ამ კვირაში ბიტკოინის ნახტომმა კრიპტოვალუტის ირგვლივ ძველი “ჰაიპი” დააბრუნა და კარგად ნაცნობი FOMO-ც გამოჩნდა. თუ აქამდე ყოყმანობდი, მაგრამ კრიპტოვალუტის ფასების ზრდის ამ ტალღაზე საბოლოოდ გადაწყვიტე, რომ წვეულებას შეუერთდე, კითხვა გააგრძელე. ეს ბლოგი სწორედ ახალბედა კრიპტო ენთუზიასტებისთვის მოვამზადეთ:
მნიშვნელობა არ აქვს, ფინანსური განათლება გაქვს თუ არა – სწორი ინვესტირების ცოდნა საჭირო უნარია. უზრუნველყოფილი მომავლისთვის, არსებული რესურსების სწორად განკარგვა და ქონების მუდმივი ზრდა მნიშვნელოვანია, ასე რომ, ინვესტირებაში გარკვევა, ადრე თუ გვიან აუცილებელია. უკვე რამდენიმე წელია, რაც ფინანსურ სამყაროში კრიპტოვალუტის როლი სულ უფრო და უფრო იზრდება და პატარა შეფერხებების მიუხედავად, კრიპტო ბაზარი სულ უფრო მეტ ინვესტორს იზიდავს. ასე რომ, ტრადიციულ მეთოდებთან ერთად, კრიპტოვალუტა ინვესტირების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ხდება. თუ ჯერ კიდევ არ იცი, როგორ გაუშინაურდე კრიპტო სამყაროს, ან ეს ყველაფერი რთულად გეჩვენება, პირველი ნაბიჯების გადადგმაში ჩვენ დაგეხმარებით:
ნაბიჯი 1: შეისწავლე კრიპტო-ბაზარი
როგორც ყველა სხვა ინვესტიცია, კრიპტო ინვესტიციაც შეიძლება სხვადასხვა მიზნით განხორციელდეს. პირველ რიგში, გაიაზრე, რით განსხვავდება კრიპტო-ბაზარი ტრადიციული ფინანსური ალტერნატივისგან: ძირითად შემთხვევაში, კრიპტოვალუტა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის წყალობით მუშაობს, რაც შუამავლებსა და გარე გარანტორებს (მაგალითად ბანკებსა და სახელმწიფოს) სრულიად გამორიცხავს. შესაბამისად, კრიპტო ბაზარი თავისუფალი და მრავალფეროვანია – მრავალფეროვნება კი ხშირად დამაბნეველიც შეიძლება აღმოჩნდეს.
პირველ რიგში, განსაზღვრე რას ელი ინვესტიციისგან: გრძელვადიანი იქნება ის, თუ მოკლევადიანი, რა თანხის ჩადებას აპირებ? სანამ მოღვაწეობას დაიწყებ, ამოირჩიე ქოინი, რომლის ყიდვასაც საწყის ეტაპზე აპირებ და დააკვირდი მის დინამიკას. იმისთვის, რომ უკეთ გამოიცნო რომელ ქოინზე რა დროს გაიზრდება ფასი და მოთხოვნა, შეისწავლე გასული თვეების ტენდენციებიც. მიღებული მონაცემების ანალიზი დაგეხმარება სწორ ნავიგაციაში. კრიპტო-ტრენდებისთვის თვალის დევნება და მუდმივად განახლებადი ინფორმაციის ფლობა, ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია წარმატებული კრიპტო ვაჭრობისათვის.
ნაბიჯი 2: შექმენი ექაუნთი
იმისთვის, რომ ქოინები გაყიდო და იყიდო, გჭირდება კრიპტო ბირჟის რომელიმე პლატფორმაზე ექაუნთის შექმნა. დიდი არჩევანი გაქვს – კრიპტო მიმოცვლის უამრავი აპლიკაცია არსებობს! პლატფორმის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, თუ რა კრიპტოვალუტებზე გექნება წვდომა მისი მეშვეობით. მაგალითად, Binance ყველაზე დიდი კრიპტობირჟაა, მეორე ადგილზეა Coinbase, რომელიც 250-ზე მეტ ქოინს გვთავაზობს, ხოლო სიდიდით მესამე, Kraken დაახლოებით 160-ს. პლატფორმების მიხედვით განსხვავდება მინიმალური ვაჭრობის ლიმიტი და საკომისიოც.
დამწყებთათვის მნიშვნელოვანია შექმნილი ანგარიშის გამოყენების სიმარტივეც. ზოგიერთი პროვაიდერის ინტერფეისი გადატვირთულია ისეთი ინფორმაციით, რომელიც დამწყებ ინვესტორს დააბნევს. გარდა ამისა, უნდა დარწმუნდე, რომ შერჩეული პლატფორმა შენს გეოგრაფიულ არეალს ემსახურება. ამ პრობლემების გადაჭრაში ჩვენ დაგეხმარებით: mycoins.ge ის კრიპტოსივრცეა, რომელიც კრიპტო-ახალბედებისთვისაც კი ძალიან ადვილი გამოსაყენებელია და რაც მთავარია, საქართველოში პირველი VASP ლიცენზიის მფლობელია. ასე რომ, რთულ ინტერფეისს არ შეუშინდე!
კრიპტობირჟის არჩევისას გასათვალისწინებელია უსაფრთხოების ფაქტორიც. საიდუმლო არაა, რომ ისინი შეიძლება ჰაკერული თავდასხმის შედეგად გაიძარცვონ, ან მათი მომხმარებლები სხვა თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ. ასე რომ, დარწმუნდი არჩეული პლატფორმის რეპუტაციაში! მათი უმეტესობა ორ-საფეხურიან ავტორიზაციის სისტემას გვთავაზობს, თუმცა, არსებობს უფრო კომპლექსური, თითის ანაბეჭდისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გზით შესვლა ანგარიშზე.
ნაბიჯი 3: ამოირჩიე კრიპტო-საფულე
როცა კრიპტოს ყიდულობ, ის უნდა შეინახო კიდეც. კრიპტოვალუტის შენახვა კრიპტო-საფულეშია შესაძლებელი. არსებობს სხვადასხვანაირი საფულე, მათგან ყველაზე მარტივი შერჩეული მიმოცვლის პლატფრომაზე მიბმული კრიპტო საფულეა. პლატფორმების მიხედვით, საფულეების შესაძლებლობები განსხვავდება. თუ გსურს, შენი კრიპტო ქონება უფრო უსაფრთხოდ შეინახო, შეგიძლია დამოუკიდებელი, non-custodial საფულის აპლიკაცია გადმოწერო, აღსანიშნავია, რომ აქ შენს “გასაღებს” (private key) თავადვე ინახავ, კრიპტომიმოცვლის პლატფორმის გარეშე. ამ დროს კი სიფრთხილე უნდა გამოიჩინო, რადგან “გასაღების” დაკარგვის შემთხვევაში, კრიპტოზე წვდომასაც დაკარგავ. არსებობს კრიპტოს შენახვის კიდევ ერთი გზა, ე.წ. Hardware საფულე, რომელიც ცალკე მოწყობილობაში შენახული კრიპტოა. ამისთვის, მეხსიერების გარე ხელსაწყო უნდა შეიძინო, USB ან hard დრაივი. ყველა საფულე შეიძლება იყოს როგორც “ცივი” (cold), ისე “ცხელი”(hot). Hot საფულეები ინტეტნეტთანაა დაკავშირებული და მათი მოხმარება გაცილებით უფრო მოსახერხებელია, თუმცა, ინტერნეტთან დაუკავშირებელი, cold საფულეები, უფრო დაცულად ითვლება. არჩევანი საკუთარი საჭიროებებისამებრ უნდა მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია წარმატებულ კრიპტო-მოვაჭრედ ვერ გაქცევს, ახლა უკვე იცი, კრიპტოსამყაროში როგორ შეაბიჯო. მუდმივი განვითარება და კრიპტო-სიახლეების ინფორმაციის ანალიზი დაგეხმარება განსაზღვრო ვაჭრობის სტრატეგია. სიახლეების ქართულ ენაზე გასაცნობად, თვალი ადევნე mycoins.ge–ს ბლოგს. როგორც გამოცდილი კრიპტო-ტრეიდერები გვირჩევენ, მოთმინება და სიდინჯე კრიპტოსამყაროშიც სასარგებლო თვისებებია.