თუ ადამიანებს ვკითხავთ, რა იციან კრიპტოვალუტებზე, ალბათ, უმეტესობა ბიტკოინსა და ბლოკჩეინს გაიხსენებს. რეალურად, დღეს ბაზარზე 5,000-ზე მეტი კრიპტოა, ეს რიცხვი კი ინვესტორებში აჩენს კითხვას: რომელი კრიპტოების ყიდვა ღირს?
რთულია ამდენი შესაძლებლობდან მარტივად აარჩიო შენს მიზნებზე მორგებული ციფრული ვალუტა, თუმცა ჩვენ შევაგროვეთ რამდენიმე რჩევა, რაც დაგეხმარება სწორად გააანალიზო თითოეული მათგანი და ამის მიხედვით მიიღო ყიდვის გადაწყვეტილება.
1. შეამოწმე კრიპტოვალუტის ,,თეთრი ფურცელი” (White Paper)
კრიპტოვალუტის ,,თეთრ ფურცელში” აღნიშნულია ბლოკჩეინთან დაკავშირებული პროექტის სტრატეგია, მიზნები, პრობლემები და ვადები, რომელშიც იგეგმება მისი წარმატება.
ასევე შეგიძლია გაარკვიო, რით განსხვავდება ის კონკურენტი კრიპტოებისგან, როგორ გეგმავენ წარმატების მიღწევას, რა ფინანსური მოდელი აქვთ. თუ კრიპტოს ,,თეთრი ფურცელი” არ აქვს, ექსპერტები გვირჩევენ მასში გრძელვადიანი ინვესტირებისგან თავი შორს დავიჭიროთ.
2. გადახედე კრიპტოვალუტის უკან მდგომ გუნდს
დეველოპერები და ადმინისტრაციული გუნდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერი ქოინის წარმატებაში, ამიტომ საჭიროა მათზე ინფორმაცია შეაგროვო.
დარწმუნდი, რომ შენ მიერ შერჩეულ კრიპტოვალუტას მხარს ის ადამიანები უჭერენ, რომლებმაც ზუსტად იციან, რას აკეთებენ.
3. გაარკვიე, რა პრობლემას აგვარებს მოცემული კრიპტოვალუტა
მანამ, სანამ კონკრეტულ კრიპტოვალუტას იყიდი, დასვი კითხვები, თუ რა პრობლემას აგვარებს ის და რით არის ეს პროექტი უნიკალური.
რეალურად, იმ ბლოკჩეინ პროექტებზე, რომლებიც უნიკალურ პრობლემას ჭრიან, მოთხოვნა იზრდება და წარმატების მეტი შანსია.
4. დააკვირდი კრიპტოვალუტის გაყიდვის პროცესს
კრიპტოვალუტების სამყაროში გამჭვირვალობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, სწორედ ამიტომ, თვალი ადევნე შენ მიერ არჩეული კრიპტოების გაყიდვის სტატისტიკას, ხოლო არ ენდო იმ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც მსგავს ინფორმაციას მალავენ.
რა თქმა უნდა, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ კრიპტოვალუტა ან ბლოკჩეინთან დაკავშირებული რომელიმე პროექტი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა წამოწყება ბიზნესში წარმატებული ან ლეგიტიმური იქნება, თუმცა იმედი გვაქვს, ჩვენ მიერ მოცემული რჩევები შერჩევის პროცესს გაგიმარტივებს და რისკების შემცირებაში დაგეხმარება.
რჩევები მომზადებულია Cointelegraph-ის ექსპერტების მიხედვით