„სტანდარდ ჩარტერდი“ – ბიტკოინი 120 000 დოლარამდე გაძვირდება

Home » ბიტკოინი » „სტანდარდ ჩარტერდი“ – ბიტკოინი 120 000 დოლარამდე გაძვირდება
12/07/2023
„სტანდარდ ჩარტერდი“ – ბიტკოინი 120 000 დოლარამდე გაძვირდება

საბანკო გიგანტ „სტანდარდ ჩარტერდის“ პროგნოზით, წელს ბიტკოინის (BTC) ფასმა შეიძლება 50 000 დოლარს მიაღწიოს, მომავალი წლის ბოლოს კი 120 000 დოლარამდე გაიზრდება. ამასთან, ბანკის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინის ფასის

ახლანდელმა ზრდამ, შეიძლება მაინერების მხრიდან, ბაზარზე ნაკლები ბიტკოინის გამოტანა გამოიწვიოს, რადგან ისინი საექსპლუატაციო ხარჯების და კრედიტების დაფარვას, ნაკლები დანახარჯებითაც შეძლებენ.

ჯერ კიდევ აპრილში, „სტანდარდ ჩარტერდის“ პროგნოზი უფრო მოკრძალებული იყო და 2024 წლის ბოლოს, ბიტკოინის 100 000 დოლარამდე გაძვირებას ვარაუდობდა. თუმცა ბანკის წამყვანი ფორექს ანალიტიკოსი ჯეფ კენდრიკი თვლის, რომ აპრილის პროგნოზი მეტისმეტად თავშეკავებული იყო.

„ბიტკოინის მოპოვებაზე, მომგებიანობა იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაინერები ნაკლები ბიტკოინის გაყიდვითაც მიიღებენ იმ ფულს, რაც მათს საოპერაციო ხარჯებს დაფარავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქსელში ნაკლები ბიტკოინი გამოვა და შესაბამისად, ფასიც გაიზრდება“, – ამბობს კენდრიკი.

წლის დასაწყისიდან, ბიტკოინის ფასი დაახლოებით, 80 პროცენტით გაიზარდა. მაგრამ ჯერ თავისი მაქსიმუმის (დაახლოებით 69 000 დოლარი) ნახევრამდეც არ გაძვირებულა.

გასულ წელს კრიპტო ბაზარზე დაღმავალი ტრენდი ბატონობდა, რა დროსაც, ბაზარმა 2 ტრილიონ დოლარზე მეტი დაკარგა. ამის ძირითადი მიზეზი, ცენტრალური ბანკების მიერ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იყო, რასაც ბაზარზე ლიკვიდურობის შემცირება მოჰყვა. ამან კი რამდენიმე მსხვილი მოთამაშის კრახი გამოიწვია.

„სტანდარდ ჩარტერდი“ წერს, რომ მაინერებს ამჟამად ხარჯების დასაფარად, მათ მიერ მოპოვებული ბიტკოინების თითქმის სრულად გაყიდვა უწევთ. თუმცა ფასის ზრდასთან ერთად, ისინი გარკვეული რაოდენობით ბიტკოინების დატოვებასაც და სახარჯო თანხის ნაკლები ბიტკოინის გაყიდვით მიღებას შეძლებენ. მათი ხარჯების უმეტესი წილი, იმ ელექტრო ენერგიის შესყიდვაზე მოდის, რომელიც სუპერ კომპიუტერების მომსახურებას ხმარდება.

ბანკის ინფორმაციით, დღიურად მსოფლიოში დაახლოებით 900 ბიტკოინს მოიპოვებენ. და ხარჯების დასაფარად, თითქმის ამდენივე გამოდის ბაზარზე. ფასის ზრდის კვალად, მაინერები დღეში 180-270 ბიტკოინს დაიტოვებენ და დანარჩენს გაყიდიან. წელიწადზე გადაანგარიშებით, ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 65 ათასი ბიტკოინი დარჩება მაინერთა საფულეებში. ასეთი მოცულობით ბიტკოინის გაჩერება კი ფასის ზრდას გამოიწვევს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved