ყველაფერი, რაც სემ ბენკმენ-ფრიდის სასამართლო პროცესზე უნდა იცოდე

Home » ბლოგი » ყველაფერი, რაც სემ ბენკმენ-ფრიდის სასამართლო პროცესზე უნდა იცოდე
20/10/2023
ყველაფერი, რაც სემ ბენკმენ-ფრიდის სასამართლო პროცესზე უნდა იცოდე

ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც ყველა გამოცემა სემ ბენკმენ-ფრიდის სასამართლო პროცესზე, წარდგენილ მოწმეებსა და FTX-ის სავალალო ბედზე წერს. მსოფლიოში განვითარებული სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი თემისა და ორი აქტიური ომის ფონზეც კი, საქმე აქტუალობას არ კარგავს. შეგახსენებთ, რომ FTX-ისა და მისი “დობილი” კომპანიის, Alameda Research-ის დამფუძნებელს, სემ ბენკმენ-ფრიდს, მომხმარებლებისგან 8 მილიარდი დოლარის მოპარვას ედავებიან. გასული წლის ნოემბერში, ბაჰამებზე დაფუძნებულ კრიპტომიმოცვლის პლატფორმა FTX-ს ლიკვიდურობის სერიოზული კრიზისი დაუდგა და გაკოტრდა. სასამართლოებზე კი ამ პროცესების ზუსტი თანმიმდევრობა გაირკვა. მაშ ასე:

6 ნოემბერს, ნიშად სინგი (იმ დროისთვის FTX-ში მესამე კაცი და ბენკმენ-ფრიდის ახლო გარემოცვის წევრი) ორ კოლეგას – სემსა და ელისონს, საერთო ჩატში უგზავნის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მომხმარებლები პლატფორმიდან თანხის გატანას ცდილობენ და გასული დღის განმავლობაში 1.25 მილიარდი დოლარი გაიტანეს, უკანასკნელ საათში კი ჯამში 120 მილიონი დოლარის გატანის მოთხოვნა ფიქსირდება, რაზეც, ელისონი მოწყენილი ემოჯით პასუხობს, ბენკმენ ფრიდი კი ერთი სიტყვით – “Oof”.

რამ გამოიწვია ეს? Binance-ის დამფუძნებელი, ჩანპენგ ჟაო ნოემბრის დასაწყისში, ტვიტავს, რომ ყიდის FTT-ს, იმ კრიპტოვალუტას, რომელიც ბენკმენ-ფრიდმა ერთგვარ FTX-ის აქციებად გამოუშვა. ციტატად კი Coindesk-ის სტატია მოყავს, სადაც Alameda-ს ფინანსურ პრობლემებზეა საუბარი. მისი ტვიტი FTT-ს გაყიდვის შესახებ, აღიქმება როგორც დასტური იმისა, რომ FTX-ში ყველაფერი რიგზე ვერ არის. კონკურენტის მიერ “აგორებულ” პანიკას FTX-ში ტვიტითვე პასუხობენ, ბენკმენ-ფრიდის სახელით ტვიტავენ, რომ “როგორც ჩანს, ვიღაცას ამ თვეში ჩვენი და-FUD-ვა უნდა”. თუმცა, როგორც ელისონმა მოგვიანებით სასამართლოზე განაცხადა, ტვიტს დაეტყო, რომ სემის დაწერილი არ იყო და პასუხად, თვითნაც მიუძღვნა ტვიტი Alameda-სა და FTX-ის ფინანსურ მდგომარეობას. პირობაც დადო, რომ ჟაოს FTT-ს იყიდიდნენ. თუმცა, უკვე გვიანი იყო, ელისონის ტვიტებმა სიტუაცია ვერ განმუხტა. 

ბრალდების მხარემ გასული 3 კვირის განმავლობაში 20-მდე მოწმე გამოკითხა, მათ შორის FTX-ის ყოფილი თანამშრომლები, მომხმარებლები, ინვესტორები და სახელმწიფო თანამდებობის პირები, თუმცა ყველაზე დიდი ინტერესი ყოფილმა პარტნიორებმა გამოიწვიეს. აღსანიშნავია, რომ პროცესი აშკარად ემოციური გამოცდილებაა როგორც კაროლინ ელისონისთვის, რომელიც ბენკმენ-ფრიდის ყოფილი ბიზნეს პარტნიორი და ყოფილი შეყვარებულია, ასევე ნიშად სინგისთვისაც. ეს ადამიანები ერთად ცხოვრობდნენ, მეგობრობდნენ, აწყობდნენ წვეულებებს, ახლა კი ელისონი და სინგი სემის წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებებს. მათ თავისი დანაშაული აღიარეს, ბენკმენ-ფრიდი კი დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მომხმარებლები არ გაუქურდავს, თუმცა, FTX-ის მართვის დროს შეცდომები ნამდვილად დაუშვა. როგორც სასამართლო დარბაზის ილუსტრატორმა გადმოსცა, კაროლინ ელისონი ცრემლებს ვერ იკავებდა ჩვენების მიცემისას და ხაზს უსვამდა, რომ აღიარების შემდეგ უკეთ გრძნობს თავს, რადგან დანაშაულის გრძნობა შეუმსუბუქდა. ნაშად სინგმა კი ჩვენებაში განაცხადა, რომ FTX-ის გაკოტრების კვირაში სუიციდური იყო და მენტალური ჯანრმთელობის სერიოზულ პრობლემებს უმკლავდებოდა. 

თავიანთ გრძნობებზე სარგებლის მიღების მიზნით საუბრობენ, თუ არა, ვერ გავიგებთ, თუმცა, პირადი გრძნობების გარდა, სამამართლო პროცესზე ისიც გაირკვა, რომ ბენკმენ ფრიდმა იცოდა, რომ ფონდებში 8 მილიარდ დოლარიანი გარღვევა ჰქონდა, მაგრამ ჯიუტად აგრძელებდა მომხმარებელთა ფულით ამერიკის დემოკრატიული პარტიის დაფინანსებას, ცნობილი ადამიანებისთვის ძალიან ბევრი ფულის გადახდას (მათ შორის ტომ ბრეიდისა და ჟიზელ ბიუნდხენისთვის), უძრავი ქონების ყიდვას და ა.შ. სავსებით გასაგებია, რომ ბენკმენ-ფრიდი ზეგავლენისა და რეპუტაციის მოხვეჭას ცდილობდა, თუმცა, ამას სხვისი ფულით აკეთებდა. ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ჟურნალისტისთვის მის მიერ გაგზავნილი წერილიც, სადაც მარეგულირებელ ორგანოებს აგინებს, ამ დოკუმენტს კი მოსამართლე დაცვის მხარის მცდელობების მიუხედავად, საქმეში გათვალისწინებს.

სასამართლო პროცესი 26 ოქტომბერს განახლდა, 5 დღის განმავლობაში სემ ბენკმენ-ფრიდი დაკითხა როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ. პროცესის დროს, გაირკვა, რომ ბენკმენ-ფრიდს ბაჰამის მთავრობასთან ძალიან თბილი ურთიერთობა აკავშირებდა. სავარაუდოდ, ბაჰამის პრემიერ მინისტრი, ფილიპ დეივისი ყოფილ FTX არენაზეც კი დაპატიჟა, თამაშზე დასასწრებად. აღმოჩნდა, რომ ბაჰამის მარეგულირებელ ორგანოებსაც ახლოს იცნობდა და არის ეჭვები, რომ იმ დროს, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს პლატფორმიდან ფულის გატანა შეეზღუდათ, ბაჰამელებს ეს უფლება არ შეჩერებიათ.

რაც მთავარია, სემ ბენკმენ-ფრიდს კითხეს გააფრთხილა თუ არა FTX-ის მომხმარებლები იმის შესახებ, რომ მათი ფული Alameda-ში მიდიოდა და იხარჯებოდა. რაზეც ბენკმენ-ფრიდმა უპასუხა, რომ არ ახსოვს გაეფრთხილებინა მომხმარებელი და აღნიშნა, რომ ფულადი სახსრები კი არ დახარჯა, არამედ “გამოიყენა”. რითაც მიანიშნა, რომ თანხის ინვესტირება განახორციელა.

თითქმის ყველა კრიტიკულ კითხვაზე სემ ბენკმენ-ფრიდი “ზუსტად არ მახსოვს”-ს პასუხობდა. მხარეებმა ბუნდოვანი პასუხი მიიღეს FTT-ს არალიკვიდურობაზეც. ბენკმენ-ფრიდს FTX-ის გრანდიოზული კოლაფსის ასახსნელად თავისი თეორია აქვს, რომლის მიხედვითაც კომპანია იმდენად სწრაფად გაიზარდა, რომ განვითარების სწორი გეგმის გარეშე პრობლემები შეიქმნა.

საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა კრიპტოს პრინცს განაჩენი გამოუტანეს – შვიდივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. სემ ბენნკმენ-ფრიდის სასჯელი 2024 წლის მარტში გახდება ცნობილი – ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, მსგავსი დანაშაული ათეულობით წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved