ილონ მასკი: ჩემს ბიტკოინებს (BTC), ეთერიუმებს (Ethereum) და დოგკოინებს (Doge) არ გავყიდი

Home » ბიტკოინი » ილონ მასკი: ჩემს ბიტკოინებს (BTC), ეთერიუმებს (Ethereum) და დოგკოინებს (Doge) არ გავყიდი
14/03/2022
ილონ მასკი: ჩემს ბიტკოინებს (BTC), ეთერიუმებს (Ethereum) და დოგკოინებს (Doge) არ გავყიდი

14 მარტი,

კომპანიების, „ტესლას“ და „სპეის იქსის“ დამაარსებელი და მთავარი აღმასრულებელი ილონ მასკი, ტვიტერზე თავის მიმდევრებს, უახლოეს წლებში დოლარის მოსალოდნელ ინფლაციასთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს. რაც მთავარია, მასკი ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ბიტკოინების (BTC), ეთერიუმების (Ethereum) და დოგკოინების (Doge) გაყიდვას არ გეგმავს.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის გამონათქვამები ციფრულ ვალუტებზე, ყოველთვის იწვევს ინვესტორების ინტერესს და რეაქციას. მასკი ციფრული ვალუტებისადმი თავის დადებით დამოკიდებულებას არასდროს მალავს და მის გამონათქვამებს, ხშირად მოჰყვება ამა თუ იმ ვალუტის ფასის ცვლილება.

ის განსაკუთრებით დოგკოინს სწყალობს და ამ ვალუტაზე, „ტესლას“ აქსესუარების გაყიდვაც კი დაიწყო. ამ ინფორმაციის გავრცელებას კი დოგკოინის ფასის ზრდა მოჰყვა.

მასკის ტვიტერს ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა „მაიკროსტრატეჯის“ მთავარი აღმასრულებელი მაიკლ სეილორი: „ამერიკული დოლარის ინფლაცია, ყველა დროის უმაღლესი დონისკენ ზრდას გააგრძელებს, აქტივებზე ინფლაციის ტემპი კი, სამომხმარებლო ფასებისაზე ორჯერ მეტი იქნება. სუსტ ვალუტებს კოლაპსი ელის და ამ ფონზე, ნაღდი ფულიდან, სავალო ვალდებულებებიდან და აქციებიდან კატიპალის ბიტკოინისკენ (BTC) გადანაცვლება, სულ უფრო ინტენსიური გახდება“.

ამგვარად, სეილორი თვლის, რომ ინფლაციის ზრდის ფონზე, ბიტკოინი (BTC) საიმედო ინვესტიციად დარჩება და მისი არგაყიდვა, ისედაც ლოგიკური ნაბიჯია.

მაგრამ მასკი პასუხობს, რომ როდესაც ინფლაცია მაღალია, ამ დროს უმჯობესია, თუ ინვესტორი საკუთარ სახსრებს უძრავ ქონებაში, ან ისეთი კომპანიების აქციებში გადაამისამართებს, რომლებიც პოპულარულ პროდუქციას აწარმოებენ. სხვათა შორის, ამავე მოსაზრებას იზიარებს კიდევ ერთი დიდი ინვესტორი, უორენ ბაფეტი. და მაინც, ყოველივეს მიუხედავად, მასკი თავის ბიტკოინებს, ეთერიუმებს და დოგკოინებს ვერ შეელევა.

ამასობაში, მასკის მიერ დასახელებული სამივე ციფრული ვალუტის ფასები ჰორიზონტალურ მოძრაობას აგრძელებენ და ძლიერ კატალიზატორებს ელიან იმისთვის, რომ რომელიმე მიმართულებით გააგრძელონ სვლა. ეს იმ დროს, როდესაც უკრაინში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს, დასრულების პირი ჯერაც არ უჩანს. ომი კი ციფრული ვალუტების ფასებს დაბლა ექაჩება, რადგან ისინი ჯერჯერობით კვლავაც რისკიან აქტივებად არის მიჩნეული.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved