ბიტკოინი და ეთერიუმი ამერიკულ საფონდო ბაზართან თანხვედრას შორდებიან

Home » ბიტკოინი » ბიტკოინი და ეთერიუმი ამერიკულ საფონდო ბაზართან თანხვედრას შორდებიან
26/04/2023
ბიტკოინი და ეთერიუმი ამერიკულ საფონდო ბაზართან თანხვედრას შორდებიან

ბლოკჩეინის ანალიტიკაზე მომუშავე კომპანია „სანტიმენტი“ (Santiment) აცხადებს, რომ ამერიკული საფონდო ბაზრის კლების ფონზე, კრიპტო ბაზარს გამოცოცხლება დაეტყო. ზრდა განაახლა ბიტკოინმა (BTC) და ეთერიუმმა (ETH), ასევე სხვა კრიპტო ვალუტების უმეტესობამ.

კრიპტო ბაზარს ისტორიულად, S&P 500-თან ძლიერი კორელაცია აკავშირებს და ამ ინდექსის მოძრაობის მიმართულებას მიჰყვება. მაგრამ „სანტიმენტი“ ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს კავშირი რღვევას იწყებს და ჩვენ ამ პროცესის დასაწყისის მომსწრენი ვართ.

გასული 24 საათის განმავლობაში, კრიპტო ბაზრის მოცულობა 2.75 პროცენტით გაიზარდა და 1.18 ტრილიონ დოლარს მიაღწია. დაახლოებით იმავე პროცენტული მაჩვენებლებით გაიზარდა ბიტკოინის (BTC) და ეთერიუმის (ETH) ფასები. ორივეს ფასი მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ზღვრებს – შესაბამისად, 30 ათას და 2 ათას დოლარს ისევ უახლოვდება. მათი გადალახვის შემთხვევაში, ორივეს ზრდის გაგრძელების კარგი პერსპექტივა ექნება.

ტექნიკური ანალიზის რამდენიმე ინდიკატორი მიუთითებს, რომ ბიტკოინი (BTC) უახლოეს დღეებში შეძლებს 20-დღიანი მოძრავი საშუალოს გადალახვას. ამისათვის კი აუცილებელია, რომ 9-დღიან მოძრავ საშუალოზე მაღლა დარჩეს. ფასის ამჟამინდელი ზრდა სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ასე მოხდება.

მსგავსი სიტუაციაა ლაიტკოინთან (Litecoin) დაკავშირებითაც. სანამ კლებას დაიწყებდა, ამ კოინის ფასმა 100 დოლარს (მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ზღვარს) მიაღწია. ტექნიკური თვალსაზრისით, ასეთი ზღვრის გადალახვას კლება უნდა მოჰყოლოდა – ლაიტკოინმა (Litecoin) სწორედ კორექცია შეასრულა და 86 დოლარამდე ჩამოსვლის შემდეგ, ისევ ზრდის ფაზაში გადავიდა. ახლა მთავარი ზღვარი ისევ 100 დოლარია და მისი კიდევ ერთხელ გადალახვა, ლაიტკოინს (Litecoin) ზრდის გასაგრძელებლად, კარგ სტიმულს მისცემს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved