„ბლექროკის“ შეფი კრიპტოს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს

Home » ბლოგი » „ბლექროკის“ შეფი კრიპტოს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს
17/07/2023
„ბლექროკის“ შეფი კრიპტოს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს

აქტივების მმართველ უმსხვილეს კომპანია „ბლექროკის“ მთავარი აღმასრულებელი ლარი ფინკი ფიქრობს, რომ კრიპტო ვალუტები ნებისმიერ ეროვნულ ფიატურ ვალუტას დაჯაბნიან, რაშიც გადამწყვეტ როლს ის ფაქტორი შეასრულებს, რომ კრიპტოებით საერთაშორისო გადარიცხვებისას, რაიმე ბარიერი არ არსებობს.

მისივე სიტყვებით, კრიპტო ვალუტები, სხვა აქტივებთან შედარებით, აქტივების უნიკალური კლასია, რომლებითაც ფინანსური ოპერაციები გაცილებით მარტივი და იაფია. და „ბლექროკი“ ამ ახალ სივრცეში, მნიშვნელოვანი როლის შესრულებას აპირებს.

„ჩვენ ვთვლით, რომ ინვესტიციების დემოკრატიზაციის საქმეში, პასუხისმგებლობა გვაკისრია. ამ მიმართულებით, უკვე დიდი სამუშაო შევასრულეთ. ვფიქრობ, ETF მთელ მსოფლიოში, ინვესტიციების ტრანსფორმაციას გამოიწვევს“, – ამბობს ფინკი.

„ბლექროკმა“ ახლახანს შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების კომისიაში (SEC), სპოტური ბიტკოინ-ETF-ს (საბირჟო ვაჭრობის ფონდი) ლიცენზიაზე განაცხადი შეიტანა. ბაზარი ამ განაცხადის დაკმაყოფილებას მოუთმენლად ელის. მიმომხილველები ამბობენ, რომ ამით კრიპტო ბაზრის ახალი ცხოვრება დაიწყება და ის ბევრ ახალ ძლიერ ინვესტორს მიიზიდავს, რომელთა წყალობითაც, კრიპტო ბაზარი მილიარდობით დოლარს მიიღებს.

ETF-ზე ინვესტორები ვაჭრობისას გარკვეულ ინდექსს იყენებენ, რის მიხედვითაც, ფონდის აქციებს ყიდულობენ, ფონდების მმართველები კი მიღებული ფინანსებით აქციებს, კრიპტო ვალუტებს და იმ ყველაფერს შეიძენენ, რომლებითაც ფონდი საქმიანობს.

ფინკი ფიქრობს, რომ მომავალში კრიპტო ბაზრის დიდი ნაწილი ETF-ებით იქნება წარმოდგენილი. ის ამ პროცესს, ოქროს ETF-ს ადრის, რამაც თავის დროზე, ოქროში ინვესტირების დემოკრატიზაციას შეუწყო ხელი და ის ტრანზაქციებისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

რაც მთავარია, „ბლექროკის“ შეფი კრიპტო ვალუტას საერთაშორისო აქტივად მიიჩნევს, რომელსაც აქვს იმის პოტენციალი, რომ ნებისმიერი ფიატური ვალუტა, მათ შორის, ამერიკული დოლარიც დაჩრდილოს. ამის მანიშნებელი კი ის გარემოებაა, რომ ბოლო ხუთ წელიწადში, სულ უფრო მეტი გლობალური ინვესტორი ინტერესდება კრიპტო ვალუტებით და აქტივებით მოვაჭრე გიგანტს, კრიპტოებთან დაკავშირებით, კითხვებს უსვამს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved