კრიპტო ბაზარი მოუთმენლად ელის 12 აპრილს, როდესაც ეთერიუმის ქსელში გაუმჯობესება, კოდური სახელწოდებით „შანხაი“ განხორციელდება (Ethereum Shanghai Upgrade). მოსალოდნელია, რომ ამის შემდეგ, ბაზარზე თანდათან გამოვა 17 მილიონამდე ეთერიუმი, რომლებიც ამჟამად მათს მფლობელებს „ჩაკეტილი“ აქვთ სტეიკინგით.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გაუმჯობესება კრიპტო ბაზრისთვის და უშუალოდ ეთერიუმისთვის, დადებითი მოვლენა იქნება და ხანგრძლივ პერსპექტივაში, ეთერიუმის ფასის ზრდის გამოწვევა შეუძლია. მაგრამ არსებობს მეორე მხარეც. საქმე ისაა, რომ ბაზარზე ასეთი დიდი რაოდენობით ტოკენების გამოსვლას, მისი გაუფასურება შეუძლია. თუმცა ისიც აშკარაა, რომ 17 მილიონი ეთერიუმის ერთბაშად გამოტანა არ მოხდბა და ეს პროცესი დროში გაიწელება, რის გამოც, ფასზე ტოკენების სიჭარბე ნაკლებად იმოქმედებს.
შანხაის გაუმჯობესების ერთ-ერთი თავისებურება ისაა, რომ მისი მეშვეობით, ეთერიუმის მფლობელები შეძლებენ, ის ეთერიუმები გამოიყენონ, რომლებიც ამჟამად სტეიკინგით აქვთ გაჩერებული. ზოგადი შეფასებით, პოტენციურად ბაზარზე ჯამში 32 მილიარდი დოლარის ეთერიუმები გამოვა. სავარაუდოდ, მფლობელები მათ სავაჭროდ გამოიყენებენ. ოღონდ, ხელსაყრელ მომენტს დაელოდებიან.
ასეთი ხელსაყრელი მომენტი ამჟამად არაა, რადგან ეთერიუმის ფასი შორსაა მაქსიმუმისგან. ამასთან, ბაზარზე აღმავალი ტრენდია დაწყებული, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყიდვა სასურველი არაა. გამოდის, რომ სტეიკინგით გაჩერებული ტოკენების ბაზარზე მოზღვავება, რასაც ფასზე ზეწოლა შეუძლია, ნაკლებად მოსალოდნელია.
იმავდროულად, ტრეიდერების ნაწილი, ეთერიუმის ფასის კორექციებზე იმუშავებს და საკუთარ ტოკენებს სწორედ ამ დროს გაჰყიდის. თუმცა ეს ჩვეულებრივ სავაჭრო რეჟიმში მოხდება და ფასზე ძლიერ გავლენას ასევე არ მოახდენს.
საინტერესო ფაქტი: სტატისტიკა უჩვენებს, რომ ეთერიუმისგან განსხვავებით, არაერთი PoS (Proof-of-Stake) კრიპტო ვალუტის დიდი ნაწილი სტეიკინგით არის დაფარული, მაგრამ ამ ვალუტების სტრუქტურა იმის საშუალებას იძლევა, რომ მფლობელებმა მათი ტოკენების სავაჭროდ გამოყენება შეძლონ. კარდანოს შემთხვევაში, ასეთი ტოკენების მოცულობა 71 პროცენტია, სოლანას შემთხვევაში 70 პროცენტი, ბაინენსზე 85 და პოლკადოტზე – 50 პროცენტი. შედარებისთვის, ეთერიუმის შემთხვევაში, სტეიკინგით მხოლოდ 16 პროცენტია „დაკავებული“ და ვაჭრობაში მათი გამოყენება ჯერჯერობით შეუძლებელია, გაუმჯობესება შანჰაის შემდეგ კი ისინი ხელმისაწვდომი იქნება.