SEC-ის თავმჯდომარე კრიპტო ბაზრის რეგულირების საჭიროებას ვერ ხედავს

Home » ბლოგი » SEC-ის თავმჯდომარე კრიპტო ბაზრის რეგულირების საჭიროებას ვერ ხედავს
31/03/2023
SEC-ის თავმჯდომარე კრიპტო ბაზრის რეგულირების საჭიროებას ვერ ხედავს

შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების კომისიის (SEC) თავმჯდომარე გერი გენსლერი ამბობს, რომ კრიპტო ბაზრის დამატებითი რეგულირების საჭიროებას ვერ ხედავს. მისი თქმით: „ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა, კრიპტო ვალუტების ბაზარზე არსებული ვითარების დიდი ნაწილის დაფარვის საშუალებას იძლევა“.

წარმომადგენლობითი პალატის ასიგნებათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ კრიპტო ვალუტების რეგულირების წესები უკვე არსებობს და ეს წესები, „ფასიანი ქაღალდების რეგულირებას ეხება“. მან ასევე განაცხადა, რომ კრიპტო ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებული, შემოთავაზებული მარეგულირებელი მექანიზმები, თუ ისინი დამტკიცდება, ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კანონების კომპეტენციას დააზარალებს.

სენატორები, კირსტენ გილიბრანდი და სინტია ლამისი აპრილში გეგმავენ ახალი კანონპროექტის წარდგენას, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ ციფრული აქტივების, მათ შორის ბიტკოინის (BTC) კონტროლი, სულ სხვა მარეგულირებლის, სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის (CFTC) საქმეა.

კრიპტო ვალუტა სასაქონლო აქტივია, თუ ფასიანი ქაღალდი, ამ თემაზე ორივე კომისიის (SEC და CFTC) მოსაზრება განსხვავებულია. ახლახანს სწორედ CFTC-მ დაიწყო მოკვლევა მსოფლიოს უდიდეს კრიპტო სავაჭრო პლატფორმა „ბაინანსის“ (Binance) წინააღმდეგ და ირწმუნება, რომ ეს უკანასკნელი, არარეგისტრირებულ სავაჭრო საქმიანობას ეწევა. თავის სარჩელში CFTC ირწმუნება, რომ ყველა წამყვანი კრიპტო ვალუტა, მათ შორის ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვები, საქონელს წარმოადგენს.

გენსლერმა კი, სენატის მოსმენებზე ხაზგასმით განაცხადა, რომ კრიპტო ვალუტების უმეტესობა ფასიანი ქაღალდებია და დაამატა, რომ უცხოური ორგანიზაციები, რომლებიც აშშ-ში კრიპტო ვალუტებს ყიდიან, ქვეყანაში მოქმედ, ფასიანი ქაღალდების კანონს უნდა დაექვემდებარონ. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, მათ CFTC-ის კანონების შესაბამისად მოქმედებაც მოუწევთ.

მისივე თქმით, არის თუ არა კრიპტო აქტივი ფასიანი ქაღალდი, ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება SEC-მა და სასამართლომ უნდა მიიღონ და არა ცალკეულმა სავაჭრო პლატფორმებმა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved