Goldman Sachs კრიპტო ბაზარზე ახალ შესაძლებლობებს ეძებს

Home » ბლოგი » Goldman Sachs კრიპტო ბაზარზე ახალ შესაძლებლობებს ეძებს
09/12/2022
Goldman Sachs კრიპტო ბაზარზე ახალ შესაძლებლობებს ეძებს

კრიპტო სავაჭრო პლატფორმა FTX-ის კრახის შემდეგ, კრიპტო სამყარო დაბნეულობამ მოიცვა. ბევრმა ინვესტორმა ბაზრის დატოვება ამჯობინა, რათა ან საერთოდ უარი თქვას მასზე მუშაობაზე, ან ხელსაყრელ დროს დაელოდოს, რათა ახალი გრძელვადიანი პოზიცია გახსნას და სოლიდურ მოგებაზე იმუშაოს. არიან ისეთებიც, რომლებიც კრიზისის დროს აქტივების შეძენაზე ფიქრობენ, რადგან კრიზისულ პერიოდში ამის გაკეთება, შეიძლება მეტისმეტად მომგებიანი გახდეს.

ასეთებს შორისაა ამერიკული საინვესტიციო ბანკი „გოლდმენ საქსი“ (Goldman Sachs), რომელიც ამ ეტაპზე, კრიპტო ბაზარზე ინვესტიციებით შესვლის ხელსაყრელ გზებს ეძებს. უფრო კონკრეტულად, მის ინტერესებში არის ისეთი კომპანიების შესყიდვა, რომლებსაც კრიზისულ პერიოდში ძლიერი ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროებათ.

„ჩვენ ვხედავთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენთვის საინტერესო აქტივები ხელსაყრელ ფასად შევისყიდოთ“ – ამბობს ბანკის ციფრული აქტივების განყოფილების შეფი მეტიუ მაკდერმოტი და დასძენს, რომ კრიზისული სიტუაციის დროს, ბაზარმა ბევრი იზარალა, მაგრამ ორი აზრი არაა იმაზე, რომ ახლა ბაზარზე შესვლისთვის ხელსაყრელი მომენტია. მაკდერმოტი ამბობს, რომ FTX-ის კრახი სხვებისთვის იმის მაგალითია, თუ როგორ არ უნდა იმოქმედონ. მისივე თქმით, კრიპტო სფეროს საბაზისო ტექნოლოგია კარგად მუშაობას აგრძელებს და ამას არაფერი შეცვლის.

ფაქტია, რომ ინსტიტუციური ინვესტორები კვლავ დაინტერესებულნი არიან კრიპტო სფეროში მუშაობით, ოღონდ უფრო სტაბილურ პარტნიორებს ეძებენ, რაც მათი ინვესტიციების უსაფრთხოების გარანტია იქნება. სწორედ ასეთია „გოლდმენ საქსი“ (Goldman Sachs) და ის თავისი რეპუტაციით სარგებლობას აპირებს.

ყველაფრის მიუხედავად, საინვესტიციო ბანკი პირველი ნაბიჯების გადასადგმელად, ჯერ მხოლოდ მილიონობით დოლარის ინვესტირებას გეგმავს, რაც სხვა სფეროებში მის მრავალ მილიარდიან ინვესტიციებთან შედარებით, ზღვაში წვეთია. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ სხვა საინვესტიციო ბანკები ამ ეტაპზე, კრიპტო სამყაროში ინვესტირებას ეჭვის თვალით უყურებენ და ამ მხრივ, „გოლდმენ საქსზე“ (Goldman Sachs) გაცილებით პასიურები არიან.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved