Microsoft-ი განიხილავს იმის შესაძლებლობას, რომ Microsoft Edge-ის სტრუქტურაში Web3 საფულე შეიტანოს, რომელიც კრიპტო ვალუტების გარდა, არა გაცვლად ტოკენებსაც (NFT) დაუჭერს მხარს. ამ ინფორმაციას Cointelegraph-ი ავრცელებს, რომელიც მის ნამდვილობას იმ ფაქტით ამყარებს, რომ Microsoft Edge-ის სამომხმარებლო ინტერფეისის სქრინშოტებზე, Microsoft-ის კრიპტო საფულის ადრეული ეტაპის გამოსახულებები ჩანს.
ერთ გამოსახულებაზე ჩანს Edge-ის საფულის პირველი გვერდი, რომელზეც Microsoft-ი მომხმარებელს ურჩევს, Web3 გატესტოს და გულახდილი გამოხმაურებები დაწეროს. სქრინშოტებზე ასევე კრიპტო აქტივების გაცვლის, გაგზავნის, მიღების და მათი შესყიდვის შესაძლებლობების ნიმუშებია ნაჩვენები.
უფრო მეტიც, სქრინშოტებზე ჩანს, რომ სავაჭრო პლატფორმა Coinbase და Web3 ინფრასტრუქტურული კომპანია MoonPay გამოსახულნი არიან, როგორც ბრაუზერში ინტეგრირებული პლატფორმები, რომლებიც მომხმარებლებს, კრიპტო ვალუტების ყიდვა-გაყიდვაში, გაგზავნასა და საფულეში შენახვაში ეხმარებიან.
რაც შეეხება NFT-ს, ინტერფეისში აღნიშნულია, რომ კლიენტებს სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმების დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ, რაც მათ სასურველი NFT-ის პოვნის და შეძენის საშუალებას მისცემს. უფრო მეტიც, NFT-ის კოლექციის შექმნის შემთხვევაში, Microsoft-ის საფულე, გასაყიდად მისი გამოტანის საშუალებასაც მოგცემთ.
საკუთარი ბრაუზერის საფულეების გამოშვებაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ Google-ს (Chrome) და Apple-ს (Sapari). თუმცა Microsoft-ი ინტენსიურად მუშაობს საკუთარი ბრაუზერის სხვადასხვა ფუნქციით აღჭურვაზე. მაგალითად, კომპანია თავის ბრაუზერში (Edge) და საძებნ სისტემაში (Bing), ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე, საკუთარი საძებნი სისტემების ინტეგრირებას გეგმავს.