აშშ-ში მილიონერთა რიცხვის ზრდას კრიპტო ბაზარიც განაპირობებს

Home » ბლოგი » აშშ-ში მილიონერთა რიცხვის ზრდას კრიპტო ბაზარიც განაპირობებს
21/03/2022
აშშ-ში მილიონერთა რიცხვის ზრდას კრიპტო ბაზარიც განაპირობებს

ბაზრის კვლევებზე სპეციალიზებულ კომპანია „სპექტრუმ გრუპის“ ინფორმაციით, იმ ამერიკელი მოქალაქეების რიცხვი, რომელთა საინვესტიციო აქტივები 1 მილიონი დოლარი, ან მეტია, შარშან 10 პროცენტზე მეტით გაიზარდა და 14.6 მილიონს მიაღწია.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, მილიონერთა რიცხვის ზრდის ტემპი, მრავალწლიან პერიოდში ყველაზე მაღალია. ეს კი მეტწილად განპირობებულია საფონდო, კრიპტო ვალუტების და სხვა ბაზრების ზრდით.

„სპექტრუმ გრუპი“ ასევე გვატყობინებს, რომ იმ ამერიკელების რიცხვი, რომელთა აქტივები 25 მილიონი დოლარი და მეტია, 18 პროცენტით, რეკორდულ 252 ათასამდე გაიზარდა. შედარებისთვის, ამ სეგმენტში მილიონერების რაოდენობა 2020 წელს 214 ათასი იყო. საინტერესოა, რომ იმ მილიონერთა რიცხვი, რომელთა საინვესტიციო პაკეტი 100 ათასიდან 1 მილიონ დოლარამდეა, მხოლოდ 2 პროცენტით არის გაზრდილი.

მილიონერთა რიცხვის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, კრიპტო ბაზარზე აქტივობის მატება, ციფრული ვალუტების ფასის გაძვირება და სხვა ციფრული აქტივების, მათ შორის, არაგაცვლადი მონეტების (NFT) პოპულარობის ზრდაა.

ციფრული ვალუტების ბაზრის ანალიზის სპეციალისტის, კომპანია „კოინგეკოს“ ინფორმაციით, შარშან კრიპტო ვალუტების მსოფლიო ბაზრის მოცულობა 1.5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა და 2.3 ტრილიონს მიაღწია.

მილიონერთა რიცხვის ზრდის მთავარი ფაქტორი კი საფონდო ბაზრის სწრაფი მატებაა. მაგალითად, ისეთი ინდექსები, როგორებიცაა S&P 500 და ნასდაქი, შესაბამისად, 27 და 21 პროცენტით არის გაზრდილი.

ქვეყნის ფედერალური სარეზერვო სისტემის ინფორმაციით, შარშანვე ყველაზე მდიდარი ამერიკელების მიერ, საფონდო ბაზარზე მიღებულმა მოგებამ 3 ტრილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. საერთო ჯამში, ეროვნულ სიმდიდრეში მათმა წილმა 32 პროცენტს მიაღწია.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საინვესტიციო კაპიტალის ზრდის პროცესი წელსაც გაგრძელდება, რასაც დიდწილად უზრუნველყოფს ინფლაციის მაღალი ტემპი. მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება ფედრეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდა და ამით გამოწვეული ეკონომიკის კლება.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved