FTX-ის კრახის პირველი მსხვერპლი სოლანაა

Home » ბლოგი » FTX-ის კრახის პირველი მსხვერპლი სოლანაა
17/11/2022
FTX-ის კრახის პირველი მსხვერპლი სოლანაა

როგორც კრიპტო ბაზრის ანალიტიკოსები ამბობენ, კრიპტო სავაჭრო პლატფორმა FTX-ის კრახი, ციფრული ვალუტების ბაზრისთვის უკვალოდ არ ჩაივლის. ამის პირველი ნიშნები უკვე გაჩნდა – კრიპტო ვალუტების ფასები ძლიერ დაეცა, ყველაზე მეტად კი სოლანამ (Solana) იზარალა, რომელსაც არცთუ დიდი ხნის წინათ, ეთერიუმის (ETH) მკვლელსაც კი უწოდებდნენ.

FTX-ის კრახის შემდეგ, სოლანას (Solana) ბლოკჩეინის მონეტა SOL 60%-ზე მეტით დაეცა. ეს იმ დროს, როდესაც ეთერიუმი დაახლოებით 20 პროცენტით, ბიტკოინი კი 19 პროცენტით გაუფასურდა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ FTX-მა და მისმა შვილობილმა კომპანია Alameda Research-მა გაკოტრებამდე, ვალების ნაწილის დასაფარად, სოლანა დიდი რაოდენობით გაყიდეს. ცნობისათვის, FTX-ის შეფი სემ ბენკმან-ფრიდი სწორედ სოლანას ქებით გამოირჩეოდა და შესაბამისად, ამ მონეტაზე აკეთებდა აქცენტს.

სოლანას (Solana) ბლოკჩეინს დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) აპლიკაციების შესაქმნელად ხშირად იყენებდნენ. შესაბამისად, SOL-ზე მოთხოვნაც მაღალი იყო. მაგრამ FTX-ის კრახის შემდეგ, ამ მონეტის მასობრივი გაყიდვა დაიწყო, რამაც მისი გაუფასურება გამოიწვია.

სოლანას (Solana) მაქსიმალური ფასი თითქმის 260 დოლარი იყო (2021 წლის ნოემბერში), მაგრამ დღეს ის მხოლოდ 14 დოლარზე ოდნავ მეტი ღირს. ამის მიუხედავად, ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ ეს სოლანას პროექტის დასასრული არაა და ამ ყველაფერში კარგი ისაა, რომ ეს პროექტი აღარ უკავშირდება FTX-ს და მის შეფს.

უფრო მეტიც, სოლანას (Solana) ბლოკჩეინს უამრავი დადებითი თვისება აქვს, რაც მას ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის. ეს კი იმის გარანტიაა, რომ სოლანა (Solana) დაბრუნდება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved