კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები

Home » ბლოგი » კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები
17/12/2021
კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები

ბიტკოინის (BTC) 90 პროცენტი მოპოვებულია

17 დეკემბერი,

გასულ კვირაში, ციფრული ვალუტების ბაზარზე მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა – მოპოვებული ბიტკოინების რიცხვმა 18.899 მილიონს მიაღწია. „ბლოკჩეინ.კომ-ის“ ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ ბიტკოინების 90 % უკვე მიმოქცევაშია და მაინერებს მხოლოდ 10 % დარჩათ მოსაპოვებელი.

„ბლოკჩეინ.კომ-ისვე“ ვარაუდით, თუ 90 %-ის მოპოვებას 12 წელი დასჭირდა, დარჩენილი 10 %-სთვის ამაზე გაცილებით მეტი დროა საჭირო. ამის მიზეზი ისაა, რომ ყოველ ოთხ წელიწადში, ბიტკოინის მოპოვების ტემპი ნახევრდება. ასეთი გრაფიკი, ციფრული ვალუტის საწყის კოდშია ჩადებული.

ბიტკოინის (BTC) ანონიმურმა შემქმნელმა, ვინც სატოში ნაკამოტოს სახელით არის ცნობილი, თავისი ვალუტის მაქსიმალური ოდენობა, 21 მილიონით წინდაწინვე შეზღუდა. აღნიშნული გარემოება იმის გარანტიაა, რომ მაქსიმუმთან მიახლოების კვალად, ბიტკოინის ფასი თანდათან გაიზრდება.

მოპოვების ბოლო განახევრება (ჰალვინგი) 2020 წლის მაისში შესრულდა. აქედან მოყოლებული, ყოველი ახალი ვერიფიცირებული ბლოკის გახსნაზე, მაინერები 6.25 ბიტკოინს მოიპოვებდნენ. მომდევნო განახევრება 2024 წელს არის დაგეგმილი და ამის შემდეგ, ყოველი ბლოკის გახსნაზე, მომპოვებელი (მაინერი) 3.125 ბიტკოინს (BTC) მიიღებს.

2040 წლისთვის, ყოველი ბლოკისთვის ჯილდო 0.2 ბიტკოინზე (BTC) დაბლა დაეცემა. ამასთან, 21 მილიონიდან, მხოლოდ 80 000 ბიტკოინი დარჩება მოსაპოვებელი. ბოლო ბიტკოინის აღმოჩენას კი დაახლოებით 40 წელი დასჭირდება. შესაბამისად, იმ დროისთვის, ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასი მაქსიმალურად გაიზრდება.

კრიპტო ვალუტების გაიაფება ამ კვირაშიც გაგრძელდა

გასული კვირის ტრენდი ამ კვირაზეც გავრცელდა. კლება მკვეთრი აღარაა და პროცესმა კონსოლიდაციის ფორმა მიიღო, მაგრამ ფაქტია, რომ ბიტკოინის (BTC) ფასი 50 ათასიან ნიშნულზე დაბლა დამკვიდრდა, ეთერიუმს (ETH) კი 4 ათას დოლართან „ჭიდაობა“ უწევს.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ბიტკოინისთვის (BTC) მნიშვნელოვან ზღვარს, 46 ათასი დოლარი წარმოადგენს, ეთერიუმისთვის კი ასეთი 4 000 დოლარია. და როგორც ყოველთვის, დანარჩენი კრიპტო ვალუტების უმეტესობაც, ამ ორი ყველაზე პოპულარული ვალუტის მიმართულებით მოძრაობას ირჩევს.

ამგვარი ფრთხილი მოძრაობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ინვესტორები წლის ბოლოს აქტივობას ერიდებიან. მათმა უმეტესობამ, კრიპტო ვალუტების ზრდით მიღებული მოგება სრულად, ან ნაწილობრივ გაანაღდა და ახლა იმის მოლოდინშია, რომ ხელსაყრელი პოზიციიდან, ისევ გახსნას ყიდვის პოზიციები. ოღონდ, ახალ წლამდე ეს ნაკლებად მოსალოდნელია. რა თქმა უნდა, თუ საქმეში რაიმე ძლიერი კატალიზატორი არ ჩაერთვება.

BTC-ის ფასი ექვსნიშნა რიცხვებამდე გაიზრდება?

სანამ კრიპტო ბაზარზე კონსოლიდაციაა, ანალიტიკოსები უხვად არიგებენ პროგნოზებს. მთავარი პროგნოზი, რომლის შესაბამისადაც, ბიტკოინის ფასი ამ წლის ბოლომდე $ 100 000 უნდა გაზრდილიყო, ფაქტობრივად არ შესრულდა. თუმცა ვადის გადაცილება არ ნიშნავს, რომ ასე საერთოდ არ მოხდება. ყოველ შემთხვევაში, პრაქტიკულად არავინ დაობს იმაზე, რომ მაქსიმუმი განახლდება.

მაგალითად, ბლუმბერგის კვლევების შტოს სასაქონლო ბაზრის სტრატეგი მიკ მაკგლოუნი ამბობს, რომ მსოფლიო დეფლაციური ტენდენციების ხელშეწყობით, ბიტკოინის ფასი $ 100 000 მიაღწევს. მისივე ვარაუდით, რომელიც ტვიტერზე გამოაქვეყნა, ბიტკოინის ფასი $ 100 000, ოქროსი 2000-ს მიაღწევს, ნათობისა კი 50 დოლარამდე დაიკლებს.

მაკგლოუნის თქმით, სასაქონლო ბაზრის ზრდის და გრძელვადიან სახელმწიფო ბონდებზე მომგებიანობის კლების კვალად, ბიტკოინზე (ციფრულ ვალუტებზე) და ძვირფას მეტალებზე (ოქრო, პალადიუმი, პლატინა, ვერცხლი და სხვა), მოთხოვნა და შესაბამისად ფასები, გაიზრდება.

უფრო გაბედული პროგნოზი აქვს საინვესტიციო ფონდ „არკ ინვესტის“ დამაარსებელსა და მთავარ აღმასრულებელ კეიტი ვუდს, ვინც ფიქრობს, რომ ბიტკოინის ფასმა შეიძლება 500 ათას დოლარსაც კი მიაღწიოს. ოღონდ, ამის მთავარი წინაპირობა იქნება ციფრული ვალუტების ბაზარზე, მსხვილი ფინანსური დაწესებულებების ინტენსიურად ჩართვა. და ეს პროცესი ჰეჯ ფონდებს უკვე დაწყებული აქვთ.

ვუდი ამბობს, რომ თუ ფინანსური გაერთიანებები, თავიანთი სახსრების დაახლოებით 5 პროცენტს, ციფრული ვალუტების ბაზარზე აქტივობისთვის გამოყოფენ, ბიტკოინის ფასი აუცილებლად ავა 500 ათას დოლარამდე და თან გაიყოლებს სხვა ციფრულ ვალუტებსაც. მისი აზრით, ასეთი სცენარის განვითარება, დროის ამბავია.

„კრაკენის“ შეფისთვის ბიტკოინის (BTC) დაბალი ფასი ყიდვის შესაძლებლობაა

ციფრული ვალუტების სავაჭრო პლატფორმა „კრაკენის“ შეფი ჯეს პაუელი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ციფრული ვალუტების ბაზარს მორიგი კრიპტოზამთარი ელის. მისი ვარაუდით, ბიტკოინის ფასი შესაძლოა $ 40 000 დაბლა დაეშვას. და ეს მისი ყიდვისთვის კარგი შესაძლებლობა გახდება.

ის ამბობს, რომ ბიტკოინის ფასწარმოქმნას ციკლური ხასიათი აქვს და ამ ციკლების დასაწყისი, ეგრეთ წოდებულ ჰალვინგს (განახევრებას) ემთხვევა ხოლმე. ცნობისათვის, ბოლო ჰალვინგი 2020 წლის მაისში განხორციელდა, შემდგომი კი 2024 მარტშია მოსალოდნელი.

„ვფიქრობ, ფასის 40 ათას დოლარზე დაბლა ჩამოსვლა, ყიდვის ახალი შესაძლებლობა გახდება. პირადად მე, როცა რამდენიმე თვის წინათ, ფასი 30 ათას დოლარამდე დაეცა, ყიდვა დავიწყე. ბევრი ინვესტორი ელის მომენტს, როცა ყიდვისთვის ხელსაყრელი ფასები დაფიქსირდება“, – ამბობს პაუელი, ვინც აგვისტოში პროგნოზირებდა, რომ ბიტკოინის ფასი, წლის ბოლომდე 100 ათას დოლარამდე გაიზრდებოდა.

პაუელის აზრით, ბიტკოინი აუცილებლად გაძვირდება, რადგან ასეთი ვარაუდის საშუალებას ხანგრძლივი დროითი გრაფიკები იძლევა. ამიტომ, მისი რჩევაა, როდესაც ინვესტორი ბიტკოინს ყიდულობს, ეს გრძელვადიან ინვესტიციად განიხილოს, რომელიც ხუთ ან მეტ წელზე იქნება გათვლილი.

ეთერიუმი (Ethereum) ბიტკოინთან(BTC) წყვილში იზრდება

როგორც სტატისტიკა აჩვენებს, რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ტრეიდერი აკეთებს აქცენტს ეთერიუმზე და შესაბამისად, მეორე უდიდესმა კრიპტო ვალუტამ, ბაზრის ლიდერი წელს აშკარად დაჯაბნა. კერძოდ, ETH/USD წყვილის მაჩვენებელი წელს 230 პროცენტით არის გაზრდილი და 0.089-ს მიაღწია.

ამ ეტაპზე, ეთერის საბაზრო კაპიტალიზაცია 490 მილიარდი დოლარია, რაც ბიტკოინის კაპიტალიზაციის მხოლოდ 54 პროცენტს შეადგენს. შედარებისთვის, ეს ფარდობა ერთი წლით ადრე, მხოლოდ 15 პროცენტი იყო. ეთერის ზრდა აშკარაა, თუმცა ეთერიუმის მაქსიმალისტებისთვის ეს საკმარისი მაინც არ არის.

ჩინეთიდან ამერიკისკენ

მას შემდეგ, რაც ჩინეთმა თავის საზღვრებში, ციფრული ვალუტები აკრძალა, ბიზნესის ამ სფეროში მომუშავე კომპანიების უმეტესობამ, განსაკუთრებით კი მაინერებმა, შეერთებულ შტატებს მიაშურა. განსაკუთრებული პოპულარობით ის ადგილები სარგებლობს, სადაც მომხმარებლებს იაფ ელექტრო ენერგიას და ხელსაყრელ პირობებს სთავაზობენ.

ერთ-ერთი ასეთი ადგილი ყოფილა ტექსასის პატარა ქალაქი როკდეილი, სადაც ალუმინის გიგანტ „ალკოას“ სადნობი ქარხანა ჰქონდა, რომელიც გაყიდა. და ახლა იმ ადგილის ყიდვას ორი კრიპტო კომპანია – „ბიტდეარი“ და „რიოტ ბლოკჩეინი“ ცდილობს. მიზეზი მარტივია – იაფი ელექტრო ენერგია.

ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე გადააქვთ თავიანთი ბიზნესი სხვა მაინერ კომპანიებსაც, მათ შორის, დოგკოინის მაინერ „ჰელოუ პალ ინტერნეიშენალს“, ასევე BTC-ს მომპოვებლებს, „BIT დიჯიტალს“, „ბიტფარმზს“ და „გრინიჯ ჯენერეიშნ ჰოლდინგზს“.

„შიშის და სიხარბის ინდექსი“ მიგვანიშნებს…

ციფრული ვალუტების შესაფასებლად, ანალიტიკოსები ეგრეთ წოდებულ „შიშის და სიხარბის ინდექსს“ იყენებენ, რომელიც ამჟამად გვიჩვენებს, რომ ბაზარზე მომუშავე ტრეიდერებს შორის, შიშის ფაქტორი მძლავრობს. მიმომხილველები განმარტავენ, რომ შიში ძლიერი კორექციების დროს გამოდის წინა პლანზე. და ეს გასაგებია. ამჯერად კი კორექციასთან ერთად, ამ ფაქტორს კორონავირუსის ვარიანტ ომიკრონის გავრცელებაც აძლიერებს.

იმავდროულად, სეზონური ანალიტიკოსები ბაზარს ამშვიდებენ იმით, რომ ახლოვდება ზრდის პერიოდი. ერთ-ერთი იმ ვალუტებს შორის, რომლებსაც ბიტკოინთან ერთად, მკვეთრ ზრდას უწინასწარმეტყველებენ, არის კარდანო (ADA).

ამ ვალუტას ახლახანს განახლება (კოდური სახელწოდებით ალონსო) ჩაუტარდა, რაც მის ბევრ პარამეტრს გააუმჯობესებს. ამასთან, პლატფორმა ბევრ ახალ პროექტს ამუშავებს, რომელმაც კარდანოს ინტენსიურ გავრცელებას უნდა შეუწყოს ხელი.

რიპლი (Ripple) ისევ სასამართლოში იბრძვის

სანამ კარდანო ვითარდება, მისი კონკურენტი რიპლი დროს SEC-თან სასამართლო გარჩევებში კარგავს. ეს კი მის კრიპტო ვალუტა XRP-ზე უარყოფითად აისახება. თუმცა, „რიპლში“ იმედოვნებენ, რომ მალე ეს პროცესი დასრულდება და მათ სრულფასოვანი მუშაობის საშუალება მიეცემათ.

„ტესლა“ დოგკოინს(DOGE) ირჩევს

გასულ კვირაში, ილონ მასკის მორიგ ტვიტს, დოგკოინის მკვეთრი ზრდა მოჰყვა. ელექტრომობილების მწარმოებელი „ტესლას“ დამაარსებელმა განაცხადა, რომ მალე მისი კომპანიის ზოგიერთი პროდუქტის ყიდვა, დოგკოინებით იქნება შესაძლებელი. მასკის მორიგი კრიპტო წამოწყება ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს და თუ გაამართლა, დოგკოინი გადახდის საშუალებად დარჩება.

მასკი თვლის, რომ დოგკოინით ტრანზაქციების შესრულება უფრო სწრაფი და იაფია, ვიდრე ბიტკოინით. სწორედ ამიტომ არჩევს ის მემე-ალტკოინს. გავრცელებული ინფორმაციით, მასკმა დოგკოინის გარკვეული რაოდენობა, თავისი უმცროსი შვილისთვის  შეისყიდა.

გერმანული შემნახველი ბანკები ციფრული ვალუტების საფულეებს ქმნიან

გერმანიის შემნახველი ბანკები, რომლებიც მომჭირნეობით ცნობილ გერმანელებს, 1 ტრილიონ ევროზე მეტს უნახავენ, ციფრულ საფულეებს ქმნიან, რაც მათს კლიენტებს, ციფრული ვალუტებით ვაჭრობის საშუალება მისცემს.

ეს წამოწყება რადიკალური შემობრუნება იქნება ბანკებისთვის, რომელთა მომხმარებლებიც, კვლავ ნაღდი ფულის გამოყენებას ამჯობინებენ და სიფრთხილით ეკიდებიან რისკიან ინვესტიციებს და მსხვილ სესხებს.

ასეთი ბანკების მომხმარებელთა ბაზა, 50 მილიონზე მეტ ადამიანს მოიცავს. და ეს ბანკები, გერმანიის უდიდეს ფინანსურ ჯგუფს წარმოადგენენ.

გერმანიის შემნახველი ბანკების ასოციაციის წარმომადგენელი აღიარებს, რომ მომხმარებელთა შორის, ციფრული აქტივები უზარმაზარ ინტერესს წარმოადგენს. ამის გამო, ასოციაცია საპილოტო პროექტის წამოწყებას გეგმავს, რომელიც ციფრული ვალუტების ბაზარზე გადადგმული პირველი, ფრთხილი ნაბიჯი უნდა გახდეს. ოღონდ, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, რადგან ბანკების ჯგუფში უმეტესობა ამ სფეროსადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას ავლენს.

შემნახველი ბანკებისთვის, ციფრული ვალუტების ბიზნესში შესვლა იმითაც შეიძლება იყოს საინტერესო, რომ ამჟამად აქტუალური პრობლემაა მაღალი ინფლაცია, რაც მოგების დიდ ნაწილს ჭამს.

გერმანული შემნახველი ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ჰელმუტ შლევაისი ამბობს, რომ ევროზე დაბალი განაკვეთი და სწრაფად მზარდი ფასები, „ტოქსიკურ ნარევს“ ქმნის, რაც სიმდიდრის ეროზიას იწვევს. და ეს იმ დროს ხდება, როცა ბიტკოინის ფასი იზრდება…

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved