სანამ მიმები ყველა სოციალურ ქსელს წალეკავდა და ბრენდების მარკეტინგული კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდებოდა, ახალი მიმების ასატვირთად და სანახავად, მილენიალები 9gag-სა და 4chan-ს ვსქროლავდით (კი, იყო დრო, როცა 4chan-ზე მიმების გამო შევდიოდით). ამ პერიოდში ბევრი კარგად ნაცნობი მიმი დაიბადა: Pepe the frog, rickrolling, rage comics, nyan cat… სწორედ ასეთი მიმია Doge-ც, რომელიც 2010-იანების დასაწყისში,Tumblr-ზე შეიქმნა და პოპულარული Reddit-ზე გახდა. 2013 წლის ბოლოს, შიბა-ინუს ჯიშის ძაღლს, რომელიც დამტვრეული ინგლისურით “ლაპარაკობს” ყველგან შეხვდებოდით. მიმს Doge ქვია (შეგნებულად არასწორად დაწერილი dog, ძაღლი) და მისი რამდენიმე ვარიაცია არსებობს, ფოტოებზეც სხვადასხვა შიბა-ინუს სასაცილო ემოციებია გამოსახული.
მიმების გარეშე 21-ე საუკუნე წარმოუდგენელია. მიმ-კულტურა, პირველ რიგში, ინფორმაციის, იდეებისა და ქცევების “გადამდებობასა” და საყოველთაოობას გამოხატავს. მიმის ფორმატი ყველასია, ის საერთოა, მაგრამ მისგან უთვალავი სხვადასხვა ხუმრობის – ინდივიდუალური პროდუქტის გაკეთება შეუძლია თითოეულ ადამიანს. ირონიის ეს ჯაჭვი მხოლოდ პოპ-კულტურაში არ გვხვდება და ამ საუკუნის ერთ-ერთი მთავარი წესია. შესაბამისად, მიმ-კულტურისგან არაფერია “დაცული”. მეტამოდერნიზმზე ბევრი რომ აღარ ვილაპარაკოთ, მოკლედ გეტყვით, რომ 2013 წლის ბოლოს, Dogecoin სავარაუდოდ, კრიპტოვალუტის გასაშარჟებლად შეიქმნა, თუმცა მალე გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქოინი.
Dogecoin-ი P2P, ღია რესურსის ვალუტაა, რომელიც ალტკოინად ითვლება. ის Litecoin-ის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული და პრინციპულად იგივე, თუმცა ოდნავ შეცვლილ სისტემას იყენებს (რაც ნიშნავს, რომ ირიბად ბიტკოინთანაცაა დაკავშირებული). ქოინის მთავარი თვისებები მისი განუსაზღვრელი მარაგი და სიიაფეა. შემქმნელებმა, ჯექსონ პალმერმა და ბილი მარკუსმა scrypt ალგორითმით ტრანზაციების სიმარტივე და სისწრაფე უზრუნველჰყვეს. ამან კი ციფრულ tipping კულტურაში Dogecoin-ის პოპულარობა განაპირობა. Dogecoin-ის მაინინგი AuxPoW მექანიზმით ხდება, რაც PoW-სგან განსხვავდება: Dogecoin სხვა scrypt ალგორითმიანი ქოინების პარალელურად მოიპოვება (მაგალითად, Dogecoin-ისა და Litecoin-ის მაინინგი ერთდროულად შეიძლება მოხდეს, ამ პროცესს “შერწყმული მაინინგი” ჰქვია და თავისი უპირატესობებიც აქვს). თუ გსურს კრიპტო-სამყაროში მაინინგით ჩაერთო, Dogecoin სწორედ ამ საქმისთვის გამოგადგება, რადგან სხვა ვალუტებთან შედარებით, ადვილად მოპოვებადია და აღჭურვილობაში ძალიან ბევრი ფულის დახარჯვაც არ მოგიწევს. თუმცა, არ დაგავიწყდეს, რომ მხოლოდ Dogecoin-ის მაინინგს ვერ შეძლებ, ამისთვის სხვა scrypt ალგორითმიანი ქოინის მაინინგი უნდა დაიწყო, მიღებული ჯილდო კი Dogecoin-ში გადაცვალო.
Dogecoin-ს, ბიტკოინისგან განსხვავებით, გამოსამუშავებელი ქოინების მაქსიმალური რაოდენობა წინასწარ განსაზღვრული არ აქვს. თუმცა, ინფლაციის მართვისთვის, Dogecoin წელიწადში მხოლოდ 5 მილიარდ ქოინს “უშვებს”. ეს გადაწყვეტილება ხელს უწყობს Dogecoin-ს გახდეს ნამდვილი ციფრული ვალუტა, რომელიც აქტიურადაა მიმოქცევაში და არაა განძი – უძრავი აქტივი, რომელიც არასდროს არ უნდა ხარჯო და დაუსრულებლად აგროვო. მოკლედ, ქოინი ცდილობს ნაღდი ფულისა და ციფრული ალტერნატივის სიკეთეები გააერთიანოს.
Dogecoin-ს ქველმოქმედებით ცნობილი, ერთგული მომხმარებლების მთელი არმია ყავს, რომლებსაც გამოუვიდათ და პრაქტიკულ ხუმრობას იქამდე მიყვნენ, სანამ მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 8.78 მილიარდი დოლარი არ გახდა. უცნაურია, მაგრამ ასეთი წარმატების მიუხედავად, Dogecoin მაინც ყველაზე “სახალხო” ქოინია. ის და პოპ-კულტურა კი დღემდე ერთმანეთს ასაზრდოებენ – ალბათ, გახსოვს ილონ მასკის სტუმრობა ლეგენდარულ SNL-ში – მონოლოგისა და სკეჩების დროს რამდენიმე ხუმრობა Dogecoin-ზე საკმარისი აღმოჩნდა მისი მომენტალურად 29,5%-ით გაუფასურებისთვის. თუმცა, მასკი დღემდე Dogecoin-ის მთავარ გულშემატკივრად ითვლება. მის გარდა, ქოინის ფასზე სხვადასხვა დროს ისეთ ადამიანებს მოუხდენიათ გავლენა, როგორებიც არიან სნუპ დოგი და ჯინ სიმონსი.
Dogecoin-ში ინვესტიციით მილიონერი სავარაუდოდ ვერ გახდები, მაგრამ გახდები ადამიანთა იმ ჯგუფის წევრი, რომელმაც იამაიკის ბობ-სლეის ნაკრები სოჭის ოლიმპიადაზე კრიპტო-ქველმოქმედებით გაუშვა. და რაც მთავარია, გექნება ვალუტა, რომელიც, იაფი და სწრაფი ტრანსზაქციების წყალობით ადვილად იხარჯება – ფული კი ზუსტად ეგეთი უნდა იყოს.
Dogecoin-ის ყიდვა, გაყიდვა, გადარიცხვა და განაღდება Mycoins.ge-ზე დღესვე შეგიძლია