიღონ და თანაც თავიანთ ნამუშევარზე სრული უფლება შეინარჩუნონ. ასე რომ, ტრონის დეცენტრალიზებულ ციფრულ პლატფრომაზე შეგიძლია გააზიარო შენი კონტენტი და სანაცვლოდ სარგებელიც მიიღო. კიდევ ერთი პლიუსია ის, რომ ტრონზე გადარიცხვები ძალიან სწრაფად ხდება, რადგან წამში 2000-მდე გადარიცხვას ატარებს.

პოლიტიკურად, ტრონი საინტერესოა იმითაც, რომ ისეთ მკაცრ ბაზარზე დგას მყარად, როგორიცაა ჩინეთი. ტრონის დამფუძნებლის, ჯასტინ სუნის განცხადებით, ტრონის მომხმარებელთა უმეტესობა ჩინეთიდან და ჰონკონგიდანაა. Ჩვენ უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ჩინეთში, კრიპტო ვაჭრობა მკაცრად კონტროლდება, თორემ ჩინეთის ბაზრის პირდაპირი თუ ირიბი მხარდაჭერა რამხელა მნიშვნელობის შეიძლება იყოს, ამას თავად მიხვდები.

აქვე გეტყვით, რომ ჯასტინ სუნი თამამი გადაწყვეტილებებითაა ცნობილი – წარმოშობით ჩინელი, გრენადის მოქალაქე ხშირად იწვევს აჟიოტაჟს კრიპტოსამყაროში. ცოტა ხნის წინ, სუნმა განაცხადა, რომ ტრონი USDT-ის მეფეა და მის ბლოკჩეინზე 1 მილიარდი დოლარის რაოდენობის სტაბილური ქოინია განთავსებული.

მოკლედ, ვალუტა ტრონსა და ფილმ ტრონს ორი რამ აერთიანებს – კომპლექსური არქიტექტურა და უსაფრთხოებაზე კონცენტრირება. TRX-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 7 მილიარდ დოლარზე მეტია.

სულ მალე, Mycoins-იდანაც შეგეძლება TRX-ის ყიდვა, გაყიდვა, გადარიცხვა და განაღდება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved