ახლახანს კომპანია „ფაიდელიტიმ“, რომელიც თავის კლიენტებს, საპენსიო დანაზოგებთან დაკავშირებით, საინვესტიციო გეგმებს სთავაზობს, საინვესტიციო პაკეტში ბიტკოინიც (BTC) შეიტანა. ამას კი მალევე მოჰყვა გამოხმაურება მისი ერთ-ერთი კლიენტისგან – კორპორატიულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მომუშავე კომპანია „მაიკროსტრატეჯისგან“, რომლის თანამშრომელთა საპენსიო ფონდის საინვესტიციო პროგრამაშიც (სახელწოდებით 401 (k)), მალე ბიტკოინიც შევა.
„მაიკროსტრატეჯი“ და „ფაიდელიტი“ უკვე მუშაობენ პროგრამა 401 (k)-ს პაკეტში ბიტკოინის დამატებაზე. „მაიკროსტრატეჯის“ მთავარი აღმასრულებელი მაიკლ სეილორი ისედაც ბიტკოინის (BTC) დამკვიდრების მომხრეა და თვლის, რომ პირველი ციფრული ვალუტა, საპენსიო ინვესტიციებისთვის საუკეთესო საშუალებაა.
„ბიტკოინი (BTC) საკუთრების ციფრული საშუალებაა, რაც მას საპენსიო პროგრამებისთვის საუკეთესო აქტივად აქცევს. ის ნაკლებად რისკიანია, ვიდრე ბონდები, აქციები, კომერციული უძრავი ქონება და ოქრო. გეგმა 401 (k) არის ამ სფეროს ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, რომელსაც ათასობით ადამიანი, საკუთარი საპენსიო დანაზოგებისთვის იყენებს. ამით ისინი საკუთარი ოჯახების ინტერესებს იცავენ“, – ამბობს სეილორი.
ცნობისათვის, „მაიკროსტრატეჯი“ ბიტკოინის უმსხვილესი კორპორატიული მფლობელია. სეილორი ამბობს, რომ მისი კომპანიის თანამშრომელთა შორის, ბიტკოინი (BTC) დიდი პოპულარობით სარგებლობს და ისინი უკვე დიდი ხანია, თავიანთი საპენსიო საინვესტიციო პაკეტების ამ ციფრული ვალუტით შევსებას მოითხოვენ.
„მაიკროსტრატეჯის“ და მის შვილობილ კომპანიებს, ბიტკოინების (BTC) ყიდვაზე უკვე 4 მილიარდი დოლარი აქვთ ინვესტირებული. კომპანიის მფლობელობაში აპრილში 129 218 ბიტკოინი (BTC) ირიცხებოდა. „მაიკროსტრატეჯის“ მათში საშუალოდ 30 700 დოლარი აქვს გადახდილი. იმ დროს, როდესაც ბიტკოინის ფასმა 37 970 დოლარამდე დაიწია, „მაიკროსტრატეჯის“ ხელთ არსებული ბიტკოინების ფასმა 4.9 მილიარდ დოლარს მიღწია.