„JP მორგანი“ „კოინბეიზის“ შემოსავლის ზრდას მოელის

Home » ბლოგი » „JP მორგანი“ „კოინბეიზის“ შემოსავლის ზრდას მოელის
24/01/2023
„JP მორგანი“ „კოინბეიზის“ შემოსავლის ზრდას მოელის

საინვესტიციო ბანკ „JP მორგანის“ (JPMorgan) ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეთერიუმის (Ethereum) მორიგი განახლება, რომელიც „შანჰაის“ (Ethereum Shanghai Upgrade) სახელით არის ცნობილი, კრიპტო სავაჭრო პლატფორმა „კოინბეიზის“ (Coinbase) მოგებას მნიშვნელოვნად გაზრდის. განახლება მარტშია დაგეგმილი. მისი განხორციელების შემდეგ, კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ის სახსრები, რომლებიც „ბიკონის“ ჯაჭვშია (Beacon Chain) დაბლოკილი. შედეგად, აქტივების მფლობელები, ტრანზაქციების შემოწმებაში ჩაერთვებიან და ამით სარგებელსაც მიიღებენ.

ამჟამად, სტეიკინგში ჩართული ინვესტორები იძულებულნი არიან, საკუთარი ეთერიუმის (Ethereum) დანაზოგები გაურკვეველი დროით „ჩაკეტონ“. ამის საჭიროება, ბევრი ინვესტორისთვის გარკვეულ ბარიერს ქმნის. განახლება შანჰაის შემდეგ, ისინი „ბიკონ ჩაინზე“ დაბლოკილი სახსრებით სარგებლობას შეძლებენ, რაც 2020 წლის დეკემბრის შემდეგ, პირველად მოხდება.

ანალიტიკოსების შეფასებით, განახლების დასრულების შემდეგ, „კოინბეიზის“ (Coinbase) წვრილი ინვესტორების 95 პროცენტი, საკუთარი ეთერიუმებით (Ethereum), სტეიკინგში ჩართვას შეძლებს. ეს კი პლატფორმას 225-დან 545 მილიონ დოლარამდე წლიურ მოგებას მოუტანს. კომპანიას, რომელმაც ახლახანს ათასობით თანამშრომელი დაითხოვა, ასეთი ხეირი, კრიზისიდან თავის დაღწევის საშუალებას მისცემს.

ამჟამად „კოინბეიზის“ (Coinbase) საფულეებზე არსებული კრიპტო აქტივების დაახლოებით 25 პროცენტი, ეთერიუმზე (Ethereum) მოდის. ანალიტიკოსები თვლიან, რომ სწორედ ამის გამო, „კოინბეიზი“ (Coinbase) ეთერიუმის (Ethereum) განახლების წყალობით, დიდ სარგებელს მიიღებს.

კრიპტო ბაზრის ანალიტიკოსების აზრით, ეთერიუმს (Ethereum) ყველა შანსი აქვს იმისა, რომ მალე მისმა ფასმა 2 000 დოლარს მიაღწიოს. უფრო მეტიც, თუ მაკრო ფაქტორების გამო, ბიტკოინის (Bitcoin) ფასი ზრდას გააგრძელებს, ეს ეთერიუმის (Ethereum) ფასსაც „თან გაიყოლებს“.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved