კვირის კრიპტო ამბები

Home » ბიტკოინი » კვირის კრიპტო ამბები
13/04/2023
კვირის კრიპტო ამბები

ChatGPT-მ ყველაზე პერსპექტიული კრიპტო აარჩია

ხელოვნური ინტელექტის ჩატ-ბოტმა ChatGPT-მ ყველაზე პერსპექტიული კრიპტო ვალუტა აარჩია. ChatGPT ფიქრობს, რომ განვითარების ყველაზე საუკეთესო პერსპექტივა ეთერიუმს აქვს და არა ბიტკოინს, რომელიც კრიპტო ბაზრის არსებობიდან მოყოლებული, ყველაზე პოპულარული კრიპტო ვალუტაა.

ChatGPT-მა ბევრი პოპულარული კრიპტო ვალუტის ანალიზი ჩაატარა. მათ შორის იყო რიპლი (Ripple), შიბა ინუ (Shiba Inu), დოგჯოინი (DOGE) და სხვა. ანალიზის საფუძველზე, მოხდა მათი ფასის ზრდის პერსპექტივის შეფასება. ამ ყველაფრის შეჯამებით, ხელოვნური ინტელექტის პროგრამა ფიქრობს, რომ ყველაზე ძლიერ ზრდას ეთერიუმის (Ethereum) ფასზე უნდა ველოდოთ.

ხელოვნური ინტელექტის ასეთ პროგნოზს რამდენიმე მიზეზი გააჩნია. მათ შორისაა სმარტ კონტრაქტები და დეცენტრალიზებული პლატფორმების შექმნის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ბიტკოინის (Bitcoin) შემდეგ, ეთერიუმი (Ethereum) მეორე კრიპტო აქტივია, რომლითაც ინსტიტუციები ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულნი. ამასთან, ეთერიუმი (Ethereum) მუდმივად ცდილობს საკუთარი ბლოკჩეინის განახლება-გაუმჯობესებას, რისი დასტურიც იყო PoS (პრუფ-ოფ-სტეიკ) სისტემაზე გადასვლა.

ChatGPT-ს აზრით, კარგი პერსპექტივა ასევე აქვთ BNB-ს, კარდანოს (Cardano), სოლანას (Solana), პოლკადოტს (Polkadot) და ავალანშს (Avalanche).

მონტენეგროს ციფრული ვალუტის შექმნაში რიპლი დაეხმარება

მონტენეგროს ცენტრალურმა ბანკმა (CBCG) პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმა რიპლთან (Ripple), რომელთან ერთადაც, ეროვნული სტეიბლკოინის სტრატეგიას და საპილოტო პროგრამას შეიმუშავებს და გაუშვებს. განზრახულია ეროვნული ციფრული ვალუტის გამოყენების ასპექტების და სხვა საკითხების განსაზღვრა და მისი მიმოქცევაში გაშვების იმიტაციის სისტემის შექმნა.

რიპლის (Ripple) გარდა, პროექტში მონაწილეობას მიიღებს მთავრობა, ასევე ქვეყნის სამეცნიერო დაწესებულებები. შეიქმნება ეროვნული ციფრული ვალუტის პროტოტიპი და მისი ტესტირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ტესტების დროს, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ფუნქციონალობა და პოტენციალი შეფასდება.

სატესტო პროგრამის განხორციელებისას, ეროვნული ციფრული ვალუტის უპირატესობები და რისკები გაანალიზდება. განხილვის საგანი იქნება გადახდის ელექტრონული საშუალებების უსაფრთხოების, ეფექტურობის, კანონებთან შესაბამისობის და რაც მთავარია, მომხმარებელთა უფლებების და კონფიდენციალურობის დაცვის შესაძლებლობა.

ანალიტიკოსები ბიტკოინის ფასის $ 34 000-მდე ზრდას ელიან

ბიტკოინის (BTC) ფასი ბოლო ათ თვეში პირველად ასცდა 30 ათას დოლარს. ეს იმის ფონზე მოხდა, რომ ინვესტორების მოლოდინით, შეერთებული შტატების ფედრეზერვი, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პროცესს შეაჩერებს. ყველაზე პოპულარული კრიპტო ვალუტის ფასის პიკი $30 438-ის ნიშნულზე ავიდა.

ბიტკოინის ფასის მორიგი ზრდა მოჰყვა პარასკევს გამოქვეყნებულ აშშ-ის შრომის ბაზრის სტატისტიკას, რომელმაც აჩვენა, რომ პრობლემების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა ზრდას აგრძელებს. ამის ფონზე, ბანკ SVB-ს კრახი იმის მოლოდინს ქმნის, რომ ფედრეზერვი დოლარზე განაკვეთის აწევის პროცესს არ გააგრძელებს.

ბლოკჩეინის ანალიტიკაზე მომუშავე კომპანია „სანტიმენტის“ (Santiment) ინფორმაციით კი, ბიტკოინის ქსელში BTC-ს რამდენიმე მსხვილი გადაადგილება განხორციელდა, რა დროსაც, კრიპტო ვეშაპებმა 11-ჯერ შეასრულეს მსხვილი ტრანზაქცია, რომლებითაც ყოველ გადარიცხვაზე 22 000 ბიტკოინს (BTC) მოუნაცვლეს ადგილი.

მრავალწლიანი სტატისტიკის შესაბამისად, ბიტკოინისთვის (Bitcoin) აპრილი კარგი თვეა, რომლის განმავლობაშიც, მისი ფასი იზრდება. ეს თვის პირველ კვირაშიც დადასტურდა, რა დროსაც, ბიტკოინის (BTC) ფასი 6 პროცენტზე მეტით გაიზარდა და 30 ათას დოლარს ასცდა, რაც შარშანდელი ივნისის შემდეგ პირველად მოხდა. უფრო მეტიც, პირველი კრიპტო ვალუტა, ეთერიუმთან (Ethereum) წყვილშიც იზრდება. ასევე იზრდება ბიტკოინით ვაჭრობის მოცულობა. კერძოდ, ამ დღეებში ბიტკოინით ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობამ 24.4 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც თვის დასაწყისის ანალოგიურ მაჩვენებელზე დაახლოებით 92 პროცენტით მეტია.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved