IMF – კრიპტოების აკრძალვა გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტური არ იქნება

Home » ბლოგი » IMF – კრიპტოების აკრძალვა გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტური არ იქნება
27/06/2023
IMF – კრიპტოების აკრძალვა გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტური არ იქნება

საერთაშორისო მონეტარული ფონდი (IMF) კვლავაც აცხადებს, რომ განვითარებულ ქვეყნებში კრიპტო რეგულაციები აუცილებელია, მაგრამ დასძენს, რომ კრიპტო ვალუტების სრული აკრძალვა, სწორი მიდგომა ვერ იქნება.

ანგარიშში, რომელიც ლათინურ ამერიკას და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს ეხება, ფონდს ნახსენები აქვს განსხვავებული მიდგომები, რომლებიც ამ რეგიონის მთავრობებს, კრიპტო ვალუტებთან დაკავშირებით აქვთ და იმ განზრახვებს, რომლებიც ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების (CBDC) ამოქმედებას ეხება.

როგორც ცნობილია, ელ სალვადორში ბიტკოინი 2021 წლიდან გადახდის ლეგალური საშუალებაა, ბაჰამებზე კი პირველებმა შემოიღეს (2020 წლის ოქტომბერში) საკუთარი CBDC, რომელსაც ქვიშის დოლარი (Sand Dollar) ეწოდა.

IMF აღნიშნავს, რომ ბრაზილიაში, არგენტინაში, კოლუმბიასა და ეკვადორში, რომელთა მთავრობებიც კრიპტო ბაზრის რეგულირებას ცდილობენ, კრიპტო ვალუტების ადაპტაცია მაღალ დონეზეა და ამ მხრივ, ეს ქვეყნები მსოფლიოში მოწინავეთა შორის არიან. იქ კრიპტოებს მეტწილად იმისთვის იყენებენ, რომ იმ ადგილებიდან, სადაც საბანკო სისტემა განუვითარებელია, თანხის სწრაფად და იაფად გადახდა/გადარიცხვა იყოს შესაძლებელი. უფრო მეტიც, IMF დასძენს, რომ ამ რეგიონში სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკებიც მოწადინებულები არიან, ციფრული ვალუტების ადაპტაციას შეუწყონ ხელი.

„სწორად შემუშავების შემთხვევაში, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში, CBDC-მ შეიძლება გააუმჯობესოს საგადამხდელო სისტემების მდგრადობა და ეფექტურობა, ასევე გამოყენებისას მოსახერხებლობა. მართალია, ზოგ ქვეყანაში კრიპტო აქტივები სრულად აკრძალეს, რისი მიზეზიც, მათთან დაკავშირებული რისკები გახდა, ასეთი მიდგომა გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება არაეფექტური იყოს. აკრძალვის ნაცვლად, რეგიონში იმაზე უნდა იზრუნონ, რომ კრიპტო აქტივებზე მოთხოვნის მიზეზები აღმოფხვრან“, – ნათქვამია IMF-ის განცხადებაში.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved