Societe Generale-ის შვილობილმა კომპანიამ ევროზე მიბმული სტეიბლკოინი გამოუშვა

Home » ბლოგი » Societe Generale-ის შვილობილმა კომპანიამ ევროზე მიბმული სტეიბლკოინი გამოუშვა
21/04/2023
Societe Generale-ის შვილობილმა კომპანიამ ევროზე მიბმული სტეიბლკოინი გამოუშვა

ფრანგულ ბანკ Societe Generale-ის შვილობილმა კომპანია SG-Forge-მა, ეთერიუმის (Ethereum) ბლოკჩეინზე ბაზირებული ახალი სტეიბლკოინი, “CoinVertible” – გამოუშვა, რომლის ფასიც ევროზეა მიბმული და რომელიც კვალიფიცირებული ინსტიტუციური კლიენტების მომსახურებისთვის არის განკუთვნილი.

ახალი სტეიბლკოინის აღმნიშვნელი სიმბოლოა (მორბენალი სტრიქონისთვის და სხვა დანიშნულებისთვის) EURCV. ფრანგული კომპანია აცხადებს, რომ ახალი სტეიბლკოინით Societe Generale-ის კლიენტებს მოემსახურება და ის ფულის გათეთრებისთვის ბრძოლის იარაღადაც გამოადგება.

„უახლოეს კვირებში Societe Generale – Forge პოტენციური კლიენტების მიერ გამოხატულ ინტერესს შეაფასებს და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს, რაც პროდუქტის თანდათანობით დამკვიდრებაში დაეხმარება, – ამბობს SG Forge-ის მთავარი აღმასრულებელი ჟან-მარკ სტენგერი. მისივე თქმით, კომპანია კლიენტებს ახალი სტეიბლკოინით, არსებულ სავაჭრო პლატფორმებზე, მათ შორის, კრიპტო პლატფორმებზეც მოემსახურება.

SG Forge განმარტებით, ახალი სტეიბლკოინი შეასრულებს ხიდის როლს ტრადიციული კაპიტალის ბაზრებსა და ციფრული აქტივების ეკოსისტემას შორის. SG Forge ახალი ციფრული აქტივის გამოშვება, გადახდების და ტრანზაქციების ახალ საშუალებებზე არსებული მზარდი მოთხოვნის გამო გადაწყვიტა. ახალი სტეიბლკოინი მომხმარებლებს სხვა უპირატესობებსაც მიანიჭებს. მათ შორისაა, კორპორაციული ხაზინების მართვის ახალი შესაძლებლობები, ფულადი სახსრების მართვა, ლიკვიდურობის ფინანსირება, ასევე რეფინანსირებასთან დაკავშირებული ფუნქციები.

SG Forge აცხადებს, რომ EUR CoinVertible საბაზრო სტანდარტებს შეესაბამება, მათ შორის, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. კომპანია ასევე აცხადებს, რომ უზრუნველყოფს გირაოსთვის განკუთვნილი აქტივების „სრულ სეგრეგაციას“, რითაც სტეიბლკოინების სტაბილურ ფასს განაპირობებს.

რაც მთავარია, სტეიბლკოინი სრულად აკმაყოფილებს ევროპის ციფრული აქტივების რეგულაციებს, რომლებიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved