კომპიუტერულ პროგრამებზე მომუშავე კომპანია „ბიტვაიზის“ მთავარი აღმასრულებელი მეტ ჰოუგანი ამბობს, რომ კრიპტო ვალუტების ბაზარმა, რეგულატორების მხრიდან მუდმივი და ხისტი ზეწოლის მიუხედავად, გამოცდას გაუძლო და მდგრადობა გამოავლინა. შემდეგ კი, აქტივების მმართველი, მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია „ბლექროკის“ მიერ, სპოტური ETF-ს ამოქმედების შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ, კრიპტო ბაზარს მძლავრი ბიძგი მისცა, რაც ახალი აღმავალი ციკლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახდება.
ბლუმბერგთან ინტერვიუს დროს, ჰოუგანმა განაცხადა, რომ კრიპტო სამყარო (და არამხოლოდ ის) ახალი აღმავალი ციკლის მოლოდინშია, რომელიც მისი ვარაუდით, რამდენიმე წელი გაგრძელდება. ის დასძენს, რომ ზრდის მთავარი მამოძრავებელი, მსხვილი ინსტიუტუციები იქნებიან, რომლებიც სულ უფრო გაბედულად ერთვებიან კრიპტო ბაზარზე.
„რეალურად, ბიტკოინი ნოემბრიდან იზრდება, მას შემდეგ, რაც FTX-მა ფიასკო განიცადა. ანუ, კრიპტო ვალუტები, მზარდი გაურკვევლობის მიუხედავად, იზრდებოდა. ზრდა მცირე იყო, მაგრამ მდგრადი. ახლა კი საქმეში „ბლექროკი“ ჩაერთო, რომელმაც დროშა მაღლა ასწია და გამოაცხადა, რომ ბიტქოინს (BTC) მნიშვნელობა აქვს და რომ ესაა აქტივი, რომელშიც საკუთარი სახსრების დაბანდება, მსხვილ ინსტიტუციებს სურთ. ვფიქრობ, ჩვენ კრიპტო ვალუტების ახალ ეპოქაში შევაბიჯეთ, რომელსაც მე „ძირითადს“ ვუწოდებ და მრავალწლიან აღმავალ ტრენდს მოველი, რომელიც ჯერ მხოლოდ იწყება“, – ამბობს ჰოუგანი.
„ბიტვაიზის“ მთავარი აღმასრულებელი დასძენს, რომ ის არამხოლოდ კრიპტო ვალუტების ზრდის მოლოდინშია, არამედ იმ კომპანიებისაც, რომლებიც ამ ინდუსტრიაში არიან ჩართულები (ან მომავალში ჩაერთვებიან). ის ფიქრობს, რომ საფონდო ბაზარზე მალე ბევრი ახალი კრიპტო კომპანია გამოჩნდება, რომელთა ნაწილის განკარგულებაში, კრიპტო ვალუტების მსხვილი პაკეტებია თავმოყრილი.
საინტერესოა, რომ ჰოუგანი ჯერ კიდევ 2021 წელს ვარაუდობდა, რომ ბაზარზე სპოტური გაცვლების ფონდების გამოჩენას, კრიპტო ბაზარზე მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორების მიერ, მასშტაბური კაპიტალდაბანდებები მოჰყვებოდა.